როგორ გადაურჩნენ ადრეული ადამიანები კლიმატის ცვლილებას — კვლევა
იცოდით, რომ დაახლოებით 900 000 წლის წინ ჩვენი შორეული წინაპრები თითქმის სრულად გადაშენდნენ?
შარშან გამოქვეყნებული გენომიკის კვლევის შედეგების მიხედვით, იყო პერიოდი, როდესაც თანამედროვე ადამიანის წინაპარი 1 300 ინდივიდამდე შემცირდა. ახლა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს გადაშენების პროცესი აფრიკიდან მიგრაციის პარალელურად ხდებოდა. ამ დროს ემთხვევა დედამიწაზე კლიმატის ცვლილებაც, რის შედეგადაც ბევრი სახეობა გადაშენდა.
ადრეული ადამიანების აფრიკიდან მიგრაციის (გავლილი გზის) აღდგენა ძალიან რთულია. ძირითადი მტკიცებულება რაც გვაქვს, ეს ძვლებისა და ქვის იარაღების ნაშთებია. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უძველეს ადამიანებს აფრიკა ერთ ტალღად არ დაუტოვებიათ და ისინი ამას ჯგუფებად, ეტაპობრივად აკეთებდნენ.
საინტერესოა, რომ ბოლო ორმა კვლევამ უძველესი ადამიანების ეს მიგრაცია პოპულაციის შემცირებასთან დააკავშირა. მეორე მხრივ, პოპულაციის ასეთმა შემცირებამ გენეტიკური მრავალფეროვნების დაკარგვა გამოიწვია. ეს დაახლოებით 900 000 წლის წინ მოხდა.
მონაცემების სიმწირე კლიმატის ცვლილების ფაქტორების განსაზღვრას ართულებდა. ამიტომ, საჭირო იყო მეტი კვლევა.
მკვლევრებმა ხელახლა შეისწავლეს ჩანაწერები და აღმოაჩინეს 900 000 წლით დათარიღებული სამარხები. შემდეგ, მათ თავიანთი აღმოჩენები ზღვის ნალექის ჩანაწერებს შეადარეს. ცნობისთვის, ზღვის ნალექის ანალიზით კლიმატის ცვლილებაზე და ზოგადად ტემპერატურაზე ბევრი რამის გაგება შეიძლება.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მიგრაცია და კლიმატის ცვლილება მართლაც ერთდროულად ხდებოდა. შუა პლეისტოცენის გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, ოკეანის გლობალური დონე დაეცა. შედეგად, აფრიკა და აზია გამოშრა. აფრიკაში მცხოვრებ ჰომინიდებს საშინელი პირობები შეექმნებოდათ, რაც მათ საკვებისა და წყლის მოპოვებას ძალიან გაურთულებდა. საბედნიეროდ, ზღვის დონის კლებასთან ერთად, სახმელეთო მარშრუტები ევრაზიისკენ ხელმისაწვდომი გახდა და მათ საჭირო მიგრაცია შეძლეს.
თუმცა, მკვლევრების თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ მიგრაციები აქამდე არ ხდებოდა.
"ვვარაუდობთ, რომ მომატებულმა სიმშრალემ ადრეულ ადამიანებს აფრიკის დატოვებისკენ უბიძგა. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას 900 000 წლის წინ მომატებული მიგრაცია და ამის პარალელურად, გენომის მრავალფეროვნების შემცირება", — ამბობენ მკვლევრები.
შედეგები ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები