რა ხდება: რუსეთის ცესკო-მ ოქმების 99.7% დაამუშავა. საპრეზიდენტო არჩევნებში, უდიდესი უპირატესობით, ვლადიმირ პუტინი ლიდერობს.

დეტალები: რუსული პროპაგანდისტული რია ნოვოსტის ცნობით,

  • პუტინს აქვს ხმების 87.31%;
  • ნიკოლაი ხარიტონოვს (კომუნისტური პარტია) — 4.30%;
  • ვლადისლავ დავანკოვს (ახალი ხალხი) — 3.83%;
  • ლეონიდ სლუცკის (ლიბერალ-დემოკრატიული პარტია) — 3.21%.

პუტინის სამივე მეტოქე მხარს უჭერს კრემლის პოლიტიკას.

არჩევნებში არ მისცეს მონაწილეობის უფლება ოპოზიციონერ კანდიდატს, ბორის ნადეჟდინს.

ვრცლად ამ თემაზე — რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევენ კანდიდატს, რომელიც უკრაინაში ომის წინააღმდეგია

"ხალხის მხარდაჭერის წარმოუდგენელი დონე საუკეთესო მტკიცებულებაა იმისა, რომ არჩევნების არალეგიტიმურობის შესახებ სპეკულაციებს საფუძველი არ აქვს", — თქვა პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა.

ინციდენტები კენჭისყრის პარალელურად: საპრეზიდენტო არჩევნების ბოლო დღეს, რუსეთის 17 ქალაქში 75-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

  • ყველაზე მეტი ადამიანი დაკავებულია ყაზანში (სულ მცირე 29) და მოსკოვში (სულ მცირე 19).
  • ვრცელდება ინფორმაცია დაკავებების შესახებ სანკტ-პეტერბურგშიც.

ინციდენტები საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პირველივე დღეს დაიწყო — სხვადასხვა რეგიონში, ამომრჩევლები, საარჩევნო ყუთში ასხამდნენ მელანს.

  • სანკტ-პეტერბურგში 21 წლის ქალმა სკოლის შენობის შესასვლელში, სადაც საარჩევნო უბნები იყო განთავსებული, მოლოტოვის კოქტეილი შეაგდო. ის დააკავეს.

ბოლო ხაზი: კენჭისყრა რუსეთში 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, უბნები 15 მარტს გაიხსნა.