დეოდორანტი და სხვა ჰიგიენური პროდუქტები ჩვენს სახლში ჰაერს აბინძურებს
თანამედროვე ჰიგიენურ პროდუქტებში უამრავი კომპონენტი გვხვდება, რომლებსაც სუნისა და ოფლის საწინააღმდეგო, დამატენიანებელი თუ ვარცხნილობის შემანარჩუნებელი ეფექტი გააჩნია. ზოგიერთი ასეთი ნივთიერება ჯანმრთელობისთვის პოტენციურად საზიანოა, ზოგს კი გარემოში მოხვედრისას სხვა ნაერთებთან რეაქციაში შესვლა და ჰაერის დაბინძურება შეუძლია.
შვეიცარიელმა მეცნიერებმა სწორედ ასეთი პროდუქტები შეისწავლეს, რათა დაედგინათ, რა ხდება, როცა ისინი სახლის ტიპურ გარემოშია. შედეგად, 200 სხვადასხვა აქროლადი ორგანული ნაერთის იდენტიფიცირება შეძლეს. მათი ნაწილი შედარებით უსაფრთხოა და დაბალი კონცენტრაციითაა წარმოდგენილი, მაგრამ ზოგიერთი ძალიან სწრაფ ქიმიურ რეაქციებს განიცდის და მეორეულ ორგანულ აეროზოლებს წარმოქმნის.
მეცნიერები ამბობენ, რომ ასეთი მოლეკულებისგან ახალი ნაწილაკები მიიღება, რომლებიც ერთმანეთს ეკვრის და ზომაში იზრდება. შედეგად მიღებული ნაწილაკები შესაძლოა, ჩვენს ფილტვებში დაილექოს. ჯანმრთელობაზე მათი გავლენა კარგად არაა გამოკვლეული, მაგრამ სპეციალისტები შიშობენ, რომ ისინი იმაზე საშიშია, ვიდრე გვგონია.
დღესდღეობით სახლებსა თუ ოფისებში ოზონის მოლეკულების 1 წყარო მაინცაა, როგორიცაა პრინტერები, ქსეროქსის აპარატები ან, რაც არ უნდა ირონიულად ჟღერდეს, ჰაერის გამწმენდები. ასეც რომ არ იყოს, ბევრი გარე დამაბინძურებელი აგენტი მზის სხივებთან ურთიერთქმედების შედეგად ოზონის ფორმირებას იწვევს, რომელიც შიგნით ფანჯრებიდან ან სავენტილაციო სისტემებიდან აღწევს.
ოზონში არსებული ჟანგბადის სამი ატომი მას არასტაბილურს და აქროლად ორგანულ ნაერთებთან მარტივად რეაქციულს ხდის. ამ ქიმიურ პროცესებზე დასაკვირვებლად მკვლევრებმა ბურთულიანი და სპრეი დეოდორანტი, ხელის ლოსიონი, სუნამო და მშრალი შამპუნი გააანალიზეს.
პირველი ექსპერიმენტი მათთან დაკავშირებული ემისიების შესწავლას დაეთმო, მეორე ცდისას კი ამ ემისიებთან ოზონის რეაქციას დააკვირდნენ. ამისთვის სახლის მსგავს სიმულირებულ სივრცეში ოზონი გაუშვეს, მილიარდში დაახლოებით 35-40 მოლეკულის ოდენობით. აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა პროდუქტის შემთხვევაში (ბურთულიანი დეოდორანტის გარდა) ნაწილაკების ერთგვარი სმოგი წარმოიქმნა და მათი რაოდენობა საკმაოდ სწრაფად იზრდებოდა.
მეცნიერები გვირჩევენ, რომ მსგავსი პროდუქტების მოხმარება შევამციროთ ან უფრო ბუნებრივი ალტერნატივებით ჩავანაცვლოთ, რომლებშიც რეაქციული კომპონენტები ნაკლებადაა. მათი ნაშრომი გამოცემაში Environmental Science & Technology Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები