დადასტურებულია, რომ მარსს ორბიტაზე ახალი კომპანიონი გამოუჩნდა
ასტრონომებმა დაადასტურეს, რომ იმავე ორბიტაზე, რომელზეც მარსი მოძრაობს, ახალი ასტეროიდი გადაადგილდება. ის ჩვენს მეზობელ წითელ პლანეტას წინ უსწრებს და ასეთი სხეულების უმეტესობისგან განსხვავებით, შესაძლოა, არასტაბილური ორბიტა ჰქონდეს. ეს მის წარსულზე გარკვეულ ინფორმაციას გვაწვდის.
მსგავს ობიექტებს მეცნიერები "ტროელებს" უწოდებენ. ასეთი ასტეროიდები 2 სხეულის (ამ შემთხვევაში, მზისა და მარსის) გრავიტაციული გავლენის გათვალისწინებით 5 წერტილში შეიძლება მდებარეობდეს ისე, რომ პლანეტის ორბიტა გაიზიაროს. ამას ლაგრანჟის წერტილები ეწოდება.
აი, ისინიც:
დედამიწის ტროელ კომპანიონთა რაოდენობა 2-ია, მარსისა კი 17. მათგან წითელი პლანეტის წინმსწრებ პოზიციაზე, ახლახან დადასტურებული 2023 FW14-ის გარდა, მხოლოდ 1999 UJ7-ის სახელით ცნობილი ასტეროიდია. მათ შორის შესაძლოა, გარკვეული კავშირი იყოს.
"მიუხედავად იმისა, რომ აქამდე ცნობილი 16 ტროელის ორბიტული ევოლუცია სტაბილურია, ახალი ასტეროიდის შემთხვევაში ასე არაა.
მისი წარმომავლობის ორი ახსნა გვაქვს: ის შესაძლოა, ტროელ 1999 UJ7-ის ფრაგმენტი იყოს ან შესაძლოა, წითელ პლანეტას ასტეროიდთა იმ პოპულაციიდან მიეზიდა, რომელიც დედამიწასთან ახლოს მდებარეობს და მარსის ორბიტას კვეთს", — აცხადებენ სპეციალისტები.
2023 FW14-ს ტროელის სტატუსი კანარის დიდი ტელესკოპის მეშვეობით მიენიჭა, რომლითაც ობიექტის სინათლის სპექტრიც შეისწავლეს. ეს სხეულის შედგენილობის გამოკვლევის საშუალებას იძლევა. დადგინდა, რომ სპექტრულად ის 1999 UJ-სგან განსხვავდება, მაგრამ ორივე მათგანი ასტეროიდთა პრიმიტიულ ტიპს მიეკუთვნება. ამ მხრივ L5 წერტილში განლაგებულ ტროელებსა და მათ შორის საკმაო კონტრასტია, რადგან ლაგრანჟის მეხუთე წერტილში სილიკატებით მდიდარი ობიექტებია.
ყველა მათგანი უდიდეს ტროელ ევრიკას უკავშირდება. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ L4 წერტილში არსებული ეს ორი ასტეროიდიც ასეთ მსგავსებას იზიარებდეს. ასეა თუ ისე, ავტორებს მიაჩნიათ, რომ 2023 FW14 მარსის ტროელი კომპანიონი მხოლოდ დროებითაა.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Astronomy & Astrophysics გამოქვეყნდა.
კომენტარები