ახალი კვლევის თანახმად, შესაძლებელია, დედამიწაზე წყალი "ბნელი კომეტებიდან" მოხვედრილიყო, რომლებიც ყინულს შეიცავს. ისინი, სინამდვილეში, ასტეროიდებია, მაგრამ კომეტების მსგავსი მახასიათებლები აქვს. ასევე, ჩვენს პლანეტასთან ახლოს მდებარე ამგვარი ობიექტების 60%-ს უნდა შეადგენდეს და მარსსა და იუპიტერს შორის არსებულ ასტეროიდთა სარტყელს მიეკუთვნებოდეს.

"ბნელი კომეტების" შესახებ 2023 წელს შევიტყვეთ, როცა კორნელის უნივერსიტეტში მომუშავე დერილ სელიგმენმა 6 მათგანი ანომალიური მოძრაობით ამოიცნო. საქმე ისაა, რომ ასტეროიდთა ტრაექტორიას მზის გრავიტაცია განსაზღვრავს, თუმცა ამ ობიექტების აჩქარება ჩვენი ვარსკვლავის მიზიდულობით ვერ აიხსნა. სწორედ ასე ხდება კომეტების შემთხვევაშიც, რომელთა სისწრაფის მომატებასაც მათი გახურება და ყინულის სუბლიმაცია იწვევს (ის ზედაპირიდან იფრქვევა და ბიძგს იძლევა). ეს ერთგვარ კუდსა და კომას, ანუ გარემომცველ ღრუბელს, წარმოქმნის და ტრაექტორიას ცვლის.

ზემოხსენებულ 6 ობიექტს არც კუდი აქვს და არც კომა, მაგრამ მათი აჩქარება მიანიშნებს, რომ სიღრმეში არსებული ყინულის სუბლიმაციის შედეგად აირი უნდა გამოიყოფოდეს. მას ვერ ვხედავთ, სწორედ ამიტომ ეწოდება მსგავს სხეულებს "ბნელი კომეტები".

კომეტა ნეოვაიზის კუდი.

ფოტო: AMIAN PEACH / IAN SHARP

მათ ტრაექტორიების შესახებ მეტის გასაგებად მიჩიგანის უნივერსიტეტში მომუშავე ესთერ ტეილორის გუნდმა კომპიუტერულ სიმულაციებში დინამიკური მოდელირების ტექნიკები გამოიყენა. შედეგად გაირკვა, რომ ისინი დედამიწასთან ახლოს იმ შემთხვევაში აღმოჩნდებოდა, თუ ასტეროიდთა სარტყლის შიდა რეგიონიდან დაიძვრებოდა. შესაძლებელია, საქმე ე.წ. იუპიტერის ოჯახის კომეტებთან გვქონდეს, რომელთა ორბიტაც ამ პლანეტიდან დედამიწამდე ვრცელდება. არაა გამორიცხული ისიც, რომ ისინი სარტყლის გარე არეალიდან მომდინარეობდეს.

რაც შეეხება წყლის ყინულს, ის მზის სისტემის ჯუჯა პლანეტებსა და დიდ ობიექტებში გვხვდება, მაგრამ აქამდე უცნობი იყო, არის თუ არა ის ბევრად მომცრო ასტეროიდებში. ახალი კვლევის მიხედვით, ეს ასეა, რასაც ასტრონომთა წინა მიგნებებიც ამყარებს აქტიური ასტეროიდების შესახებ, რომლებსაც კომეტების მსგავსი აიროვანი გარსი და პატარა კუდიც კი აქვს.

"ბნელი კომეტების" შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით, მაგრამ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, დედამიწაზე წყალი სწორედ მათი მეშვეობით მოხვედრილიყო. რა თქმა უნდა, ამას დაზუსტებით ვერ ვიტყვით, მაგრამ პოტენციურ ახსნად მოიაზრება, რადგან წყლის ერთი კონკრეტული წყარო იდენტიფიცირებული ამ დრომდე არაა. შესაბამისად, მსჯელობისთვის სივრცე დარჩენილია.

როგორც დასაწყისში ვახსენეთ, კვლევის მიხედვით, დედამიწასთან ახლოს მდებარე ობიექტების 60% სწორედ "ბნელი კომეტები" უნდა იყოს, რომელთა მცირე ოდენობის აირსაც დიდი დისტანციის გამო ვერ ვხედავთ. ასეთი სხეულები დაახლოებით 10 მილიონი წელი არსებობს, სანამ მათ იუპიტერის ან მზის გრავიტაცია დაშლის. ჩვენს პლანეტასთან ახლომდებარე ობიექტების რაოდენობის შესანარჩუნებლად საჭიროა, რომ მათ ადგილს ასტეროიდთა სარტყლიდან ახალი ობიექტები იკავებდეს. ეს მიუთითებს, რომ ასტეროიდთა შიდა სარტყელში მოსალოდნელზე მეტი ყინულია.

აღსანიშნავია, რომ "ბნელი კომეტების" ზომა ძალიან მცირეა, კერძოდ რამდენიმე ათეული მეტრი. ამის გამო ვარაუდობენ, რომ ისინი აჩქარებული ასტეროიდების დანაწევრების შედეგად ფორმირებული ფრაგმენტებია, რომლებშიც ასევე ყინულის სუბლიმაცია მიმდინარეობს.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Icarus გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.