"მომკივანი მუმიის" საიდუმლო ამოხსნილია — რა დაადგინეს მეცნიერებმა
1935 წელს არქეოლოგებმა ეგვიპტის ქალაქ ლუქსორთან ახლოს, დეილ-ელ-ბაჰრიში, ქალის მუმია აღმოაჩინეს, რომელსაც პირი ფართოდ აქვს გაღებული, თითქოს სიკვდილისას კიოდა. მას ძველეგვიპტელ არქიტექტორ სენენმუტის სამარხიდან არც ისე მოშორებით მიაგნეს, ამიტომ ვარაუდობენ, რომ ისინი ახლო ნათესავები ან ოჯახის წევრები უნდა ყოფილიყვნენ.
მუმიას შავი პარიკი და ხოჭოს ფორმის მქონე ორი საყურე "ამშვენებდა", ხოლო მისი ბუნებრივი თმა ხნითა და ღვიით იყო შეღებილი. ელექტრონული მიკროსკოპით პარიკის შესწავლამ აჩვენა, რომ ის ფინიკის პალმისგანაა დამზადებული, რენტგენულმა კვლევამ კი მის შემცველობაში კვარცის, მაგნეტიტისა და ალბიტის კრისტალები გამოავლინა, რომელთაც სიმტკიცისა და მუქი შეფერილობის მინიჭების ფუნქცია უნდა ჰქონოდა.
მაგრამ რატომ აქვს ამ მუმიას უჩვეულოდ დაფჩენილი პირი?
მეცნიერთა ახალი კვლევის თანახმად, ის სიკვდილისას ისეთ ტკივილსა და აგონიაში იყო, რომ მისი კუნთები უბრალოდ ერთ ადგილზე გაიყინა და ამ ადამიანის საბოლოო კივილი 3 500 წლის განმავლობაში შემოინახა. გაირკვა ისიც, რომ მისი ორგანოები სხეულში დატოვეს და ნეშტი იმპორტირებული, ძვირადღირებული, ნივთიერებებით დაამუშავეს.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ორგანოების დატოვება, როგორც წესი, მუმიფიკაციის დაბალ დონესთან ასოცირდება, რასაც ამ ნეშტზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. ეს მეცნიერებისთვისაც მოულოდნელი იყო, რადგან ეგვიპტის ახალ სამეფოში ამ პროცედურისას ტრადიციული მეთოდი გულის გარდა ყველა ორგანოს ამოღება იყო.
ახალი კვლევის ავტორებმა "მომკივანი მუმია" ინფრაწითელი სპექტროსკოპით შეისწავლეს და მუმიფიცირებისას გამოყენებული ღვიის ფისი და საკმეველი აღმოაჩინეს. ისინი მაშინ საკმაოდ ძვირად ფასობდა და ეგვიპტეში, სავარაუდოდ, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთიდან, აღმოსავლეთ აფრიკიდან და სამხრეთ არაბეთიდან ჩამოჰქონდათ. სწორედ მათი მეშვეობით შეეშალა ხელი ნეშტის გახრწნას.
უნდა ითქვას, რომ დაფჩენილი პირის მქონე სხვა მუმიებიცაა აღმოჩენილი, რაც ხრწნის პროცესში ან ძილში კუნთების მოდუნებისას ხდება. ამის თავიდან ასაცილებლად მუმიას თავზე სახვევებს აკრავდნენ ხოლმე, თუმცა ზემოხსენებული ქალის შემთხვევა სხვებს არ ჰგავს — მისი გამომეტყველება მტკივნეულ სიკვდილზე მიანიშნებს. კერძოდ, ამას ე.წ. კადავერულ სპაზმს უკავშირებენ, რაც სიკვდილის მომენტში კუნთების გაშეშებას გულისხმობს. შესაბამისად, სიცოცხლის ბოლო წამებში ქალი აგონიაში იყო.
კომპიუტერული ტომოგრაფიით მისი სიკვდილის მიზეზი ვერ დაადგინეს. სამაგიეროდ, ორ და სამგანზომილებიანმა გამოსახულებებმა აჩვენა, რომ ქალის სიმაღლე 1.5 მეტრი იყო, მენჯის ძვლებზე დაკვირვებით კი მის ასაკად დაახლოებით 48 წელი გამოთვალეს. ხერხემლის მახასიათებლების მიხედვით, ამ ინდივიდს საშუალო სიმძიმის ართრიტი აწუხებდა. ასევე, აკლდა რამდენიმე კბილი, რომლებიც, დიდი ალბათობით, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დასცვივდა, რადგან ბუდეები შეუხორცებელია.
ავტორები იმედოვნებენ, რომ თანამედროვე სამეცნიერო ტექნოლოგიების მეშვეობით მომავალში მეტ ინფორმაციას მოიპოვებენ. მათი ნაშრომი გამოცემაში Frontiers in Medicine გამოქვეყნდა.
კომენტარები