როგორ ჩნდება ქარბორბალა — რა მოხდა ალავერდში
ტორნადო აირის მბრუნავი სვეტია, რომელიც საავდრო ღრუბლებში იღებს სათავეს, იქიდან კი ხმელეთს უკავშირდება. ამგვარი ქარბორბალების ზომა და სიმძლავრე განსხვავებულია: ზოგი ფართო ძაბრის ფორმისაა, ზოგი კი წვრილი მილაკის სახითაა წარმოდგენილი და შედარებით სუსტია.
ველებზე ტორნადო საკმაოდ დიდი მანძილის მოშორებიდანაც ჩანს, მაგრამ არაა გამორიცხული, ძლიერ წვიმასა და სეტყვაში იმალებოდეს კიდეც, რაც განსაკუთრებულად საშიშია. ასეთ შტორმს ინფრასტრუქტურის სერიოზულად დაზიანება და ადამიანთა სიცოცხლის შეწირვაც შეუძლია.
მათი ინტენსივობა ფუჯიტას გაუმჯობესებული სკალით იზომება. ტორნადოების უმეტესობა სუსტი სიძლიერის მქონედ კლასიფიცირდება, რამდენიმე წუთის განმავლობაში მძვინვარებს და დაახლოებით 160 კმ/სთ ან ნაკლები სიჩქარით მოძრავი ქარი ახასიათებს. ამის მიუხედავად, არის ქარბორბალები, რომლებიც უფრო ძლიერია, 1 საათზე მეტხანს გრძელდება და 320-480 კმ/სთ სიჩქარით მქროლავი ქარი ახლავს თან. ასეთი შემთხვევები იშვიათია, მაგრამ განსაკუთრებულად საფრთხილო.
რა განაპირობებს ტორნადოს ფორმირებას
ტორნადოს წარმოსაქმნელად რამდენიმე ატმოსფერული გარემოების თანხვედრაა საჭირო. ესაა ზედაპირთან ახლომდებარე თბილი და ნოტიო აირი, რომლის ზემოთაც ცივი ჰაერია, რასაც სიმაღლესთან ერთად ქარის სიჩქარისა და მიმართულების ცვლილებაც ერთვის. ეს ყველაფერი ერთად არასტაბილურობას უწყობს ხელს, რომელიც ძლიერდება და აირების ბრუნვით გადაადგილებას განაპირობებს, რის შედეგადაც ქარბორბალას ვიღებთ.
ამგვარი პროცესები ნებისმიერი სახის საავდრო ღრუბელში შეიძლება წარიმართოს, მაგრამ ყველაზე ხშირად ის სუპერუჯრედის ტიპის ელჭექის დროს იჩენს თავს. მას აღმავალი აირების მბრუნავი ნაკადი ახასიათებს, რომელსაც მეზოციკლონს უწოდებენ. ის ხმელეთთან დაკავშირების შემთხვევაში ერთგვარ მორევს აჩენს ან შესაძლებელია, რამდენიმე საათის განმავლობაში რამდენიმე ქარბორბალას გაჩენაც კი გამოიწვიოს.
ტორნადოს ფორმირების ეტაპები ასეთია:
შტორმის წარმოქმნა — როცა მზის სხივები ხმელეთზე ხვდება, მასთან ახლოს არსებულ ლოკალიზებულ აირს ათბობს. მისი ტემპერატურა გარემომცველ ჰაერთან შედარებით იზრდება და აღმასვლას იწყებს.
ამგვარი აირების საკმარის სიმაღლემდე აღწევისას დიდგროვა ღრუბლები ჩნდება, რომლებიც დაბალ დონეზეა განლაგებული და ბამბის მსგავსი გაფანტული ნაფლეთების სტრუქტურა აქვს. თუკი ატმოსფეროში მაღლა ტემპერატურა უფრო და უფრო იკლებს, ასეთ ჰაერს საშუალება ეძლევა, ბევრად ზემოთ გადაინაცვლოს და ღრმა, ძლიერ, ნაკადებად იქცეს. შედეგად, უკვე საავდრო ღრუბელი ფორმირდება.
