ახლომდებარე ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში პოტენციური სუპერდედამიწა აღმოაჩინეს
ჩვენგან დაახლოებით 55 სინათლის წლით დაშორებული K ტიპის ვარსკვლავის გარშემო ასტრონომებმა 3 პოტენციურ სუპერდედამიწას მიაგნეს, რომელთაგანაც ერთ-ერთი სიცოცხლისთვის თავსებად ზონაში გადაადგილდება. ასეთ რეგიონებში მოძრავ ციურ სხეულებზე წყლის თხევადი სახით არსებობაა შესაძლებელი.
ეს პლანეტა,სახელად HD 48948 d, სხვებთან შედარებით მნათობისგან უფრო მოშორებით მდებარეობს. ჯერ კიდევ გასარკვევია, რისგანაა შედგენილი ის, კლდოვანია თუ არა, და რამდენად გვხვდება იქ წყალი.
ეგზოპლანეტების კვლევისას მთავარი პრობლემა ისაა, რომ მათი უმეტესობა ზომით, ტემპერატურითა და სხვა მახასიათებლებით სასიცოცხლო პირობებს არ შეესაბამება. ზოგჯერ მათი ვარსკვლავებიც ძალიან აქტიურია, ანუ ხშირია ამოფრქვევები. არის შემთხვევები, როცა ციური სხეულების ერთი ნახევარსფერო ყოველთვის მნათობისკენაა მიბრუნებული და დიდი ოდენობით რადიაციას იღებს.
სავარაუდოდ, HD 48948 d ასეთ ობიექტებს შორის არაა. მის ვარსკვლავს მზეზე ნაკლები მასა აქვს, ასევე უფრო გრილი და მკრთალია. ის საკმაოდ ხნიერია, რადგან 11.5 მილიარდი წლისაა. ეს ნიშნავს, რომ ამ სისტემაში სიცოცხლეს განსავითარებლად დიდი დრო ექნებოდა.
მასზე 10 წლის განმავლობაში დაკვირვებამ სინათლისა და მოძრაობის ისეთი ცვლილებები გამოავლინა, რომლებიც იქ პლანეტების არსებობით აიხსნება. მეცნიერთა გამოთვლებით, ერთ-ერთი მათგანი მის გარშემო ორბიტაზე მოძრაობას 7.3 დღეს ანდომებს, მეორე 38-ს, მესამე კი — 151-ს.
პირველი მერკურიზე ცხელი უნდა იყოს, ექსტრემალური პირობებია მოსალოდნელი მეორე პოტენციურ სუპერდედამიწაზეც, ბოლო კი HD 48948 d-ა. მისი ორბიტული დისტანცია ვენერას მსგავსია, მაგრამ ვარსკვლავის ტიპის გათვალისწინებით, იქ ასეთ მანძილზე დაახლოებით დედამიწის მაგვარი ტემპერატურა უნდა იყოს და არც ამოფრქვევების ზეგავლენით ზიანდებოდეს.
ასეა თუ ისე, HD 48948 d დედამიწაზე 10.59-ჯერ მასიურია. მისი და დანარჩენი 2 ობიექტის ზომა უცნობია, რადგან ჩვენი პერსპექტივიდან ვარსკვლავის დისკოს წინ არცერთი გადაადგილდება. შესაბამისად, მათი კონკრეტული მახასიათებლების დადგენა ძნელია.
არაა გამორიცხული, ეს ეგზოპლანეტა მინი-ნეპტუნის ტიპის იყოს, ანუ აირისგან შედგებოდეს, მაგრამ ამაზე ზუსტი პასუხი ამ ეტაპზე არ გვაქვს. ჯერჯერობით ის კანდიდატის სტატუსს ინარჩუნებს, რაც ნიშნავს, რომ მისი ავთენტურობა დადასტურებული არაა. სპეციალისტები გეგმავენ, სისტემაზე დაკვირვება განაგრძონ და მეტი ინფორმაცია მოიპოვონ.
მათი ნაშრომი გამოცემაში Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოქვეყნდა.
კომენტარები