როცა ტყე იჩეხება, ანუ გაუტყეურება და მისი შედეგები — ინტერვიუ კახა არცივაძესთან
კლიმატის ცვლილებაზე მრავალი ფაქტორი ზემოქმედებს და თავად კლიმატის ცვლილებაც გარემოს მრავალმხრივ ცვლის. ამ პროცესზე ანთროპოგენური, ანუ ადამიანთა საქმიანობასთან დაკავშირებული, გავლენა დიდია.
ნიადაგის დეგრადაციასთან და სათბურის ეფექტის გაძლიერებასთან ერთად, დღითიდღე ნადგურდება ტყეები, რომლებიც დედამიწის ერთგვარი ფილტვების ფუნქციას ასრულებს. ამის შედეგი არის მოვლენა, რომელსაც გაუტყეურება ეწოდება. ეს მცენარეული საფარის კარგვას გულისხმობს, რაც ჩვენი პლანეტის ეკოსისტემებისთვის ძალზე დამაზიანებელია და ხშირად ბუნებრივი კატასტროფების მიზეზიც ხდება.
ამ საკითხის შესახებ NEXT.On.ge-ს სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო ცენტრ "ნაკრესის" გამგეობის წევრი, კახა არცივაძე, ესაუბრა.
რა როლი აქვს ტყეებს დედამიწაზე ნორმალური კლიმატის შენარჩუნებაში და პირიქით, კლიმატს ტყეების შენარჩუნებაში?
კლიმატი ძალიან კომპლექსური მოვლენაა და მის განსაზღვრაში ბევრი სხვადასხვა ფაქტორი მონაწილეობს, მათ შორის ისეთი გლობალური მოვლენა, როგორიც დედამიწის ღერძის დახრილობის ცვლილებაა. მნიშვნელოვანი კომპონენტია ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციაც. როცა მისი მაჩვენებელი იმატებს, ეს სათბურის ეფექტს აძლიერებს, რაც საშუალო წლიური ტემპერატურის ზრდას იწვევს, შემცირება კი პირიქით, აცივებას განაპირობებს.
ნახშირბადის კონცენტრაცია ამ ელემენტის ციკლებზე, ანუ მიმოცვლაზე, დიდწილადაა დამოკიდებული. ჩვენ, ადამიანები, და ცხოველები ნახშირორჟანგს სუნთქვის შედეგად გამოვყოფთ, ემისიები ახლავს თან გეოლოგიურ პროცესებსაც. ნახშირორჟანგი გამოიყოფა ვულკანებიდან, ჭაობებიდან, გეიზერებიდან და ა.შ. ის შემდეგ მცენარეების მიერ შთაინთქმება და ატმოსფეროდან ორგანული ნივთიერებების სახით ბრუნდება.
ხის მერქანი და ფესვები, ანუ მიწისქვეშა ბიომასა, ნახშირორჟანგის უზარმაზარი რეზერვუარია. ატმოსფეროდან ნახშირორჟანგი მცენარეებში ფოტოსინთეზის შედეგად ხვდება და იქ საუკუნეების განმავლობაში შეიძლება დარჩეს. ნახშირი და ნავთობი სწორედ ასე წარმოიქმნა: როცა მილიონობით წლის წინ მცენარეების განადგურების შემდეგ მათი ნარჩენები მიწისქვეშა ფენებში შენარჩუნდა და წნევისა თუ ტემპერატურის გავლენით გარდაიქმნა. ამგვარად, შესაძლებელია, ატმოსფეროში არსებული ნახშირორჟანგი ბიომასის ან ნამარხი ნახშირწყალბადების სახით არსებობდეს.
მეორე მხრივ, ტყის ეკოსისტემებზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენა მრავალმხრივ გამოიხატება. საშუალო წლიური ტემპერატურის მატება, ასევე, ატმოსფერული ნალექის მაჩვენებლისა და თოვლის საფარის შენარჩუნების პერიოდების შემცირება ტყის მიერ წყლის შეგროვების ფუნქციაზე მოქმედებს. კლიმატის ცვლილების ზეგავლენით ტყეების სტრუქტურის ცვლილებასა და ფართობების კლებას, თავის მხრივ, გავლენა აქვს ჰიდრო-ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებზე. იმატებს ტყის ხანძრების საშიშროებაც.
