გაიცანით Robovan: Tesla-მ ფუტურისტული დიზაინის სამგზავრო ფურგონი წარადგინა
10 ოქტომბერს Tesla-მ ღონისძიება "We, Robot" გამართა. ილონ მასკმა, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, დამსწრეებს მოულოდნელად ახალი ტრანსპორტი, სამგზავრო ფურგონი, წარუდგინა, სახელად Robovan.
Tesla-ს Robovan ფუტურისტული დიზაინით გამოირჩევა — მბზინავი შესახედაობით მატარებელს წააგავს და ბორბლები არ უჩანს. მასკმა განაცხადა, რომ იგი 20-ამდე ადამიანს დაიტევს; შესაძლებელი იქნება მისი მეშვეობით ბარგის გადაზიდვაც.
"Robovan სიმჭიდროვეს მოაგვარებს", — თქვა მან — "მაგალითად, თუ გინდათ, რომ სპორტსმენთა გუნდი გადაიყვანოთ სადმე ან მგზავრობის საფასური საგრძნობლად შეამციროთ, არ ვიცი, 1-2 კილომეტრზე 5-10 ცენტით, მაშინ შეგიძლიათ რობოფურგონით ისარგებლოთ".
ახალი ტრანსპორტი კომპანიის Tesla Network-ის — თვითმართვადი მანქანების დაქირავების სერვისის — ნაწილი იქნება; იგი Tesla-ს მომხმარებელთა პირადი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვისაც იქნება განკუთვნილი.
ასევე იხილეთ: "ჩემს ესკიზებს ხომ ვერ დამიბრუნებდი?" — მე, რობოტის რეჟისორი მასკს პლაგიატიზმში ადანაშაულებს
ფურგონის შესახებ Tesla-სგან მინიშნებები უკვე მოვისმინეთ. გეგმის, სახელად Master Plan Part Deux, ფარგლებში კომპანიამ განაცხადა, რომ ქმნიდა საქალაქო ტრანსპორტს, რომელიც ბევრ მგზავრს დაიტევდა; თქვეს ისიც, რომ ავტონომიური ავტობუსების დანერგვა შესაძლებელი იქნებოდა. ამასთანავე, წელს მასკმა კომპანიის მეწილეთა ყოველწლიურ შეხვედრაზე დაფარული მოწყობილობა წარადგინა, რომელსაც ფურგონის ფორმა ჰქონდა.
მასკი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართ არც ისე დადებითად იყო განწყობილი, ამიტომ, ასე თუ ისე, მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ მსგავს ინიციატივას დაუთმო რესურსი. მეორე მხრივ, თავის მესამე გეგმაში (Master Plan Part 3) კომპანია "ავტობუსსა" და "კომერციულ/სამგზავრო ფურგონებს" "ჯერჯერობით დასაზუსტებლის" სტატუსით მოიხსენიებს.
ელექტრონული ფურგონების ბაზარი თანდათან უფრო იზრდება. ასეთი სატრანსპორტო საშუალებები ახლახან კომპანია Volkswagen-მაც გამოუშვა — ID Buzz; ვიხილეთ Mercedes-ის eSprinter-იც. ბიზნესებისთვის ხელმისაწვდომია Ram-ის ProMaster EV, Ford-ის E-Transit და BrightDrop-ის Zevo მოდელიც.
კომენტარები