ხელოვნება "პროპორციების" წინააღმდეგ — ფერნანდო ბოტეროს შემოქმედება
ფერნანდო ბოტერო დაიბადა 1932 წლის 19 აპრილს, მედელინში, მხატვარი ცნობილი გახდა თავისი სკულპტურებითა და გამორჩეულად მოცულობითი, მონუმენტური ფიგურების გამომსახველი ფერწერული ნამუშევრებით. ამ გამორჩეულ სტილს ხშირად "ბოტერიზმს"უწოდებენ.
კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ, ბოტეროს "ჩვენი ტრადიციებისა და ნაკლების, ჩვენი სათნოების მხატვარი" უწოდა.
ბოტეროს შემოქმედებითი მოგზაურობის გზა მშობლიური კოლუმბიიდან დაიწყო, როდესაც 1950-იან წლებში მან პირველად მოაწყო თავისი ნამუშევრების გამოფენა. შემოქმედების ადრეულ ეტაპზე ბოტეროს ტრადიციული ლათინოამერიკული ხელოვნება და ევროპული მოდერნიზმი შთააგონებდა, თუმცა შემდგომში მან თავის უნიკალურ სტილს მიაგნო, ბოტეროს სტილს. მხატვრის სურვილი იყო გამოეკვლია ფორმისა და სივრცის სხვადასხვა განზომილება, რაც შეძლო კიდეც.
თავის ნამუშევრებში ბოტერო ხაზს უსვამს მოცულობასა და მასას, მისი ნამუშევრები გაზვიადებული პროპორციებითაა გამოსახული. ეს არჩევანი მხატვარს საშუალებას აძლევდა საზოგადოების, პოლიტიკისა თუ კულტურის სხვადასხვა ასპექტი ხშირად გაეკრიტიკებინა კიდეც.
როგორც აღვნიშნეთ, ბოტეროს ხელოვნება ხშირად ეხმიანება ძალაუფლების, პოლიტიკისა და ადამიანის შინაგანი ბუნების თემებს, რის საფუძველზეც ხშირად ირონიასა და სატირასაც მიმართავდა. მისი ნამუშევრები ვიზუალუარადაც თვალშისაცემია და კონცეპტუალურადაც მდიდარი, ისინი არა მხოლოდ ესთეტიკური ქმნილებებია, არამედ იმ სამყაროს კონტურები, სადაც მხატვარი ცხოვრობდა.
ყველაფერთან ერთად, განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბოტერო მთელი ცხოვრების განმავლობაში ქველმოქმედებითაც იყო დაკავებული, მან თავისი სახელი თუ რესურსი, კოლუმბიაში თუ მის ფარგლებს გარეთ, სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურული ინსტიტუტის მხარდასაჭერად გამოიყენა.
კოლუმბიელი მხატვარი და სკულპოტორი იმ იშვიათ ხელოვანთა კატეგორიას განეკუთვნება, რომლის ნამუშევრებიც პარიზის ელისეის მინდვრებს, ნიუ-იორკის გრანდ-ავენიუს, რამბა დელ რავალის მოედანს, ლისაბონის სავაჭრო ცენტრს, დინიორიის მოედანს და სხვა მრავალი ქალაქის ქუჩებსა და მოედნებს ამშვენებს. ფერნანდო ბოტერო დიდი ხნის განმავლობაში კოლექციონერობითაც იყო გატაცებული და არაერთ დიდებულ ქმნილებას მოუყარა თავი, შემდეგ კი ეს ნამუშევრები საკუთარ სამშობლოს უსახსოვრა.
აღსანიშნავია, რომ ფერნანდო ბოტერო პიერო დელა ფრანჩესკას შემოქმედების განსაკუთრებული თაყვანისმცემელი იყო, მხატვრის თქმით, ერთადერთი ტილო, რომლის მფლობელობასაც ისურვებდა სწორედ ფრანჩესკას "ქრისტეს ნათლისღებაა".
"ბევრი ადამიანი მიცნობს, როგორც 'მსუქანი ქალბატონების' მხატვარს და ეს არ მაღელვებს", — აღნიშნა კოლუმბიელმა მხატვარმა ფერნანდო ბოტერომ ერთ-ერთ ინტერვიუში.
მხატვრის თქმით, მისთვის შეუძლებელიც კი იყო ფაქიზი არსებების გამოსახვა და ხშირად სურვილის მიუხედავად, ფიგურების ტილოზე ან ბრინჯაოზე გადატანის ნებისმიერი მცდელობა მათი ზომების 10-ჯერ გადიდებით სრულდებოდა.
"მაშინ მე დიდი სიფრთხილით დავიწყე ცხენის ხატვა, ვეცადე ძალიან ფრთხილად ვყოფილიყავი და მერე უცებ ის მაინც ბოტერესკულად იქცა", — 2008 წლის ინტერვიუში ამგვარად იხსენებდა ბოტერო შემთხვევას, როცა მცირეწლოვანმა შვილმა სთხოვა, მის მაგივრად დაეხატა ჩვეულებრივი ცხენი სასკოლო დავალებისთვის.
ფაქტობრივად, მხატვრის სიყვარული დიდი პროპორციების მიმართ, ექვსი ათეული წლის განმავლობაში არ შეცვლილა, ბოტეროს სტილი 50-იან წლებში მნიშვნელოვანი გარდატეხა იყო მხატვრობაში. მისი მოცულობითი ფიგურები დღესაც მილიონებად იყიდება.
ფერნანდო ბოტეროს ხელოვნება კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ინდივიდუალობის ძალას, თავისი მოცულობითი ფიგურებითა და ცოცხალი ფერებით ის გვაიძულებს სამყარო სხვა პერსპექტივიდან დავინახოთ.
ფერნანდო ბოტერო 2023 წელს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ქვემოთ გთავაზობთ კოლუმბიელი მხატვრის ნამუშევრებს:
კომენტარები