რა არის გაუტყეურებისა და კლიმატის ცვლილების ანთროპოგენური მიზეზები?
კლიმატის ცვლილებაში ადამიანთა როლზე საუბრისას მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ კაცობრიობა ბოლო 200 წელია, ნამარხ ნახშირწყალბადებს აქტიურად იყენებს, კერძოდ სამეურნეო საქმიანობისთვის — ნავთობს, გაზსა და ნახშირს. მიწისქვეშ აკუმულირებული ნახშირბადი ამის შედეგად ისევ ატმოსფეროში ხვდება, რაც იქ მისი კონცენტრაციის ზრდას იწვევს.
ასევე, ჩვენი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია ნახშირბადის, როგორც ბიომასის, გამოყენება. არსებობს ნახშირბადის რამდენიმე წყარო, რომელიც ადამიანის საქმიანობასთან არის დაკავშირებული, ერთ-ერთი მათგანი კი ენერგიის სექტორია.
ძალიან ბევრ ქვეყანაში ელექტროსადგურები სწორედ გაზზე, ნახშირსა და ნავთობზე მუშაობს. ელექტროსადგურები დიდძალ ნამარხ ნახშირწყალბადს მოიხმარს, ასევე ტრანსპორტი, რადგან ბენზინი ნავთობისგან მზადდება. სერიოზული წყაროა მიწათსარგებლობის ცვლილებაც, როცა ადამიანი ტყეებს ჩეხს, რადგან მეტი და მეტი სასოფლო-სამეურნეო სავარგული სჭირდება, სადაც მარცვლეული კულტურები უნდა გააშენოს და საძოვრები მოაწყოს.
ტყის საფარის კარგვა ბუნებრივმა პირობებმაც შეიძლება განაპირობოს, მაგალითად, ტყის ხანძრებმა, თუმცა ძირითადი ფაქტორი მაინც ადამიანის სამეურნეო საქმიანობაა. ყოველ წუთს ძალიან დიდი რაოდენობის ტყის მასივი ნადგურდება. მხოლოდ ამ 5 წუთში, როცა ვსაუბრობთ, შეიძლება, 400-500 ჰექტრამდე ხე გაიჩეხოს. ეს გაუტყეურების სერიოზულ ფაქტორად გვევლინება.
ტყე ნახშირბადის აკუმულატორია, რომელიც ნახშირორჟანგს ატმოსფეროდან იღებს და ინახავს. როცა ტყე იჩეხება, იჭრება და იწვება, გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი ადგება. ტყე ძალიან კრიტიკული მაჩვენებელია, რათა კლიმატი შევინარჩუნოთ იმ სტაბილურ მდგომარეობაში, რომელიც ბოლო 20 000 წელია, დედამიწაზეა.
რა პრობლემების წინაშე აყენებს გაუტყეურება მოსახლეობასა და ეკოსისტემას?
ჩვენისთანა ქვეყნისთვის გაუტყეურება მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან კავკასიის რეგიონს რთული რელიეფი აქვს. მოსახლეობის დიდი ნაწილი მოწყვლადია იქიდან გამომდინარე, რომ მთიან არეალებში ცხოვრობს, სადაც დამრეცი ფერდობის მქონე კალთებია. ისინი ძალიან ადვილად შეიძლება აღმოჩნდეს ბუნებრივი კატასტროფების კერა, თუ ტყის საფარს გავანადგურებთ. საქმე ისაა, რომ ტყეს ნიადაგის ფენა უჭირავს.
