ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა "ორთქლის პლანეტა" აღმოაჩინა
NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი (JWST) სრულიად ახალი ტიპის პლანეტის დასაფიქსირებლად გამოიყენეს. საუბარია წყლიან, შორეულ "ორთქლის სამყაროზე", რომელიც თითქმის მთლიანად ცხელი წყლის ორთქლისგან შედგება.
როგორც The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული, პლანეტა სახელწოდებით GJ 9827 დედამიწაზე ორჯერ დიდია და დაახლოებით 100 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.
ამ ტიპის ცხელი, ორთქლის პლანეტა მეცნიერებს აქამდეც წარმოედგინათ, მაგრამ ასეთი ციური სხეული დაფიქსირებული არ იყო.
"ასეთი პლანეტის მაგალითი ჩვენს მზის სისტემაში არ გვაქვს. ის ზომით დედამიწასა და ნეპტუნს შორისაა. ეს ეგზოპლანეტების ატმოსფეროში სიცოცხლის კვალის აღმოჩენასთან გვაკავშირებს", — თქვა კვლევის თანაავტორმა, რაიან მაკდონალდმა.
წონა
რაც GJ 9827-ს ასე მნიშვნელოვანს ხდის არ არის მხოლოდ მისი უცნაური, ორთქლის მსგავსი ატმოსფერო — მნიშვნელოვანია მოლეკულების წონა, რომლისგანაც მისი ატმოსფერო შედგება.
მკვლევრების მიერ აღმოჩენილი ასეთი ზომის თითქმის ყველა ეგზოპლანეტა შეიცავს უფრო მსუბუქ მოლეკულებს, როგორიცაა წყალბადი და ჰელიუმი. GJ 9827-ზე დაკვირვებით, მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ პლანეტის ატმოსფეროს მოლეკულები ისეთივე მძიმეა, როგორც ეს დედამიწისა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ეგზოპლანეტაზე სიცოცხლე ვერ იარსებებს (როგორიც ჩვენ ვიცით), ის შეიძლება დაგვეხმაროს სხვა პლანეტებზე სიცოცხლის აღმოჩენაში.
"GJ 9827 არის პირველი პლანეტა, სადაც მძიმე მოლეკულებით მდიდარი ატმოსფერო აღმოვაჩინეთ. ასეთი მაჩვენებელი მხოლოდ მზის სისტემის კლდოვან პლანეტებზეა. ეს აღმოჩენა უმნიშვნელოვანესია", — თქვა კვლევის წამყვანმა ავტორმა და მონრეალის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა, კაროლინ პიაულე-გორაიბმა.
მკვლევრების თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი უცნაური ეგზოპლანეტა პირდაპირ დააფიქსირეს.
კომენტარები