აღმოაჩინეს დედამიწის ზომის პლანეტა, რომელზეც სასიცოცხლო პირობები შეიძლება იყოს
ჩვენგან 40 სინათლის წლის მოშორებით ასტრონომებმა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, რომელზეც შესაძლოა, სიცოცხლესთან თავსებადი პირობები იყოს. მისი რადიუსი ჩვენი მშობლიური ციური სხეულისას ძალიან ჰგავს, ამიტომ ასკვნიან, რომ ის მყარი, კლდოვანი, ობიექტია.
მას Gliese-12b ეწოდება.
დღესდღეობით მზის სისტემის მიღმა 5 000-ზე მეტი პლანეტაა აღმოჩენილი, თუმცა მათი უდიდესი ნაწილი დედამიწას ზომით აღემატება. ამის მიუხედავად, გამოვლენილია მომცრო ციური სხეულების შედარებით მცირერიცხოვანი პოპულაციაც, მაგრამ ძნელია იმის გარკვევა, თუ რამდენადაა თითოეულ მათგანზე სასიცოცხლო პირობები.
ძირითად კრიტერიუმებს შორის ის მანძილია, რომელიც მათ საკუთარი ვარსკვლავისგან აშორებს. კერძოდ, ობიექტი განლაგებული უნდა იყოს რეგიონში, სადაც ტემპერატურა წყლის თხევად მდგომარეობაში შენარჩუნებას უზრუნველყოფს, სხვა შემთხვევაში სითხე ან გაიყინება, ან აორთქლდება. დედამიწა სწორედ ასეთი ზონის შუაში მდებარეობს, მარსი და ვენერა კი მისი კიდეების მიმდებარედაა.
Gliese-12b სპეციალისტებმა ტელესკოპ TESS-ის მონაცემებში დააფიქსირეს და დამატებით სხვა ობსერვატორიების მეშვეობითაც გამოიკვლიეს. დადგინდა, რომ ის წითელი ჯუჯა ტიპის ვარსკვლავის გარშემო ორბიტაზე მოძრაობას 12.76 დღეს ანდომებს. ეს მნათობი მზეზე პატარა და ნაკლებად მცხუნვარეა, ამიტომ მასთან ეგზოპლანეტის ამგვარი სიახლოვე საშიში არაა.
ციური სხეულის ზედაპირზე ტემპერატურა 42°C უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ მას ატმოსფერო არ აქვს. შედარებისთვის, დედამიწის საშუალო მაჩვენებელი 15°C-ს უდრის. Gliese-12b-ს ვარსკვლავისგან იმ გამოსხივების დაახლოებით 85% გადაეცემა, რაც ვენერას — მზისგან. ჩვენს მეზობელ პლანეტაზე სქელი აირადი გარსია, რომელიც ძლიერ სათბურის ეფექტს წარმოქმნის და ტემპერატურას 464°C-მდე ზრდის. შესაბამისად, ატმოსფეროს სასიცოცხლო პირობების მხრივ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
ჯერჯერობით უცნობია, აქვს თუ არა Gliese-12b-ს ატმოსფერო. აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემით უკეთ დავადგენთ, რამდენადაა შესაძლებელი, რომ იქაურ გარემოში სიცოცხლემ იარსებოს. მეცნიერები ამბობენ, რომ სხვა ამგვარ ციურ სხეულებს შორის ის მსგავსი საკითხის შესასწავლად ყველაზე ხელსაყრელია, რადგან მისი ვარსკვლავი აქტიურობით არ გამოირჩევა, ჩვენ შორის დისტანცია კი საკმაოდ მცირეა.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოქვეყნდა.
კომენტარები