გაიცანით წავი — 5 საინტერესო ფაქტი ამ ცხოველის შესახებ
ევრაზიული წავი, ევროპული წავი ან ჩვეულებრივი წავი — როგორც გინდათ, ისე უწოდეთ, თითოეული ეს დასახელება ერთსა და იმავე ცხოველს აღნიშნავს. სამეცნიერო ენაზე ამ სახეობას Lutra lutra ეწოდება.
წავი ხორცისმჭამელი (უფრო ზუსტად, თევზის) წყალხმელეთა ცხოველია, რომელიც ევრაზიასა და ჩრდილოეთ აფრიკის ზოგიერთ ნაწილში ბინადრობს. ზოგან იგი გადაშენების საფრთხის პირასაა. წავი საქართველოს წითელ ნუსხაშიცაა შეტანილი, როგორც მოწყვლადი სახეობა.
ცხოვრების წესი
Animalia-ს მიხედვით, წავები წყალთან ახლოს ცხოვრობენ — მდინარეების, ტბების, ჭაობების, ოკეანეების, ფიორდებისა თუ მღვიმეების მიმდებარედ. ხმელეთზე მოსასვენებლად ისინი ხის ფესვებს, მიწაში გათხრილ გვირაბებს, ქვების გროვასა და ბუჩქნარს იყენებენ.
წავები უმეტესად თევზით იკვებებიან, თუმცა ნადირობენ ამფიბიებზე და წყალში მცხოვრებ სხვა არსებებზეც, ასევე ჩიტებზე, მწერებზე, ჭიებსა და კვერცხებზე. ისინი ცოტა მცენარეულობასაც მიირთმევენ.
ეს ცხოველები დაახლოებით 22 წელს ცოცხლობენ. მათი წონა საშუალოდ 7-იდან 12 კილოგრამამდე მერყეობს, სიგრძე კი 57-95 სანტიმეტრია.
წავებს გაფრთხილება სჭირდებათ
ცნობილია, რომ წავი ზოგან გადაშენების პირას მყოფი სახეობაა. ამ ცხოველებს საფრთხეს ადამიანის საქმიანობა უქმნის.
ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, წავებისთვის დამაზიანებელია:
- ტბებისა და მდინარეების დაბინძურება, მათ შორის პესტიციდებით;
- წყლების დაშრობა;
- მდინარეებიდან მცენარეების მოშორება;
- კაშხლების შენება;
- ნავთობის დაღვრა.
ცნობილია, რომ წავები მოთხოვნადი ბეწვის გამო ნადირობის მსხვერპლებიც ხდებიან. ეს ცხოველები ზოგჯერ სხვა სახეობებისთვის დაგებულ თევზსაჭერ ბადეებშიც ეხვევიან.
მიუხედავად ამ საფრთხეებისა, პესტიციდების აკრძალვისა და გარემოსდაცვითი ძალისხმევის წყალობით ევროპის ზოგიერთ ნაწილში წავების პოპულაცია ნელ-ნელა უკვე იზრდება.
5 საინტერესო ფაქტი ევრაზიული წავების შესახებ
- ყველა წავს თავის ტერიტორიაზე, დაახლოებით 2-6 კილომეტრ მანძილზე, კონკრეტული ადგილები აქვს ამოჩემებული, საიდანაც წყალში შედიან და გამოდიან, ირუჯებიან, გორაობენ და "წავების კიბეზე" სრიალებენ;
- წავებს ძალიან უყვართ თამაში და თოვლსა თუ ტალახში მუცლით სრიალი. ნებისმიერ ასაკში ეს ცხოველები ჩორთით გადაადგილდებიან, ნავარდობენ და ერთმანეთს დასდევენ წყალში. ამ ქცევებით, სავარაუდოდ, პატარა წავებს სანადირო ტექნიკების დახვეწაში ეხმარებიან;
- წავები ხმაურიანები არიან და 12-ამდე სხვადასხვა ხმას გამოსცემენ. მათ შორის, აქვთ მისალმების, გაფრთხილებისა და შეჯვარების ხმები. გასაჭირში ყოფნისას შეუძლიათ მოკლე, გამკივანი სტვენა, სლუკუნი, წკმუტუნი და ხმამაღლა კივილი;
- წავები წყალქვეშ ოთხ წუთამდეც კი ძლებენ. ეს იმიტომ, რომ დიდი ფილტვები აქვთ და გულისცემის შენელება შეუძლიათ;
- წავები თავიანთი ცხოვრების ნახევარს ძილში ატარებენ — ბევრ წავს ჯამში 10 წელი სძინავს. მათი პასიურობის ფაზები ხშირად ზოოპარკის მუშაობის საათებს ემთხვევა.
ბოლოს შეგიძლიათ, BBC-ს ვიდეო იხილოთ, რომელიც წავებს "მზვერავმა" წავმა გადაუღო:
კომენტარები