კლასიკური მაგალითი თბილისში მომხდარი წყალდიდობაა, როცა თბილის-კოჯრის გზაზე ხევი მოწყდა, მთელი თავისი ტყის მასა ჩაიტანა და მდინარე ვერე გადაკეტა. ვერემ მცირე ზომის შეგუბება გაარღვია, ნაფოტები და მორები გაიყოლა და ვაკე-საბურთალოს გზასთან დიდი რაოდენობით წყლის დაგროვება გამოიწვია.
თუნდაც ახლა, სამწუხაროდ, იმერეთის ერთ-ერთ სოფელში სერიოზული შედეგები დადგა და ადამიანები დაიღუპნენ. მთის ფერდობზე ბაღები იყო გაშენებული და, დიდი ალბათობით, სწორედ ეს გახდა ფერდობის არასტაბილურობისა და ჩამოშლის მიზეზი. ასეთი შემთხვევები ხშირია აჭარაში, სვანეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმში, აბსოლუტად ყველგან, სადაც ასეთი რთული მთიანი რეგიონებია.
ტყის გაჩეხას სერიოზული ზიანი მოჰყვება, მათ შორის ბუნებრივი კატასტროფების მაჩვენებლების ზრდა, მეწყრები, ღვარცოფები, ზვავები, ტყის ხანძრები და სხვა. ეს კი ადამიანთა ქონებას აზიანებს და ხშირად, სამწუხაროდ, სიცოცხლესაც იწირავს.
იკარგება მნიშვნელოვანი ჰაბიტატებიც, ანუ ტერიტორიები, სადაც ესა თუ ის სახეობა ბინადრობს. ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად ის ჰაბიტატებიც უნდა შევინარჩუნოთ, რომლებიც ამ სახეობების გადარჩენას უწყობს ხელს. ტყის ასეთი ტერიტორიების შენარჩუნება ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია, რადგან ბიომრავალფეროვნება ამაზეა დამოკიდებული. რომ არა ბიომრავალფეროვნება ჩვენი ცივილიზაცია ჩამოიშლებოდა. სუფთა ჰაერს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებსა და სუფთა წყალს სწორედ ბიომრავალფეროვნება გვაძლევს. ამავდროულად, მას საცხოვრებელ სივრცეს ვართმევთ, რადგან ამ ადგილს სამეურნეო კულტურები იკავებს. ეს იმიტომ, რომ მეტი საკვები გვჭირდება, ტყეები კი ამისთვის იდეალური ადგილია.
ჰაბიტატების დეგრადაცია წარმოუდგენელი კატასტროფაა. თბილისი და ბათუმი სუფთა წყლით სწორედ ბიომრავალფეროვნების მეშვეობით მარაგდება: თბილისი ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ხარჯზე, ხოლო ბათუმი — კინტრიშისა და მტირალას ეროვნული პარკების ხარჯზე. ეს სამი პარკი რომ არ იყოს, სადაც ბიომრავალფეროვნება ე.წ. ეკოსისტემურ სერვისს ინარჩუნებს, ანუ საიდანაც სერვისს ვიღებთ, მოგვიწევდა ქარხნის აშენება, რომელიც ჭუჭყიან წყალს გაწმენდდა.
მსოფლიოს რომელი რეგიონებია გაუტყეურების ყველაზე დიდი რისკის ქვეშ და რა სიტუაციაა ამ მხრივ საქართველოში?
სამწუხაროდ, გაუტყეურება აბსოლუტურად მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს. ამის მიზეზი ტყეების ჩეხისა და სასოფლო სავარგულების მოწყობის ტენდენციაა. დღესდღეობით გლობალურად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით ხმელეთის დაახლოებით 50% გამოიყენება, რადგან გვჭირდება უამრავი ხორბალი, ბრინჯი, საძოვარი და ა.შ.
