Mars Express-მა მარსის ზედაპირზე 600 კილომეტრზე გადაჭიმული უზარმაზარი ხრამი გადაიღო
ევროპული კოსმოსური სააგენტოს მიერ მარსზე გაშვებულმა ზონდმა Mars Express წითელი პლანეტის ზედაპირზე არსებული გიგანტური ხრამი გადაიღო. ის დაახლოებით 600 კილომეტრ მანძილზე ვრცელდება და დედამიწის დიდ კანიონს (446 კმ) ზომით საკმაოდ აღემატება.
ეს უჩვეულო წარმონაქმნი მუქი და ნაპრალოვანი სტრუქტურის სახითაა წარმოდგენილი, ციცაბო კედლები აქვს და Aganippe Fossa ეწოდება. ვარაუდობენ, რომ მის ფორმირებას მილიონობით წლის წინ ვულკანურმა აქტიურობამ შეუწყო ხელი, კერძოდ კი მაგმის უზარმაზარმა მასამ. ის ჯერ კიდევ 1930 წელს აღმოაჩინეს, მაგრამ სახელი მხოლოდ 1976 წელს დაარქვეს.
მართალია, Aganippe Fossa წყვეტილი ფორმისაა, მაგრამ მაინც ერთიან სისტემად მიიჩნევა. ეს გრაბენებია, ანუ პლანეტის ქერქში გარემომცველ არეალებთან შედარებით ჩაზნექილი უბნები, რომლებიც ორბიტიდან ერთგვარ ნაიარევს მოგვაგონებს. აღსანიშნავია, რომ ის ზომით ჩამოუვარდება მარსის მარინერის ხეობას, რომელიც 4 000 კილომეტრზე მეტ მანძილზეა გადაჭიმული და მთელს მზის სისტემაში უდიდესია.
ამ წარმონაქმნის ამსახველი სურათი ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ ახლახან გამოაქვეყნა, მაგრამ ის ზონდმა 2023 წლის 13 დეკემბერს გადაიღო. თავად ხრამის გარდა, ფოტოზე მის გარშემო არსებული ტერიტორიაც საინტერესოა. მაგალითად, მარცხნივ ზედაპირი უსწორმასწოროა და გორაკ-ბორცვებს მოიცავს. მარჯვნივ გრუნტი შედარებით მოსწორებულია და ზებრას მსგავსი ზოლებით ხასიათდება.
ამ სხვაობის მიზეზი მარჯვენა მხარეს ქარის გავლენით გამოწვეული ეროზიული პროცესები უნდა იყოს, რამაც იქ ძველად არსებული შემაღლებები ჩამოშალა. უცნობია, რამ შეუწყო ხელი დანარჩენ ტერიტორიაზე უსწორმასწორობის შენარჩუნებას.
Aganippe Fossa ტარსისის რეგიონშია განლაგებული, უფრო კონკრეტულად კი 20-კილომეტრი სიმაღლის მქონე ვულკან არსიას მახლობლად. იქ კიდევ ორი ასეთი ვულკანია, რომლებიც ერთად წითელი პლანეტის ეკვატორის პერპენდიკულარულად თითქმის იდეალურ მწკრივშია განლაგებული. მათ სიდიდით ოლიმპი ჯაბნის, მთა, რომელიც ევერესტზე დაახლოებით სამჯერ მაღალია.
რაც შეეხება გრაბენების ზემოხსენებულ სისტემას, ის ვულკან არსიას ქვეშ გამდინარე მაგმის ნაკადს უნდა წარმოექმნა, რომელმაც ქერქს მაღლა უბიძგა და ზედაპირი გახლიჩა. Aganippe Fossa-ს ზუსტი ასაკი უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ ვულკანის ამოფრქვევები 50 მილიონი წლის წინ შეწყდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მარსზე სხვა ამგვარი ხრამებიცაა, მაგალითად ე.წ. ღამეული ლაბირინთის მიმდებარედ, რომელიც მასიური კანიონია.
კომენტარები