რა ფენომენია, როდესაც მარტო ხარ, მაგრამ გგონია, რომ გიყურებენ
მარტო ხარ სახლში და უცებ გიჩნდება შეგრნება, რომ ვიღაცა გიყურებს, თითქოს იქვე სხვაცაა. სახლის თვალიერებას იწყებ და რწმუნდები, რომ მარტო ხარ. მაშ, რატომ გაჩნდა ასეთი უცნაური შეგრძნება?
კლინიკური ფსიქოლოგის, ლესლი დობსონის თქმით, არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც შეიძლება გვეგონოს, რომ ვიღაცა გვითვალთვალებს. ამის ტრიგერი შეიძლება იყოს წიგნები, ფილმები, სტრესული მოვლენები, ჰიპერსიფხილზე, ან სულაც ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები.
"უფრო ექსტრემალურ შემთხვევებში, ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს პარანოია, რაც ხშირად ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ან ტვინის ფიზიკურ დაავადებებთანაა დაკავშირებული", — თქვა დობსონმა.
რა თქმა უნდა, ზოგჯერ ჩვენ ნამდვილად გვაკვირდებიან. კოგნიტიური ნეირომეცნიერების მკვლევრის, ჰარიეტ დემპსი-ჯონსის თანახმად, ადამიანს აქვს ტვინის ნერვული ქსელი, რომელიც უშუალოდ მზერის დამუშავებაზეა პასუხისმგებელი. ეს ევოლუციურად იმით იხსნება, რომ ადამიანებში კომუნიკაციისას მზერას დიდი მნიშვნელობა აქვს.
საუბრისას ჩვენ ვაკვირდებით თუ სად იყურება ჩვენი თანამოსაუბრე, ასევე დიდ ყურადღებას ვაქცევთ სხეულის ენას. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია იმის გასააზრებლად, გვიყურებს თუ არა ადამიანი.
ადამიანებისთვის, რომლებსაც ტრავმული მოვლენები განუცდიათ, ჰიპერსიფხიზლე ერთგვარი თავდაცვითი მექანიზმია. ამაზე მეტყველებს 2023 წლის კვლევა ჟურნალ Frontiers in Psychology-ში.
"სიმპტომები, როგორიცაა პარანოია და შფოთვა, რომლებიც ჩვეულებრივ სტრესული მოვლენების შემდეგ ჩნდება, შეიძლება განვითარდეს ტვინის იმ რეგიონში, რომელიც მზერის დამუშავებაზეა პასუხისმგებელი. ამიგდალა ჩვენს ემოციებს ამუშავებს. თუ ტვინის ეს რეგიონი ზედმეტად აქტიურია, ამან შეიძლება გაძლიერებული ემოციური რეაქციები გამოიწვიოს — მაგალითად, საფრთხის შეგრძნება", — განმარტა დობსონმა.
კლინიკური ფსიქიატრმა, ალისა ფელერმა Live Sciეnce-ს უთხრა, რომ ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია. ადამიანებს ხშირად აქვთ შეგრძნება, რომ მათ ვიღაცა აკვირდებათ და ეს იმ დროს, როცა რეალურად მარტო არიან. თუმცა, ძირითადად ეს ცოტა ხნით გრძელდება ხოლმე. პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც ადამიანს ეს შეგრძნება დიდი ხნის განმავლობაში დაჰყვება.
"ასეთ დროს იცი, რომ არავინ გაკვირდება, მაგრამ შეგრძნებას ვერაფერს უხერხებ. ნელ-ნელა განცდა ძლიერდება და თავის გაკონტროლება რთულდება", — თქვა ფელერმა.
მაგალითად, ჰიპერსიფხილზე შიზოფრენიის ერთ-ერთი სიმპტომია, რომელიც საბოლოოდ პარანოიაში გადაიზრდება ხოლმე. სწორედ აქედან შეიძლება გაჩნდეს ილუზია, რომ ვიღაც გიყურებს. კვლევის თანახმად, შიზოფრენიით დაავადებულ ადამიანებში პარანოია ლიმფური სისტემის არანორმალურ აქტივობასთან ასოცირდება.
2022 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებში პარანოია ამიგდალაში სისხლის ნაკადის გაზრდასთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, უჩვეულო კავშირი ამიგდალასა და ტვინის სხვა უბნებს შორის, როგორიცაა ჰიპოკამპი და პრეფრონტალური ქერქი, დაკავშირებულია პარანოიასთან. მკვლევრების თქმით, ასეთ დროს ძლიერდება საფრთხის შეგრძნება. სწორედ ასეთი შეგრძნებებია დაკავშირებული პარანოიასთან და მათ შორის შეგრძნებასთან, რომ ვიღაცა გაკვირდება.
ფელერის თქმით, თუ ადამიანს ასეთი სიმპტომები აღენიშნება, მან ექიმს უნდა მიმართოს.
"არ ღირს ჯდომა და ლოდინი, თუ როდის გაქრება ასეთი შეგრძნება", — თქვა ფელერმა Live Science-თან საუბრისას.
კომენტარები