განსაკუთრებულად კრიტიკული მდგომარეობაა ტროპიკულ ქვეყნებში, სადაც ტროპიკული ტყეები გვხვდება. ეს ბუნებრივი ტყეები ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია. საქართველოს ტყეებს ღირებულება სწორედ ამიტომ აქვს. ჩვენი ქვეყანა ბიომრავალფეროვნების მხრივ ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რეგიონია. აქაური ენდემიზმი, ანუ ადგილობრივი სახეობები, კავკასიის რეგიონის გარდა არსად გვხვდება. სახეობების რაოდენობა ისეთი მაღალი არაა, როგორიც ტროპიკულ ქვეყნებში, მაგალითად ბრაზილიაში ან კოსტა-რიკაში, მაგრამ, სამაგიეროდ, აქაური სახეობების 25% ენდემურია.
ასევე, ჩვენი ტყეების აბსოლუტური უმრავლესობა ბუნებრივია. შედარებისთვის, ევროპის კონტინენტი ტყეებით დაფარულია, მაგრამ მათი უმეტესობა მეორეული ან მესამეული ხელოვნური ტყეებია. ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა პირველადი ტყე გაჩეხა და ახალი ხელოვნური საფარი გააშენა, მეორედ გაჩეხა და გააშენა და ა.შ. ამ დროს აშენებენ ხის ისეთ სახეობებს, რომლებიც სწრაფად იზრდება, ამიტომ ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილში, ძირითადად, 6-9 სახეობა გვხვდება, საქართველოში კი 400-მდე.
საქართველოში ე.წ. პირწმინდად ჭრის პრაქტიკა არაა გავრცელებული. ევროპის ბევრ ქვეყანაში და ამერიკაში როცა ტყე იჭრება, პირწმინდად იჭრება — ყველაფერი იჩეხება და რჩება მხოლოდ მინდორი. საქართველოში კი სელექციური ჩეხა მიმდინარეობს, ანუ ტყის ნაწილი რჩება, ამიტომ იმის იდენტიფიცირება, თუ სად აღინიშნება დეგრადაცია, რთულია.
ამ მხრივ მნიშვნელოვანია ეროვნული დონის ინვენტარიზაცია. ის აჩვენებს, რომ ტყე საქართველოს ბევრ რეგიონში განადგურდა. მცენარეული საფარი პირწმინდად გაჩეხილი არაა, მაგრამ განადგურებულია. მაგალითად, ბორჯომში, ბაკურიანში, თრიალეთის ქედზე, სვანეთში, რაჭასა და აჭარაში.
ტყის ჩეხის როგორი პრაქტიკაა გავრცელებული საქართველოში და რა ზიანი ადგება ამით გარემოს?
90-იანმა წლებმა მთელ საქართველოზე ძალიან ცუდად იმოქმედა, რადგან მოსახლეობას ცხოვრება უწევდა როგორც ენერგეტიკული, ისე ეკონომიკური კრიზისის პირობებში. ბევრი რეგიონი გაზის გარეშე იყო, გასათბობად კი ერთადერთი რესურსი ტყე აღმოჩნდა. ხალხი ტყეს უკონტროლოდ ჩეხდა, რამაც საქართველოს დიდი ზიანი მიაყენა. ჩვენს ქვეყანაში გაუტყეურების ძირითადი მიზეზი სწორედ ბრაკონიერობა, ტყის უკონტროლო ჩეხაა.
საქართველოში სოციალური ჭრებია, ანუ სოფლად მცხოვრები მოსახლეობა ბილეთს ყიდულობს, ტყეში შედის და მეტყევის მიერ მონიშნულ ხეებს ჭრის. ეს მავნე პრაქტიკაა და საშიშიცაა, ამიტომ ბრაკონიერობის ნახევრად ლეგალური სისტემაა შემუშავებული — მოსახლეობის ბილეთებით ტყეში სპეციალური ბრიგადები შედიან და ხეებს ისინი ჭრიან, მაგრამ ანაზღაურებას ისევ ხე-ტყის სახით იღებენ, შემდეგ კი ამ მასალის არალეგალური რეალიზაცია მიმდინარეობს.
