გუშინდელი სიცილი, დღევანდელი რეალობა: ჟურნალ ნიანგის კარიკატურების აქტუალობა
სატირა ასე განიმარტება: მკვეთრი, გამანადგურებელი დაცინვა, რომელიც გამოხატავს ავტორის ზიზღსა და აღშფოთებას ცხოვრების უარყოფითი მოვლენებისადმი.
სულაც არ არის გასაკვირი, რომ სატირასა და იუმორს, ისევე როგორც სხვა ყველა დანარჩენ ლიტერატურულ ჟანრს, საბჭოთა კავშირში თავისი განსაზღვრული როლი ჰქონდა, ისინი სოციალისტური საზოგადოების მშენებლობის სამსახურში უნდა მდგარიყვნენ. 1921 წლის აგვისტოში პირველი სატირული ჟურნალი გამოვიდა სახელწოდებით — ყუმბარა, რომელმაც საბჭოთა კავშირის სატირას საფუძველი ჩაუყარა, ამ ჟურნალის რედაქტორი კი სანდრო ეული იყო.
მოგვიანებით, 1923 წლის 3 ივნისს, საქართველოში გამოვიდა ჟურნალი ნიანგი, ერთი წლით ადრე კი, მოსკოვში გამოვიდა ჟურნალი კროკოდილი, რომლის სახელიც დოსტოევსკის ამავე სახელწოდების მოთხრობით იყო ინსპირირებული.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში (1924-1930წლებში) ნიანგი ჟურნალ მუშის დამატებად გამოდიოდა და ტარტაროზი ერქვა, ხოლო 1931 წლიდან მან თავისი პირვანდელი სახელწოდება დაიბრუნა.
სხვადასხვა დროს ჟურნალს რედაქტორობდნენ: სანდრო ეული, გრიგოლ აბაშიძე, ვახტანგ ჭელიძე, ნოდარ დუმბაძე, ზაურ ბოლქვაძე და სხვები.
მიუხედავად იმისა, რომ ნიანგი ერთი შეხედვით სახელმწიფო პროპაგანდის ინსტრუმენტს წარმოადგენდა, მან დაარსების დღიდან უამრავ ზეწოლას, ცენზურასა თუ რეპრესიებს გაუძლო და ხშირად არც მძაფრ კრიტიკას ერიდებოდა.
ჟურნალი უმეტესად შედგებოდა კარიკატურებისგან, იუმორისტული ანდაზებისგან, იგავ-არაკებისგან, ანეკდოტებისგან, ფელეტონებისგან. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ წლების განმავლობაში ჟურნალის თემატიკა პოლიტიკური კონიუქტურის მიხედვით იცვლებოდა და გარკველწილად მის შინაარსსა და ფორმასაც სწორედ პოლიტიკური ფონი განსაზღვრავდა.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ წინა საუკუნეში გამოსულ ჟურნალის ფურცლებზე დაბეჭდილი ტექსტები, კარიკატურები თუ ანდაზები იდეალურად ერგება ჩვენს დღევანდელობას, თითქოს წარსულის განცდა სულაც არ გიჩნდება და წარსულიც აწმყოდ არის ქცეული.
თითქმის იმავე პრობლემების წინაშე ვდგავართ, რა პრობლემის წინაც ვიდექით 30-40 წლის წინ, თუ მაშინ ბრძოლა თავისუფლებისთვის გვიწევდა, ახლა ისევ გვიწევს ბრძოლა, თუმცა უკვე თავისუფლების შესანარჩუნებლად.
ქვემოთ გიზიარებთ კარიკატურებს ჟურნალ ნიანგის სხვადასხვა ნომრიდან, რომლებიც კიდევ უფრო მძაფრად და ცხადად დაგვანახებს იმ პრობლემებს, იმ ტკივილებსა თუ იმ მწუხარებას, რომლებსაც ამდენი ათეული წელია ზურგით დავატარებთ.
კომენტარები