კაცმა საკუთარ მარანში მამონტის ძვლები აღმოაჩინა
კაცმა ავსტრიაში შემთხვევით ძალიან საინტერესო აღმოჩენა გააკეთა. ის საკუთარ მარანში იმყოფებოდა, როდესაც მოულოდნელად მისი ყურადღება გაურკვეველმა ნივთმა მიიპყრო. მან მამონტის ძვლები აღმოაჩინა და ის დაახლოებით 40 000 წლის წინანდელია. აღმოჩენა არქეოლოგებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
აღმოჩენა ავსტრიელმა კაცმა, ანდრეას პერნერსტორფერმა გააკეთა. ის ღვინის მარნის განახლებით იყო დაკავებული. ანდრეასმა თავიდან ნაშთებს დიდი ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ შემდეგ გაახსენდა, რომ ადრე ამ ადგილას ბაბუამისმა კბილებიც აღმოაჩინა. კაცს ეჭვი გაუჩნდა, რომ აღმოჩენა შეიძლება პრეისტორიული ყოფილიყო.
მან ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის (ÖAW) მკვლევრებს მიმართა. მკვლევრებმა ნაშთები კომპლექსურად შეისწავლეს და აღმოჩნდა, რომ მარანში მინიმუმ 3 მამონტის ძვლებია.
"მამონტების ასეთი მკვრივი ძვლის ფენა იშვიათია. მსგავსი ნიმუში ავსტრიაში პირველად აღმოვაჩინეთ", — თქვა გათხრების ხელმძღვანელმა, ჰანა პაროუ-სუშონმა.
მართლაც, სულ მცირე 100 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ავსტრიაში ან მის მეზობელ ქვეყნებში, ამის მსგავსი აღმოჩენაც კი არ გაუკეთებიათ.
მიუხედავად იმისა, რომ მამონტები დიდი ხანია რაც გადაშენდნენ, ისინი ჩვენში ინტერესს ახლაც იწვევენ. კვლევების მიხედვით, ჩვენი წინაპრები ამ გიგანტურ არსებებზე ნადირობდნენ და მათ ხორცს ჭამდნენ.
"ჩვენ ვიცით, რომ ადამიანები მამონტებზე ნადირობდნენ, მაგრამ ზუსტად როგორ შვრებოდნენ ისინი ამას, ბოლომდე უცნობია. მსგავსი აღმოჩენები შეკითხვებზე პასუხების მიღებაში გვეხმარება", — აღნიშნეს მკვლევრებმა.
ცნობისთვის, მეცნიერები მამონტების დაბრუნებაზე ფიქრობენ. Colossal Biosc-ს გადაშენებული მამონტების "გაცოცხლება" სურს. კომპანიის მიზნების მიხედვით, 2028 წელს ტეხასში ცოცხალი მამონტი იარსებებს.
"Colossal Biosciences არის პირველი კომპანია, რომელიც გადაშენებული ცხოველების დაბრუნებას გეგმავს. მიზანია, ზუსტად გამოვავლინოთ თუ რომელი გენები ასოცირდება ცხოველის ფიზიკურ მონაცემებთან. ვცდილობთ შევისწავლოთ არსების ნერვული დაბოლოებები დაბალ ტემპერატურაზე და როგორ გამოიმუშავებს ორგანიზმი ჰემოგლობინს", — განუცხადა IFLScience-ს კომპანიის დამფუძნებელმა, ბენ ლამმა.
კომენტარები