ბასიანი

28 Mar. 2024, 23:37

ვეხმაურებით მავნებლურ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ე.წ "ლგბტ პროპაგანდის" ამკრძალავი კანონის შესახებ, რომელიც პირველად რუსეთში შეიქმნა და მას შემდეგ, მისი მიღება მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში გახდა შესაძლებელი, რომელსაც ულტრამემარჯვენე, ფაშისტური მთავრობები მართავენ.

ჰომოფობიური ინიციატივა წარმოადგენს პირდაპირ, აგრესიულ შეტევას ქვიარ ადამიანებზე, რომლებიც წლების განმავლობაში განიცდიან ინსტიტუციონალიზებულ ზეწოლას პოლიტიკური და რელიგიური ისტებლიშმენტის მიერ, რომლებიც ხელოვნურად აღვივებენ კონფლიქტებს, საზოგადოებრივი ჯგუფების დაყოფისა და ამ გზით, მათზე სრული კონტროლის მოპოვების მიზნით. ეს არის ხელისუფლების ამაო მცდელობა, ჩაახშოს ყველა კრიტიკული ხმა.

კანონი სრულად ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას საჯარო და თავისუფალი სახელოვნებო საქმიანობის ფაქტობრივად ყველა სფეროზე; საფრთხე ემუქრება საკლუბო კულტურას, ქვიარ წვეულებებსა და ბოლო წლების განმავლობაში შექმნილ დრეგ კულტურას, რომელიც თანამედროვე ქართული ალტერნატიული კულტურის მონაპოვარია.

საზოგადოებრივი მორალისა და ოჯახის ღირებულებების დაცვის მოტივით ამ კანონის მიღება არის პოპულისტური აბსურდი. ქართულ საზოგადოებას, და მოწყვლად ჯგუფებს დღეს დაცვა სჭირდებათ პირველ რიგში უთანასწორო, გულგრილი და არაადამიანური სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკისგან, რომელმაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ტანჯვისთვის გაწირა და ქვეყნიდან გაქცევა აიძულა, და რომლის შემქმნელიც არის დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კლასი.

მარტის აქციები, როდესაც ხალხის რისხვამ ხელისუფლებას რუსული კანონის მიღების შესაძლებლობა არ მისცა, გაკვეთილი უნდა იყოს მათთვის, ვინც მუდმივად ცდილობს, უგულებელყოს ჩვენი მტკიცე და ურყევი მიზანი, შექმნას თავისუფლებაზე, თანასწორობასა და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოება.

ხელისუფლება კიდევ ერთხელ ცდილობს, ქვეყნის პოლიტიკური და კულტურული გარემო რუსულ რეპრესიულ მეთოდებს დაუქვემდებაროს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას და პარლამენტის წევრებს, უარი თქვან საკონსტიტუციო ცვლილების მიღებასა და განხორციელებაზე, რომლის მიღებას, გვჯერა, რომ ჩვენი საზოგადოება არ დაუშვებს.

იმედი გვაქვს, საზოგადოება უკომპრომისოდ დაუდგება ქვიარ ადამიანებს გვერდში ამ მძიმე დროს და გამოხატავენ სოლიდარობას, რომელიც ახლაც, როგორც ყოველთვის, ყველაზე დიდი ძალაა რეპრესიული სისტემის შესაჩერებლად.

— კლუბმა განცხადება ინსტაგრამზე გაავრცელა და ამით ეხმიანებიან ქართული ოცნების მიერ ინიციირებულ ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ კანონპროექტს, რომელიც საკანონმდებლო და საკონსტიტუციო ცვლილებებს ითვალისწინებს.

მოქმედ, 2020 წლის მოწვევის პარლამენტში ქართულ ოცნებას ამის შანსი არ აქვს, რადგან არ ფლობს საკონსტიტუციო უმრავლესობას და ვერ შეიტანს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

საამისოდ, მათ სჭირდებათ საკონსტიტუციო წარმომადგენლობა მომდევნო, 2024 წლის პარლამენტში. ეს არის მინიმუმ, 113 დეპუტატი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნათია თურნავა: ოთხმა ქართულმა ბანკმა SWIFT-ის ჩინურ ანალოგ CIPS-ში პირდაპირი წევრობის სურვილი გამოხატა
  2. OC Media: განქორწინების შემდეგ, ფაშინიანის მეუღლის წინააღმდეგ შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს
  3. ტრამპი აცხადებს, რომ ირანს მოლაპარაკებების დაწყება სურს — ბოლო ცნობები ირანიდან
  4. მოვლენების განვითარების რა სავარაუდო სცენარები არსებობს ირანში? — ინტერვიუ გიორგი კობერიძესთან
  5. ლავროვი: აშშ არ დაკმაყოფილდება მხოლოდ ვენესუელით, ირანითა და კუბით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

საქართველოს ბანკის YouTube პროექტი — ფორმაში გრძელდება — უყურეთ მეორე ეპიზოდს

საქართველოს ბანკის YouTube პროექტი ფორმაში გრძელდება და მაყურებელს აძლევს შესაძლებლობას, მათთვის საყვარელი სპორტსმენები…