მარსზე ახალი გიგანტური ვულკანი აღმოაჩინეს
მარსის ეკვატორის სამხრეთითა და მარინერის უზარმაზარი ხეობის დასავლეთით ასტრონომებმა ახალი ვულკანი აღმოაჩინეს, რომელსაც Noctis Mons ეწოდება.
მისი სიმაღლე 9 022 მეტრია, სიგანე კი 450 კილომეტრს შეადგენს. ამგვარი მასშტაბურობა მიანიშნებს, რომ ის აქტიური ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ვულკანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში არსებული დანალექის ქვეშ მყინვარული ყინულის მასის კვალსაც მიაგნეს. ამგვარი მახასიათებლების გამო ეს ადგილი წითელი პლანეტის გეოლოგიური ევოლუციის შესასწავლად მნიშვნელოვანია.
მაინც აქამდე როგორ ვერ შენიშნეს მეცნიერებმა, რომ ამ არეალში ასეთი დიდი ზომის ვულკანი იყო?
საქმე ისაა, რომ Noctis Mons ძლიერ ეროზირებულია, მაგრამ მის ზოგიერთი მახასიათებელზე დაკვირვებით სპეციალისტებმა ვულკანის იდენტიფიცირება შეძლეს. მაგალითად, ცენტრალური ნაწილი გამოკვეთილია ბრტყელი ზედაპირის მქონე რამდენიმე შემაღლებით, რომელთა ერთობლიობაც რკალის ფორმას მქნის. გარე ფერდობები სხვადასხვა მიმართულებით 225 კილომეტრ მანძილზე ვრცელდება.
კალდერას, ანუ კრატერული ღრმულის, ნარჩენი Noctis Mons-ის შუაგულთან ახლოსაა განლაგებული. მთლიანი სტრუქტურის ტერიტორიაზე ფიქსირდება პიროკლასტური, იგივე ვულკანური, მატერიაც: ფერფლი, პემზა, ტეფრა და სხვა.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ამ რეგიონში ჰიდრატირებული მინერალების მრავალი სახესხვაობა გვხვდება, რომლებიც ამა თუ იმ პერიოდს ეკუთვნის. დიდი ხნის განმავლობაში ვარაუდობდნენ, რომ მათი წარმომავლობა ვულკანიზმს უკავშირდება, ამიტომ იქ Noctis Mons-ის აღმოჩენა მოულოდნელი არ ყოფილა.
მასთან ახლოს ასტრონომებმა 5000 კმ2 ფართობის არეალსაც მიაგნეს, რომელიც ვულკანურ დანალექს უკავია. იქ დაბალი, მომრგვალებული და წაგრძელებული ბორცვები დიდი რაოდენობითაა თავმოყრილი. ეს უსწორმასწორო ზედაპირი წყლით ან ყინულით მდიდარი ფენის ზემოთ ცხელი ვულკანური მატერიის თხელი შრის "დაფენის" შედეგად უნდა გაჩენილიყო.
Noctis Mons-მა ცვლილებების დიდი გზა განვლო. მან თერმული და მყინვარული ეროზია განიცადა, რასაც ნაპრალების წარმოქმნაც დაერთო. ამის გამო ის მეცნიერებისთვის მარსის გეოლოგიური ისტორიის შესასწავლად კარგი საკვლევი ნიმუშია. ასევე, პოტენციურად, სიცოცხლის ნიშნების გამოსაკვლევადაც, რადგან ამ შედარებით თბილ რეგიონში შესაძლოა, ყინულის მასა ჯერ კიდევ იყოს შენარჩუნებული.
ავტორებმა ზემოხსენებული შედეგები ახლახან გამართულ კონფერენციაზე წარადგინეს.
კომენტარები