ნახეთ: NASA-ს მავალმა მარსზე ქვა გახეთქა, რომელშიც გასაოცარი კრისტალები აღმოჩნდა
NASA-ს მიერ მარსზე გაშვებულმა 899-კილოგრამიანმა მავალმა Curiosity-მ წითელ პლანეტაზე გადაადგილებისას შემთხვევით ქვას გადაუარა და გახეთქა. შედეგად, მასში არსებული ყვითელი კრისტალები გამოჩნდა, რომლებიც გოგირდისგანაა შედგენილი.
მართალია, ამ ციურ სხეულზე სულფატები დიდი რაოდენობითაა, თუმცა ესაა პირველი შემთხვევა, როცა გოგირდი სუფთა ელემენტური ფორმით დაფიქსირდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მას Gediz Vallis-ად წოდებულ არეალში მიაგნეს, სადაც ძალიან ბევრი ისეთი ქვაა, როგორიც აპარატის გადავლისას გასკდა. ეს მიუთითებს, რომ შესაძლოა, ამ რეგიონში ელემენტური გოგირდი სხვადასხვა ადგილას გვხვდებოდეს.
"სუფთა გოგირდისგან შედგენილი ქვების ველის პოვნა იგივეა, რომ უდაბნოში ოაზისი აღმოვაჩინოთ. ის იქ არ უნდა იყოს, ამიტომ ამის ახსნა მოგვიწევს. სწორედ ასეთი მოულოდნელი მიგნებები აქცევს პლანეტურ კვლევებს ამაღელვებელ საქმიანობად", — აცხადებს Curiosity-ის პროექტზე მომუშავე ეშვინ ვასავადა.
სულფატები არის მარილები, რომლებიც მაშინ წარმოიქმნება, როცა ნაერთის სახით არსებული გოგირდი წყალში სხვა მინერალებთან შედის ურთიერთქმედებაში. როდესაც სითხე ორთქლდება, ეს მინერალები ერთმანეთს ერწყმის და შრება, რის შედეგადაც სულფატები მიიღება. მათ გამოკვლევას მარსის წარსულის შესახებ ღირებული ინფორმაციის მოწოდება შეუძლია.
რაც შეეხება სუფთა გოგირდს, მის ჩამოსაყალიბებლად ძალიან კონკრეტული პირობებია საჭირო, ზემოხსენებულ რეგიონში კი ასეთი გარემოს არსებობის შესახებ აქამდე არაფერი ვიცოდით. უნდა ითქვას, რომ ეს ქიმიური ელემენტი ცოცხალი ორგანიზმებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან ქმნის 2 აუცილებელ ამინომჟავას, რომლებიც ცილების წარმოსაქმნელადაა საჭირო.
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მარსზე სიცოცხლე იყო, რადგან მისი კვალი ჯერ აღმოჩენილი არაა. ამის მიუხედავად, ვერ უარვყოფთ, რომ იქ მრავალი ისეთი ნივთიერებაა დაფიქსირებული, რომლებიც ჩვენთვის ცნობილი სიცოცხლის ფორმებისთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის წყალი.
ახლა მთავარია გავიგოთ, რამ შეუწყო ხელი მარსზე გოგირდის კრისტალების ფორმირებას, რისთვისაც წითელი პლანეტის გეოლოგიური ევოლუციის მოდელირება იქნება საჭირო. ამასთან, Curiosity იმავე არეალში მონაცემების შეგროვებას განაგრძობს. Gediz Vallis არის ადგილი, სადაც ადრე წყალი მიედინებოდა, ამიტომ იქ შემორჩენილო ქვები ამ პერიოდის შესახებ ინფორმაციას ინახავს.
კომენტარები