NASA: საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ორბიტიდან SpaceX მოხსნის
NASA-მ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ორბიტიდან მოსახსნელად SpaceX დაიქირავა.
NASA-ში განაცხადეს, რომ SpaceX სპეციალური კოსმოსური ხომალდის შესაქმნელად დაიქირავეს. კომპანიამ საერთაშორისო კოსმოსური სადგური 2030 წელს ორბიტიდან უნდა მოხსნას. ხომალდი ISS-ს დედამიწის ატმოსფეროში შემოიტანს და წყნარ ოკეანეში დაუშვებს.
ილონ მასკის კომპანიასთან კოსმოსურმა სააგენტომ ამისთვის 843 მილიონი დოლარის კონტრაქტი გააფორმა. SpaceX-ის შემუშავებულ ხომალდს Deorbit Vehicle ერქმევა.
"Deorbit Vehicle საერთაშორისო კოსმოსური სადგურის უსაფრთხოდ მოხსნასა და ჩამოტანაში დაგვეხმარება", — თქვეს NASA-ს წარმომადგენლებმა.
მას შემდეგ, რაც SpaceX მშენებლობას დაასრულებს, ხომალდის ოპერირებაზე პასუხისმგებლობას თავის თავზე NASA აიღებს.
ცნობისთვის, ISS, რომელიც 430 000 კილოგრამს იწონის, ყველაზე დიდი სტრუქტურაა, რომელიც კი კაცობრიობას ოდესმე აუგია კოსმოსში.
სხვა კოსმოსური სადგურების ატმოსფეროში შემოყვანისა და დაშლის გამოცდილებებზე დაყრდნობით, NASA-ს ინჟინრები ვარაუდობენ, რომ ISS-ის ორბიტიდან მოხსნა და დაშლა სამ ეტაპად მოხდება.
პირველ რიგში, მზის პანელები და რადიატორები მოიხსნება, რომლებიც ორბიტალური ლაბორატორიის სიგრილეს ინარჩუნებს. ამის შემდეგ, სადგურის ხერხემლისგან ჩამოიხსნება ცალკეული მოდულები. დასასრულს, ხერხემალი და მოდულებიც დაიშლება.
მასალების დიდი ნაწილი განადგურდება, მაგრამ გარკვეული მოზრდილი ნაჭრები მაინც გადარჩება. სწორედ ამიტომ, NASA გადარჩენილ მასალას წყნარ ოკეანეში ჩაუშვებს, იმ ადგილას, რომელსაც კოსმოსური ხომალდების სასაფლაოს უწოდებენ.
ცნობისთვის, ISS-ის პირველი ნაწილი 1998 წელს გაუშვეს, ხოლო კოსმონავტები იქ 2001 წელს დასახლდნენ.
2030 წლამდე სადგურის ოპერირებაში ჩართულები იქნებიან: აშშ, იაპონია, კანადა და ევროპის კოსმოსური სააგენტო. მეხუთე პარტნიორი, რუსეთი, პროექტს საბოლოოდ 2028 წელს გამოეთიშება.
ასევე: როგორი იქნება შემდეგი თაობის კოსმოსური სადგური
რამდენიმე კომპანია მუშაობს ISS-ის მემკვიდრეებზე, მათ შორისაა Axiom Space და ჯეფ ბეზოსის Blue Origin.
კომენტარები