იუპიტერის დიდი წითელი ლაქა იმაზე უცნაური აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე გვეგონა
იუპიტერის გიგანტური წითელი ლაქა (GRS) საკმარისად დიდია იმისთვის, რომ მთელი დედამიწა შთანთქას. და, აი, ახლა ჰაბლის ტელესკოპის ახალი გამოსახულების თანახმად, ის ბევრად უფრო უცნაურიც არის, ვიდრე აქამდე გვეგონა.
ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი იუპიტერის ლაქას ახლოდან დააკვირდა და აღმოაჩინა, რომ "ანტიციკლონი" არა მხოლოდ ზომაში იცვლება, არამედ ირხევა.
"ჩვენ ვიცოდით, რომ მისი მოძრაობა იცვლებოდა, მაგრამ ასეთ რხევებს არ ველოდით", — განმარტა ნასას მეცნიერმა, ემი საიმონმა.
ეს უზარმაზარი ქარიშხალი, როგორც NASA-ში აღნიშნავენ, ყველაზე დიდია ჩვენს მზის სისტემაში. 1979 წელს კოსმოსურმა ხომალდმა Voyager-მა აჩვენა, რომ მისი დიამეტრი 23 335 კილომეტრი იყო. თუმცა, ჰაბლის უახლესი დაკვირვებით ახლა ეს 16 495 კილომეტრია.
ასევე: არის კი იუპიტერის დიდი წითელი ლაქა ის, რომელიც 359 წლის წინ აღმოაჩინეს? — კვლევა
მთლიანობაში, ჰაბლი ლაქას 90 დღის განმავლობაში აკვირდებოდა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის "სტრესის საწინააღმდეგო ბურთს" მოგვაგონებს, რომელიც იკუმშება და იბერება.
საიმონის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იუპიტერის ლაქას უკვე წლებია ვაკვირდებით, მისი შესწავლა ასე ინტენსიურად აქამდე არასდროს მომხდარა.
"ჰაბლის დაკვირვებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ GRS მუდმივად იცვლება. ასევე ძალიან აქტიურად იცვლება მისი მოძრაობის სიჩქარეც. ამ მოვლენის ახსნა საკმაოდ რთულია. გაუგებარია, თუ რატომ იცვლება ის ასე", — თქვა საიმონმა.
იუპიტერის წითელი ლაქას შესწავლა მნიშვნელოვანია თავად ქარიშხლების ბუნების უკეთ გასაგებად. ამით შეიძლება მეტი გავიგოთ ისეთ ქარიშხლებზეც, რომლებიც ჩვენთან, დედამიწაზეა.
კომენტარები