წელს ღამის ცაზე "ახალი ვარსკვლავი" გამოჩნდება — იშვიათი კოსმოსური მოვლენა
მიმდინარე წელს ღამის ცაზე შეუიარაღებელი თვალით ვარსკვლავის აფეთქებას ვიხილავთ, რაც ამ კოსმოსურ მოვლენაზე დაკვირვების იშვიათ შესაძლებლობას მოგვცემს.
ეს სისტემა T Coronae Borealis-ში მოხდება, რომელიც ჩვენგან დაახლოებით 3000 სინათლის წლითაა დაშორებული. იქ წითელი გიგანტი ვარსკვლავი და მისი თეთრი ჯუჯა კომპანიონი მნათობია, რომლებიც ერთმანეთის გარშემო მოძრაობს. როცა ეს უკანასკნელი მეზობელი ობიექტისგან საკმარის მატერიას მიიზიდავს, ის ბირთვული რეაქციების გამო აფეთქდება და აკაშკაშდება. ამას "ახალ ვარსკვლავს", ნოვას, უწოდებენ.
ეს მოვლენა 2024 წლის სექტემბრამდეა მოსალოდნელი. ნათელი წერტილი ცაზე ისეთივე ელვარე გამოჩნდება, როგორიც ჩრდილოეთის ვარსკვლავია. ის დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში იქნება ხილული, შემდეგ კი გაქრება.
მეცნიერები ამბობენ, რომ მსგავსი რამ დაახლოებით ყოველ 80 წელიწადში ერთხელ ხდება. ეს ნოვა, რომელიც პერიოდულად "ენთება", ბოლოს 1946 წელს აკაშკაშდა. ირმის ნახტომის გალაქტიკაში მისი მსგავსი ობიექტების რაოდენობა მხოლოდ 5-ია.
"ახალი ვარსკვლავის" დანახვას ჩრდილოეთის გვირგვინის თანავარსკვლავედის მიმდებარედ შეძლებთ, რომელიც ჰერკულესისა და მენახირის თანავარსკვლავედებს შორისაა მოქცეული.
"როგორც კი სიკაშკაშე პიკს მიაღწევს, ის შეუიარაღებელი თვალით რამდენიმე დღე იქნება ხილული. ერთი კვირის შემდეგ კი ბინოკლებით დავინახავთ, სანამ ისევ ჩაქრება, სავარაუდოდ, კიდევ 80 წლით", — აცხადებენ NASA-ში.
საქმე ისაა, რომ წითელი გიგანტი ვარსკვლავის გარე ატმოსფერო ფართოვდება. მასთან თეთრი ჯუჯა საკმარისად ახლოსაა იმისთვის, რომ ეს მატერია შთანთქას, რაც მას აცხელებს და თერმობირთვულ რეაქციებს ედება საფუძვლად. სწორედ ეს განაპირობებს მის ერთგვარ აფეთქებას. როცა თეთრი ჯუჯა მატერიის ახალ რაოდენობას ისევ მიიზიდავს, მომდევნო ანთებაც მაშინ იქნება, ანუ დაახლოებით 80 წელში.
კომენტარები