შტორმის ორგანიზება — როდესაც ეს ატმოსფერული მოვლენები ისეთ გარემოში მიმდინარეობს, სადაც ქარი სიმაღლის პარალელურად ძლიერდება, ზემოთ მიმართული აირის ნაკადი ტრიალს იწყებს.
ეს იმიტომ ხდება, რომ მისი სწრაფი მოძრაობა ჰორიზონტალურ ბრუნვას უწყობს ხელს, მაგრამ მალე ის ვერტიკალურ მდგომარეობაში გადადის და სწორედ ამგვარი დახრილობის ღერძის გარშემოა კონცენტრირებული. ელჭექის ისეთ ღრუბელს, რომელშიც განმეორებადი და ღრმა ბრუნვა ფიქსირდება, სუპერუჯრედი ეწოდება.
ტორნადოს ფორმირება — სიპერუჯრედში არსებული აირის ცივი და მკვრივი ნაკადები ქვემოთაა მიმართული. ეს ბრუნვის კონცენტრირებას უწყობს ხელს და მოძრაობა უფრო დაბლა გადააქვს. ის ზოგჯერ იმდენად ძლიერია, რომ ჰაერის მორევი ჩნდება, რომელიც ხმელეთამდე ჩადის და ქარბორბალას წარმოქმნის.
ხშირად ტორნადო იმიტომაა ხილული, რომ კონდენსაციური ძაბრის ფორმა აქვს. მისი ასეთი სტრუქტურის მიზეზი შემცირებული წნევაა, რასაც ქარის მიერ ზედაპირიდან ატაცებული მტვერი და სხვა ნარჩენებიც ემატება.
ტორნადოს გაფანტვა — საბოლოოდ, ისე ხდება, რომ ტორნადოს გარშემო ცივი აირი იყრის თავს, რის შედეგადაც იქ თბილი ნაკადის შედინება წყდება. ამ ეტაპზე, როგორც წესი, ტორნადოს ზომა მცირდება, შემდეგ კი ის ქრება.
ტორნადოების გეოგრაფია
სათანადო პირობების გამო ტორნადოები ყველაზე მეტად ჩრდილოეთ ამერიკაშია გავრცელებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ამ ტერიტორიით შემოიფარგლება.
რეალურად, ამგვარი მოვლენები თითქმის მთელს დედამიწაზეა გავრცელებული, გარდა ანტარქტიდისა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ასეთი ქარბორბალების რაოდენობა წელიწადში 1400-სს აღწევს, რაც სხვა რეგიონებთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ევროპაში პირველ ადგილზე დიდი ბრიტანეთია, სადაც წელიწადში საშუალოდ 33 ტორნადოა, მთლიან კონტინენტზე კი — 300.
გამონაკლისი არაა სამხრეთ ამერიკაც. ბრაზილიასა და არგენტინას შორის არსებულ ტერიტორიაზე ზემოხსენებული შტორმების აქტიურობა განსაკუთრებით შესამჩნევია. ასევე, ბანგლადეშსა და ინდოეთში, თუმცა იქ საშიში სეზონი ხანმოკლეა. და მაინც, 1989 წელს ბანგლადეშში ამან 1300 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.
რა თქმა უნდა, ყველა ტორნადო ასეთი ძლიერი არაა, მაგალითად აშშ-ში მათი 75% სუსტია. მსგავსი ვითარებაა ცენტრალურ ევროპაშიც.
