საიდან მოხვდა დედამიწაზე ასტეროიდი, რომელმაც დინოზავრები გაანადგურა? — კვლევა
66 მილიონი წლის წინ დედამიწაზე, იუკატანის ნახევარკუნძულის მიმდებარედ, დაახლოებით 10-კილომეტრიანი ასტეროიდი ჩამოვარდა. ამ კატასტროფულმა მოვლენამ იქ თითქმის 145 კილომეტრი სიგანის კრატერი წარმოქმნა და დინოზავრების განადგურება გამოიწვია.
ახალი კვლევის მიხედვით, ის მარსსა და იუპიტერს შორის არსებული ასტეროიდთა სარტყლიდან მომდინარეობდა. ეს მეცნიერებმა ევროპის ტერიტორიაზე დედამიწის ქერქში შემორჩენილი მისი კვალის ანალიზით დაადგინეს. კერძოდ, მათ იშვიათი ელემენტი რუთენიუმი აღმოაჩინეს, რომელიც სწორედ ასტეროიდთა სარტყელში შემავალი ასტრონომიული სხეულების შედგენილობაში გხვდება და ამ კატეგორიის ობიექტების ერთგვარ ქიმიურ ანაბეჭდად მიიჩნევა.
ვარაუდობენ, რომ საკმაოდ დიდი ზომის სხეული დედამიწის მიმართულებით მაშინ გამოემართა, როცა ასტეროიდთა სარტყელში სხვა ობიექტებს შეეჯახა. მეორე მხრივ, შესაძლებელია, ამგვარი ტრაექტორია მზის სისტემის გიგანტი პლანეტების გრავიტაციული გავლენით ყოფილიყო გამოწვეული.
სპეციალისტებმა ნიმუშები ახალი მეთოდით შეისწავლეს, რომელიც დალუქულ ტუბში არსებულ ქვის ნატეხებში რუთენიუმის კონკრეტული კონცენტრაციების გამოთვლის საშუალებას იძლევა. მათ აღნიშნული მონაცემები სხვა კრატერებისას და კარბონატული მეტეორიტებისას შეადარეს, მსგავსება კი ზუსტად მხოლოდ ამ უკანასკნელთან გამოავლინეს. ეს ნიშნავს, რომ ასტეროიდი გარე მზის სისტემიდან მომდინარეობს, ანუ იმ რეგიონიდან, სადაც ჩვენი მეზობელი 4 გიგანტი პლანეტა მოძრაობს.
რაც შეეხება რუთენიუმს, ის ვარსკვლავთა წინა თაობებში გაჩნდა და კოსმოსში მათი სიკვდილისას გაიფანტა. შემდეგ ამ ქიმიური ელემენტის სხვადასხვა ოდენობა ციურ სხეულებსა და ასტეროიდებში კონცენტრირდა. მაგალითად, დედამიწაზე ის სიღრმეში მოექცა იმაზე ბევრად ადრე, ვიდრე დინოზავრების გამანადგურებელი შეჯახება მოხდებოდა.
ამ კვლევის მიუხედავად, 66 მილიონი წლის წინანდელ ასტეროიდზე ინფორმაციის შეგროვება აქ არ სრულდება. მართალია, ახალი შედეგების თანახმად ეს ობიექტი ასტეროიდი იყო და არა კომეტა, თუმცა მზის სისტემის კომეტებზე ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით, ამიტომ ბოლომდე ვერაფერს გამოვრიცხავთ. NASA პროგრამა Artemis-ის ფარგლებში მთვარიდან ნიმუშების ჩამოტანას გეგმავს, რომლებშიც კომეტებისა და ასტეროიდების კვალის მიგნებას იმედოვნებენ, რითაც მათ მახასიათებლებს უკეთ გამოიკვლევენ.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Science გამოქვეყნდა.
კომენტარები