ნახეთ: ანტარქტიდის უზარმაზარი აისბერგი მოსწყდა
2024 წლის 20 მაისს ანტარქტიდაზე მდებარე ბრანტის შელფურ მყინვარს გიგანტური ზომის აისბერგი მოსწყდა, რომლის ფართობიც 380 კვადრატული კილომეტრია. ეს ბოლო 4 წელში ამ რეგიონში მსგავსი მასშტაბური მოვლენის მესამე შემთხვევაა.
პირველი 2021 წელს დაფიქსირდა, როცა კონტინენტს ყინულის გიგანტური მასა, ოფიციალური სახელწოდებით A-74, გამოეყო. მეორედ ეს 2023 წელს მოხდა, როცა მასზე კიდევ უფრო დიდი აისბერგი, A-81, განცალკევდა. რაც შეეხება უკანასკნელ მოვლენას, ამ დროს მოწყვეტილ აისბერგს A-83 უწოდეს.
A-83 უედელის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილშია განლაგებული, ამიტომ მისი სახელი A-ს შეიცავს. რიცხვი კი შეესაბამება ანტარქტიდის იმ კვადრანტს (წრის მეოთხედს), სადაც ის მდებარეობდა.
ბრანტის შელფური მყინვარისგან მისი გამოყოფა დედამიწაზე დასაკვირვებლად გაშვებულმა ხელოვნურმა თანამგზავრებმა გადაიღეს. ერთი მათგანი ევროპის კოსმოსური სააგენტოს Copernicus Sentinel-1-ა, მეორე კი NASA-ს Landsat 8. პირველმა სარადარო მონაცემები მოიპოვა, ხოლო მეორემ — თერმული.
აი, ისინიც:
სპეციალური სატელიტების მიერ, კლიმატის ცვლილების პარალელურად, ამ კონტინენტზე ყინულის დინამიკა მუდმივად კონტროლდება. მსგავს პროცესებზე ატმოსფერული და ოკეანური ტემპერატურის მატება სერიოზულ გავლენას ახდენს. როგორც ცნობილია, უკანასკნელი და წინა შემთხვევებიც ბრანტის შელფური მყინვარის ორ ნაწილში ყინულის შესუსტებითაა გამოწვეული.
Landsat 8-ის თერმული ფოტოები ყინულის სისქეზე გვაწვდის ინფორმაციას. ზედა ასეთ ფოტოს თუ დააკვირდებით, დაინახავთ, რომ უფრო თხელი ყინული შედარებით თბილი სპექტრითაა ნაჩვენები, რადგან გარემომცველი ღია წყლის მსგავსი ტემპერატურა აქვს. სქელი კონტინენტური ყინული, რა თქმა უნდა, ცივ სპექტრშია წარმოდგენილი.
აისბერგის მოწყვეტის ამგვარი შემთხვევები კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორ ზემოქმედებს პლანეტაზე გლობალური დათბობა. გარდა იმისა, რომ ყინულის ლღობა ზღვის დონის მატებისა და დატბორვების რისკს ზრდის, ეს ოკეანის მიერ მეტი რადიაციის შთანთქმასაც განაპირობებს, რის შედეგადაც ტემპერატურა უფრო იზრდება.
კომენტარები