რა მოხდა ალავერდში
რაც შეეხება საქართველოს, გარკვეული ატმოსფერული პირობების თანხვედრით აქ ქარბორბალას წარმოქმნა შესაძლებელია. სწორედ ასეთი რამ მოხდა 25 ივნისს კახეთში, ალავერდში, რამაც სამონასტრო კომპლექსი დააზიანა. ამ მოვლენის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა:
მომხდარს გამოეხმაურა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაც, რომელმაც Facebook-ში პოსტი გამოაქვეყნა:
"ჰაერის მაღალი ტემპერატურის ფონზე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში ადგილი ჰქონდა შიდა-მასიურ ლოკალურ პროცესს, რაც გამოიხატა ტერიტორიაზე ქარის ხანმოკლე გაძლიერებით. შედეგად დაზიანდა ალავერდის როგორც შიდა, ასევე გარე სამონასტრო ინფრასტრუქტურის ნაწილი".
როგორც ამ პოსტიდან ვიგებთ, ალავერდის მიმდებარედ დაფიქსირებულ ტორნადოს წინ ჰაერის ტემპერატურის მატება უძღოდა. ასევე, ქარის გაძლიერება, რაც ასეთი შტორმების ხელშემწყობ მთავარ ფაქტორებს შორისაა.
ინფორმაციას აქვეყნებს მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერი, ავთანდილ ამირანაშვილიც.
მის ხელთ არსებული მონაცემების თანახმად, ალავერდში ტორნადო მოსალოდნელი იყო, რადგან 13:00 საათზე იქ ე.წ. TT ინდექსმა 53.1-ს მიაღწია. როგორც სურათზე ჩანს, ამ რეგიონში ჰაერის ნაკადების მაჩვენებლების ცვლილებამ ატმოსფეროში არასტაბილურობა გამოიწვია. მსგავს ნიშნულზე კი მრავალრიცხოვანი ელჭექი და გაფანტული ტორნადოებია პროგნოზირებული.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს საქართველოში მსგავსი შტორმის პირველი შემთხვევა სულაც არაა, მაგრამ მაინც ძალიან იშვიათია. ძირითადად, ამგვარი რამ სანაპიროებზე უფრო ხშირია, მაგრამ ზოგჯერ ხმელეთზეც იჩენს თავს, როგორც 2023 წელს ჯავახეთის სოფელ ვაჩიანში მოხდა.
25 ივნისს ტემპერატურისა და ჰაერის ნაკადების ცვლილება გასაკვირი არაა, რადგან საქართველოში ამინდი მკვეთრად უარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 ივნისს აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მოსალოდნელია ძლიერი და ზოგან ძალიან ძლიერი წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც.
"საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი, დღისით აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია, წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს", — ვკითხულობთ გარემოს ეროვნული სააგენტოს პოსტში.
ამგვარად, საქართველოში ტორნადოს გამოჩენა იშვიათია, მაგრამ შეუძლებელი არა. ძნელი სათქმელია, უკავშირდება თუ არა ეს მსოფლიოში მიმდინარე კლიმატის ცვლილებას, მაგრამ მისი მასშტაბებიდან გამომდინარე, გამორიცხული არაფერია.
კლიმატის ცვლილების ინდექსის რუკის მიხედვით, შესაძლებელია, 25 ივნისის მოვლენა სწორედ ასეთ გლობალურ პროცესებთან იყოს ბმაში:
ფოტოზე ნაჩვენებია, რომ თელავის მახლობლად გარკვეული მონაკვეთი მუქ წითლადაა მონიშნული, ანუ სკალაზე მისი ინდექსი მაქსიმალური 5-დან 3-ია. ეს იქ ამინდის გაუარესებაზე კლიმატის ცვლილების სავარაუდო "ძალიან ძლიერ" გავლენაზე მიუთითებს. რუკა აშშ-ის ოკეანური და ატმოსფერული კვლევების ეროვნული სააგენტოს მონაცემებს ეფუძნება.
რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ წყაროზე დაყრდნობით ვერ ვიტყვით, რომ 25 ივნისის ქარბორბალა პირდაპირ კლიმატის ცვლილების შედეგია, მაგრამ ცხადია, რომ პოტენციური ურთიერთკავშირი არსებობს.
კომენტარები