ბლუზი, ვისკი და სიგრილე — ბლუზფესტი ლაგოდეხში
დემეტრია ტეილორი, სერ ვალდო ვეზერსი, ადრიან ბაირონ ბერნსი, ბიგ დედი ვილსონი — ეს იმ მუსიკოსების ჩამონათვალია, რომელთა მოსმენასაც ლაგოდეხის ბლუზფესტზე შეძლებთ.
ბლუზის ფესტივალი ლაგოდეხში უკვე მერვე წელია იმართება. ამ პერიოდის განმავლობაში მან არაერთ გამორჩეულ მუსიკოსს უმასპინძლა და მათთვის და მათი მსმენელებისთვის დაუვიწყარი მოგონებები შექმნა.
"ჩვენი ყოველი კონცერტი ამ სიტყვებით იწყება — გაგიკვირდებათ და ეს ლაგოდეხია", — გვეუბნება ფესტივალის იდეის ავტორი და ორგანიზატორი, ვიქტორ კერვალიშვილი.
მართლაც, 2017 წელს, როცა მან თავის მეგობრებთან ერთად ბავშვობის ოცნების ახდენა და ბლუზის ფესტივალის ჩატარება გადაწყვიტა, ეს საკმაოდ რთული წარმოსადგენი იყო. თუმცა, დღეს, როგორც თვითონ აღნიშნავს, ლაგოდეხის ბლუზფესტი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშია ცნობილი.
წელს ფესტივალი 20 ივლისს დაიწყება. მას ბლუზის მსოფლიო დონის შემსრულებელი, ჩიკაგოელი დემეტრია ტეილორი გახსნის. ის არაერთი ჯილდოს მფლობელია. 2022 წელს კი "ბლუზის დედოფლის" ნომინანტი გახდა.
27 ივლისს მსმენელის წინაშე წარდგება ბლუზმენი და საქსოფონისტი, სერ ვალდო ვაზერისი, რომელსაც 2008 წელს მაინბრექსენის სასახლის რაინდის წოდება მიენიჭა.
3 აგვისტოს იმღერებს ადრიან ბაირონ ბერნსი, რომელმაც ბოლო ათი წლის განმავლობაში ცხრა ალბომი გამოუშვა და ყოველწლიურად ასობით კონცერტზე იწვევენ.
10 აგვისტოს კი, ფესტივალს დახურავს გერმანიაში მოღვაწე ამერიკელი შემსრულებელი, ბიგ დედი ვილსონი. მისი სიმღერები ერთნაირად პოპულარულია ევროპასა და ამერიკაში.
ვიქტორ კერვალიშვილი ამბობს, რომ ფესტივალზე სხვადასხვა შემსრულებლები გამოჰყავთ, თუმცა, მათი ძირითადი ნაწილი, ამერიკელია:
"ფესტივალის წამყვანი მუსიკოსები ამერიკელები არიან. იმიტომ, რომ ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში ჩაკრულოს ქართველებზე კარგად ვერავინ იმღერებს, ბლუზს ამერიკელებზე უკეთ ვერავინ დაუკრავს. ჩვენი მიზანი ზუსტად ეს იყო — აქ მოგვეწყო ნამდვილი, ამერიკული ბლუზის სამყარო."
კონცერტები ლაგოდეხის ეროვნულ ნაკრძალთან, სპეციალურად ფესტივალისთვის მოწყობილ ბლუზვილიჯში იმართება. იქ მოწვეული მუსიკოსებისთვის, პროდიუსერებისთვის, ორგანიზატორებისთვის, ჟურნალისტებისთვის სპეციალური კოტეჯებია აშენებული. ფესტივალის მონაწილეებს ადგილზე დახვდებათ საკვები და სასმელიც.
ფესტივალს ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტად გამორჩეული ვარსკვლავები სტუმრობენ.
"თითქოს უჩვეულოა ბლუზფესტივალის ჩატარება ლაგოდეხში. ეს არ არის დედაქალაქი ან ქვეყნის რომელიმე მეტ-ნაკლებად დიდი ქალაქი. ის ბუნებრივად ძალიან ლამაზი, მოწყენილი მხარე იყო, სადაც საჭირო იყო სიხალისის შემოტანა. ფესტივალმა ლაგოდეხი ძალიან გამოაცოცხლა, უფრო საინტერესო, მომხიბვლელი და მიმზიდველი გახადა", — გვეუბნება კერვალიშვილი.
მისი თქმით, ეს ფესტივალის ორგანიზატორების, გუნდის ერთიანობისა და მათი პარტნიორების — თიბისის, Coca-Cola-ს და საქართველოში აშშ-სა და გერმანიის საელჩოების დამსახურებაა.
კომენტარები