ჩვენი გალაქტიკის მასშტაბით ყველაზე მასიური ვარსკვლავური შავი ხვრელი აღმოაჩინეს
ასტრონომებმა აღმოაჩინეს ვარსკვლავური შავი ხვრელი, სახელად Gaia BH3, რომელიც ირმის ნახტომის გალაქტიკის ფარგლებში ყველაზე მასიურია. ის ევროპის კოსმოსური სააგენტოს ტელესკოპით Gaia დააფიქსირეს, დამატებითი მონაცემები კი ხმელეთზე განლაგებული ობსერვატორიების მეშვეობით მოიპოვეს.
მეცნიერებს შავი ხვრელის არსებობაზე მისი კომპანიონი ვარსკვლავის ერთგვარმა რხევამ მიახვედრა, რაც მათი გრავიტაციული ურთიერთქმედებითაა განპირობებული. დადგინდა, რომ Gaia BH3 მზეზე 33-ჯერ მასიურია. შედარებისთვის, ჩვენს გალაქტიკაში ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე 21 მზის მასის მქონე Cygnus X-1-ა.
აღსანიშნავია ისიც, რომ Gaia BH3 საკმაოდ მცირე დისტანციაზე მდებარეობს. კერძოდ, ჩვენ შორის მანძილი დაახლოებით 2 000 სინათლის წელია, რითაც მან დედამიწასთან ყველაზე ახლომდებარე რიგით მეორე შავი ხვრელის სტატუსი მოიპოვა.
ვარსკვლავური შავი ხვრელები მნათობების გრავიტაციული კოლაფსის შედეგად წარმოიქმნება და მათ ზემასიურ შავ ხვრელებზე ბევრად ნაკლები მასა აქვს. ასეთ მცირე მანძილზე მსგავსი ობიექტის აღმოჩენა სპეციალისტებისთვის მოულოდნელი იყო, თუმცა Gaia-ს მონაცემებში მისი აშკარა კვალი შენიშნეს. ჩილეში მდებარე ძალიან დიდი ტელესკოპისა და სხვა ობსერვატორიების მეშვეობით მათ Gaia BH3-ის მასა გამოთვალეს.
ასეთი მასიური შავი ხვრელები მეცნიერებს აქამდე ირმის ნახტომის მიღმაც აღმოუჩენიათ. გავრცელებული თეორიის თანახმად, მათ წარმომშობ ვარსკვლავებში წყალბადსა და ჰელიუმზე უფრო მძიმე ქიმიური ელემენტების ძალიან მცირე რაოდენობაა. სიცოცხლის განმავლობაში ამგვარი მნათობები ბევრ მატერიას არ კარგავს, ამიტომ სიკვდილისას საკმაოდ მასიურ შავ ხვრელებს ქმნის.
Gaia BH3 სწორედ ამის დასტურია, რაზეც მისი წარმომშობი ვარსკვლავის კომპანიონი მნათობის შემადგენლობა მიუთითებს, რადგან მასში მძიმე ელემენტების სიმწირეა.
ავტორთა ნაშრომის პირველადი ვერსია გამოცემაში Astronomy & Astrophysics გამოქვეყნდა.
კომენტარები