როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
ახალი კვლევის თანახმად, უძველეს ადამიანებში სახეობათაშორისი კონკურენცია სხვა ხერხემლიანების ევოლუციის საპირისპიროა.
წლების განმავლობაში, მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ჰომინიდის სახეობების (თანამედროვე ადამიანები და ჩვენი უშუალო წინაპრები) აღმავლობისა და დაცემის მთავარი განმსაზღვრელი კლიმატის ცვლილება იყო. თუმცა, ასევე ცნობილია, რომ ამ მხრივ სახეობათაშორისი კონკურენციაც მნიშვნელოვანი ფაქტორია.
Nature Ecology & Evolution-ში გამოქვეყნებული ნაშრომი 5 მილიონი წლის განმავლობაში ჰომინიდების ახალი სახეობების გაჩენას იკვლევდა. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ჰომინიდების ევოლუცია სხვა სახეობებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა.
"აქამდე უგულებელვყოფდით იმას, თუ როგორ აყალიბებს სახეობებს შორის კონკურენცია ჩვენს ევოლუციურ ტოტს. კლიმატის გავლენა ჰომინიდის სახეობებზე მხოლოდ ამბის ნაწილია. ჩვენი კვლევის თანახმად, სახეობათაშორისი კონკურენცია იყო მთავარი ევოლუციური ფაქტორი", — თქვა კვლევის ავტორმა დოქტორმა ლორა ვან ჰოლშტეინმა.
ხერხემლიანთა უმეტესობაში სახეობები ეკოლოგიური "ნიშების" შესავსებად ვითარდება.
მკვლევრების თქმით, ჰომოს სახეობების მატებასთან ერთად, იზრდებოდა დაყოფები მათ შორის.
ვან ჰოლშტაინმა ჰომინინების სახეობების შესახებ ბაზა შექმნა და მასში 83 ჩანაწერი გააკეთა. ის ამით შეეცადა გაერკვია თუ როდის ჩნდებოდა და ქრებოდა ჰომინიდების სახეობები.
ვან ჰოლშტეინის აღმოჩენებს შორის არის ის, რომ ადამიანების სახეობებს შორის პირდაპირი ანაგენეზი არ მომხდარა, ანუ ერთი სახეობა მეორედ არ გარდაქმნილა. მკვლევრების თქმით, ცვლილებები უფრო "განტოტვის" სახით ხდებოდა.
მაგალითად, ითვლებოდა, რომ ჰომინიდის სახეობა Australopithecus afarensis წარმოიშვა Australopithecus anamensis-დან (ანაგენეზის გზით). თუმცა, მოდელმა აჩენა, რომ ეს ასე არ არის.
მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტორი: ჰომოს სახეობების ნიმუში ვარაუდობს, რომ ევოლუციის მხრივ გასათვალისწინებელია ტექნოლოგიები. ამით ჰომინიდები ყველა სხვა სახეობებისგან განსხვავდებიან.
"ქვის იარაღებისა და ცეცხლის გამოყენება უმნიშვნელოვანესი იქნებოდა. სწორედ ამას უნდა განესაზღვრა ჰომინიდების შემდგომი ევოლუცია", — აღნიშნულია კვლევაში.
მკვლევრები თანხმდებიან, რომ სწორედ ასეთმა უნარებმა გააჩინა ახალი შესაძლებლობები და ამით ჰომინიდები სრულიად განსხვავებული ევოლუციის გზას დაადგნენ.
კომენტარები