ეს პროცესი ახლა შედარებით გართულებულია, რადგან ზედამხედველობის სამსახური ამუშავდა. გაიზარდა მეტყევეების რაოდენობაც: როცა 5000 ჰექტარზე 1 მეტყევე იყო მიმაგრებული, ახლა 1 მეტყვე 3000 ჰექტარს აკონტროლებს. ბრაკონიერობის მაჩვენებელი შემცირებულია, მაგრამ მსგავსი შემთხვევები რეგიონებში მაინც ხშირია.
ტყის მართვა ტყის კოდექსის საფუძველზე ხორციელდება, რომელიც 2019 წელს მიიღეს. ეს დოკუმენტი ბევრ სიახლეს ითვალისწინებს. მათ შორის მთავარია, რომ საქართვლოში იკრძალება ტყის ჩეხა მოსახლეობის მიერ, რაც 2021 წლიდან უნდა შესულიყო ძალაში, მაგრამ 2026 წლის დასაწყისამდე გადაიდო. ამის შემდეგ ეროვნული სატყეო სააგენტო, ტყის მართვაზე პასუხიმსგებელი ორგანო, ვალდებულია, ხე-ტყე დაამზადოს და უკვე დაჩეხილი და გამზადებული შეშის სახით მოსახლეობას მიჰყიდოს. ეს რთული პროცესია და სოციალურ საკითხებთანაა დააკავშირებული, სოციალური ჭრების აკრძალვის გადადება სწორედ ამან განაპირობა.
რისი გაკეთებაა საჭირო გაუტყეურებასთან, უფრო ზოგადად კი კლიმატის ცვლილებასთან, შესაწინააღმდეგებლად?
დღეს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან ინსტრუმენტად ტყეების გაშენება მიიჩნევა. კლიმატის ცვლილების კონვენცია ყველა ქვეყანას მოუწოდებს, რომ რაც შეიძლება მეტი ტყე გააშენონ, მაგრამ ეს ტყეები ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით ძალიან ღარიბია. შესაბამისად, სასურველია, სახეობათა უკვე არსებული მრავალფეროვნების შენარჩუნებაზეც ვიზრუნოთ.
ტყეების შენარჩუნება და გაშენება გამოფრქვეული ნახშირორჟანგის ატმოსფეროდან მოცილებასა და ბიომასაში, ნიადაგსა თუ ეკოსისტემების სხვა კომპონენტებში შენახვაში დაგვეხმარება. ასევე, მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ეკოსისტემების მდგრადობის გაზრდა და ჰაბიტატების დეგრადაციის შემცირება, რადგან ჯანსაღი ეკოსისტემები ნახშირბადის აკუმულაციის უნარებით გამოირჩევა.
ეს მიდგომები ცნობილია კლიმატის ცვლილების შერბილების, მიტიგაციის, სახით. პრობლემის მასშტაბიდან გამომდინარე, შერბილების ღონისძიებები უნდა გატარდეს საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით, რის გარეშეც გლობალურ დონეზე სათბურის აირების ემისიების შემცირება შეუძლებელი იქნება.
ადაპტაციის მიმართულებით ეკოსისტემური მიდგომები აქტიურად უნდა გამოვიყენოთ. ეს ბიომრავალფეროვნების დაცვას, ნიადაგების ეროზიების შემცირებასა და წყლის რესურსების შენარჩუნებას უზრუნველყოფს. გასათვალისწინებელია, ასევე, აღნიშნული მიდგომების დადებითი როლი ჰაერის დაბინძურების შემცირებასა და ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარებაში. ჰაბიტატების დასაცავად აუცილებელია მათი ბუნებრივი ან ბუნებრივთან მიახლოებული მდგომარეობის შენარჩუნება და ეკოლოგიური ბალანსის დაცვა, რადგან ბუნებრივი წონასწორობა ზრდის ეკოსისტემის შესაძლებლობას, რომ კლიმატის ცვლილების პირობებთან ადაპტირდეს.
მასალა შექმნილია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის პროგრამის "გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის და დემოკრატიული მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში" ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია NEXT.On.ge. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს WFD-ის შეხედულებებს.
კომენტარები