პატარა გვიმრა მსოფლიოში უდიდესი გენომით — ახალი რეკორდი
წყნარ ოკეანეში მდებარე იზოლირებულ კუნძულზე გავრცელებული გვიმრა ახლახან გინესის მსოფლიო რეკორდსმენი გახდა. მან ეს ტიტული იმით დაიმსახურა, რომ დედამიწაზე არსებულ ორგანიზმებს შორის უდიდესი გენომი აქვს, არადა თავად საკმაოდ მცირე ზომისაა.
ამ მცენარის სახელია Tmesipteris oblanceolata და მის უჯრედულ ბირთვში იმაზე 50-ჯერ მეტი დნმ-ია, ვიდრე ადამიანისაში. კერძოდ, მისი მხოლოდ ერთი უჯრედის დნმ რომ გავჭიმოთ, ის 106 მეტრ სიგრძეს მიაღწევს, სიმაღლით კი ბიგ-ბენს გადააჭარბებს (შედარებისთვის, ჩვენი დნმ-ის სიგრძე დაახლოებით 2 მეტრია).
ამ მაჩვენებლით ის რეკორდის წინა მფლობელს, იაპონურ Paris japonica-ს, 7%-ით სჯობნის. მეცნიერები ამბობენ, რომ ბიოლოგიური ზღვარი სწორედ ეს ეგონათ, მაგრამ Tmesipteris oblanceolata-მ ისინი საპირისპიროში დაარწმუნა.
აღნიშნული მცენარე ახალ კალედონიაში ხარობს, რომელიც საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიას მიეკუთვნება. ის მხოლოდ 5-დან 10 სანტიმეტრამდე სიგრძის იზრდება, ანუ ძალიან პატარაა. მეცნიერებმა ეს გვიმრა არქიპელაგის მთავარ კუნძულ გრანდ-ტერის მიმდებარედ შეისწავლეს. სწორედ მათმა კვლევამ გამოავლინა "უდიდესი გენომის" ახალი რეკორდი.
ადამიანის სხეულში 30 ტრილიონზე მეტი უჯრედია, თითოეულ მათგანში ბირთვია, რომელშიც დნმ გვხვდება. ესაა ის, რაც სიცოცხლის ერთგვარ ინსტრუქციას გვაძლევს. დნმ-ის ერთობლიობას გენომი ეწოდება, რომლის სიდიდეც დაახლოებით 20 000 ორგანიზმშია შესწავლილი. დედამიწაზე არსებული სიცოცხლის მრავალფეროვნებას თუ გავითვალისწინებთ, ეს საკმაოდ მცირე რაოდენობაა.
ცხოველებში ყველაზე დიდი გენომი წყლის ბინადარ Protopterus aethiopicus-ს ეკუთვნის, რომელსაც დნმ-ის შემადგენელი ნუკლეინის მჟავის დაახლოებით 130 მილიარდი ბაზური წყვილი აქვს, ანუ 130 გიგაბაზა. ადამიანის მაჩვენებელი 3.1 გიგაბაზაა.
რაც უფრო მეტია დნმ, მით უფრო დიდი უნდა იყოს უჯრედები, რათა ისინი დაიტიოს. მცენარეებში ეს ფორებისა და ფოთლების სიმრავლეში გამოიხატება, რის გამოც მათი ზრდა ნელდება. ფერხდება დნმ-ის ასლების წარმოქმნაც, რაც რეპროდუქციულ პროცესებზეც აისახება. ასევე, მსგავს მცენარეებს გარემოში მიმდინარე ცვლილებებთან ადაპტაციაც უჭირს.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ Tmesipteris oblanceolata-ს გენომი ნამდვილად სიდიდის მაქსიმალურ ზღვართან გვაახლოებს. ჯერჯერობით უცნობია, რა დანიშნულება აქვს ამდენ დნმ-ს ან თუ აქვს საერთოდ. შესაძლოა, მათი ფუნქცია ჯერ კიდევ აღმოსაჩენი გვქონდეს. ასეა თუ ისე, მსგავსი გენომის ევოლუციისა და მისი შედეგების შესახებ ამ ეტაპზე ბევრი არაფერი ვიცით.
კომენტარები