რუსეთს, ჩინეთთან ერთად, მთვარეზე ბირთვული რეაქტორის აშენება სურს
რუსეთის კოსმოსურმა სააგენტო როსკოსმოსმა განაცხადა, რომ ჩინეთთან ერთად მთვარეზე 2035 წლისთვის ბირთვული რეაქტორის აშენებას გეგმავს. ეს მოწყობილობა ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზე ენერგიით მოამარაგებს მათ ბაზას, რომლის შექმნაც პირველად 2021 წელს დააანონსეს.
მას International Lunar Research Station (ILRS) ერქმევა და, როგორც ეს ქვეყნები ამბობენ, სხვა სახელმწიფოებისთვისა და პარტნიორებისთვისაც ღია იქნება. ამის მიუხედავად, აშშ-სთან მსგავსი თანამშრომლობა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ჩინეთთანაც და რუსეთთანაც მას დაძაბული ურთიერთობა აქვს. მეტიც, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი აპირებს, რომ 2025 წლამდე საერთაშორისო კოსმოსური სადგური დატოვოს, რაც მის მიმართ უკრაინაზე თავდასხმის გამო დაწესებული სანქციების პასუხია.
როსკოსმოსმა ბირთვული რეაქტორის აშენების შესახებ გეგმები საზოგადოებას 5 მარტს გააცნო.
"სერიოზულად განვიხილავთ პროექტს, რომელიც ჩინელ კოლეგებთან ერთად 2033-35 წლისთვის მთვარის ზედაპირზე ენერგიის წყაროს გაგზავნასა და დადგმას გულისხმობს" — აცხადებს როსკოსმოსის ხელმძღვანელი, იური ბორისოვი.
მისი თქმით, მთვარეზე რეაქტორის აშენების პროცესი ავტომატურად, ადამიანის გარეშე, წარიმართება. ასევე, ის ამბობს, რომ ამ ყველაფრისთვის საჭირო ტექნოლოგია თითქმის მზადაა. რუსეთს სურს, დედამიწის ერთადერთ თანამგზავრზე ბაზის ასაშენებლად ტვირთი ბირთვულ ძრავებზე მომუშავე რაკეტით გაუშვას.
აღსანიშნავია, რომ ასეთი ბირთვული რეაქტორები მთვარეზე ენერგიის უფრო ეფექტიანი წყარო იქნება, ვიდრე მზის პანელები. შესაბამისად, იმავე ტექნოლოგიაზე სხვა ქვეყნებშიც მუშაობენ, მათ შორის დიდ ბრიტანეთში (NASA-სთვის).
უნდა ითქვას, რომ არც ჩინეთსა და არც რუსეთს მთვარის ზედაპირზე ასტრონავტები არ დაუსვამს. ამავე დროს რუსეთის ბოლო მცდელობა, მთვარეზე გაეშვა მისია Luna-25, წარუმატებლად დასრულდა. კერძოდ, მათი ხომალდი მთვარეს შეეჯახა და ამის გამო იქ 10-მეტრიანი კრატერიც კი წარმოქმნა.
რუსეთისგან განსხვავებით, ჩინეთს მთვარე შედარებით ათვისებული აქვს. მისი აპარატები იქ 2013 წლიდან არის, როცა მისია Chang'e 3 გაუშვა. წარმატებული აღმოჩნდა Chang'e 4 და Chang'e 5-იც, რომლებიც 2019-20 წლებში განახორციელა. ეს ქვეყანა მთვარეზე ადამიანების გაგზავნას 2030 წლამდე გეგმავს. შედარებისთვის, NASA ამას პროგრამა Artemis-ის ფარგლებში 2026 წელს ეცდება.
კომენტარები