ნახეთ: ჰაბლმა ორი ვარსკვლავის გასაოცარი სისტემა გადაიღო
ჩვენგან დაახლოებით 700 სინათლის წლის მანძილზე ორი ვარსკვლავის სისტემაა, სახელად R Aquarii, რომელიც მტვრისა და აირის გასაოცარი ღრუბლებითაა გარემოცული. ის ახლახან ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა გადაიღო.
ესაა სიმბიოზური ბინარული სისტემაა, რომელიც თეთრი ჯუჯისგან, ანუ ვარსკვლავის ბირთვის ნარჩენისგან, და წითელი გიგანტის ტიპის მნათობისგან შედგება. იგი მზეზე 400-ჯერ დიდია და 390 დღის შუალედით პერიოდულად სიკაშკაშეს საგრძნობლად იცვლის. მაქსიმალური ელვარებისას ის მზეზე 5000-ჯერ ნათელია.
მათ ირგვლივ შთამბეჭდავი ნისლეულია, რომელსაც სპირალის მსგავსი ფორმა აქვს. ამ ორი ობიექტის ურთიერთქმედების შედეგად მძლავრი ამოფრქვევები ხდება, რაც აირის ღრუბლების ცვლილებას იწვევს. როცა წითელ გიგანტს თეთრი ჯუჯა 44-წლიანი ორბიტული მოძრაობისას უახლოვდება, ის აირად წყალბადს იზიდავს და გარშემო ე.წ. აკრეციულ დისკოს წარმოქმნის. იქიდან მატერიის ნაკადები სივრცეში მძლავრად იტყორცნება.
მნიშვნელოვანია, რომ ასეთი პროცესებისას წყალბადსა და ჰელიუმზე მძიმე ელემენტები წარმოიქმნება. ასეთია, მაგალითად, ნახშირბადი, აზოტი და ჟანგბადი, რომლებიც სიცოცხლის ერთგვარი საშენი მასალაა. ისინი ვარსკვლავების შიგნით ფორმირდება, სადაც წყალბადისა და ჰელიუმის სინთეზისთვის საკმარისად მაღალი ტემპერატურაა.
R Aquarii-ს სისტემაში მძლავრი ნაკადები მოჩანს, რომელთაც ძაფისებრი სტრუქტურა აქვს და საინტერესო გადახლართულ ფორმას იღებს. ეს ძლიერი მაგნიტური ველების დამსახურებაა. აირის ღრუბლები ხილულ სპექტრში ანათებს, რადგან ენერგიას ვარსკვლავების რადიაციისგან იღებს. თავად ნისლეულს Cederblad 211 ეწოდება და შესაძლოა, ვარსკვლავის აფეთქების შემდეგ გაჩენილიყო.
ბინარულ სისტემაში მიმდინარე პროცესებით განპირობებული ცვლილებები კარგად ჩანს ვიდეოში, რომელიც ჰაბლის მიერ 2014-2023 წლებში გადაღებულ სურათებს აერთიანებს. კადრებში სიკაშკაშის ვარიაციებიც შესამჩნევია. ნისლეული მეტწილად მომწვანო შეფერილობითაა წარმოდგენილი, მაგრამ პერიოდულად ლურჯი ელვარებაც იკვეთება, რაც ვარსკვლავთა ურთიერთქმედებას უკავშირდება.
კომენტარები