ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
რა მოხდა: დღეს, 17 მაისს, საქართველოში "ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე" აღნიშნეს.
საპატრიარქოს ორგანიზებით, თბილისში მსვლელობა გაიმართა.
რატომ 17 მაისი: ამ დღეს მსოფლიო ჰომოფობიის, ბიფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა სწორედ 17 მაისს, 1990 წელს ამოიღო დაავადებათა ნუსხიდან.
- ჰომოფობიის, ბიფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღეს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, საუბრობენ ლგბტქი+ თემის უფლებებზე, ცდილობენ ამ საკითხებთან დაკავშირებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
ამ დღის აღნიშვნას, უკვე წლებია, საქართველოში, თემის წევრები და მათი მხარდამჭერები, ჰომოფობიური ჯგუფების თავდასხმების ფონზე ცდილობენ.
2013 წლის 17 მაისს თბილისში, პუშკინის სკვერში შეკრებილ ლგბტ თემის წევრებს, ფიზიკურად დაუპირისპირდა სასულიერო პირების და მრევლის ნაწილი.
დაშავდა აქციის რამდენიმე მონაწილე.
მომდევნო, 2014 წელს კი, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის საპირწონედ, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა.
მას შემდეგ, 17 მაისს დედაქალაქის მთავარი ქუჩიდან, ქაშვეთის ეკლესიიდან სამებამდე მსვლელობა ეწყობა, თუმცა ეს დღე უქმე არასოდეს ყოფილა.
წლევანდელი 17 მაისი გამონაკლისი აღმოჩნდა.
- 2 თვის წინ, 25 მარტს ცნობილი გახდა, რომ ქართულმა ოცნებამ შეიმუშავა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც ლგბტ პირთა უფლებებს და გამოხატვის თავისუფლებას მნიშვნელოვნად შეზღუდავს.
- დღევანდელი მსვლელობის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ "დღეს ბოლო დღე იყო [საკონსტიტუციო ცვლილებების] საყოველთაო სახალხო განხილვის, თბილისში და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საქართველოს ასობით ათასი მოქალაქის გამოსვლით, ფაქტობრივად, რეფერენდუმი შედგა. ქართველმა ხალხმა ამ კონსტიტუციურ კანონპროექტს თავისი გამოსვლით, ხმის გაგონებით მხარი დაუჭირა".
ფოტოებში: რა ხდებოდა დღეს, 2024 წლის 17 მაისს თბილისში
- თავდაპირველად, 12:00 საათზე, მოქალაქეები და სასულიერო პირები ქაშვეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ.
- ქაშვეთის ეკლესიაში, სადაც პარაკლისი მიმდინარეობდა, ოჯახის წევრებთან ერთად მივიდნენ ქართული ოცნების ლიდერები: ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი, არჩილ თალაკვაძე, მიხეილ სარჯველაძე, ოთარ შამუგია, გიორგი ამილახვარი ირაკლი ქარსელაძე, ვიქტორ სანიკიძე.
- პარაკლისის დასრულების შემდეგ, მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით დაიწყო.
- მსვლელობის დროს, მოქალაქეებს ცხენოსნებიც შეუერთდნენ.
- "ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე" სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა.
- სამების ტაძარში, სამადლობელი პარაკლისის შესრულებას, ქართული ოცნების ლიდერებიც დაესწრნენ.
კომენტარები