მძევლებთან დაკავშირებული კრიზისი ისრაელისთვის დილემაა, ჰამასს კი — გამარჯვების შანსს აძლევს
რა ხდება: ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, ისრაელმა მოკლა ჰამასის ათასობით მებრძოლი, გაანადგურა მათი ათობით გვირაბი. ისრაელის შეჭრას ღაზაში უპრეცედენტო ნგრევა მოჰყვა.
- თუმცა, ის კვლავ დგას დილემის წინაშე, რომელმაც, შესაძლოა, საბოლოოდ, განსაზღვროს კიდეც ომის შედეგი: ისრაელს შეუძლია, სცადოს ჰამასის განადგურება, რასაც, როგორც AP წერს, შედეგად მოჰყვება 100 ისრაელელი მძევლის დაღუპვაც, ან — დადოს ჰამასთან გარიგება, რომელიც დაჯგუფებას ისტორიული გამარჯვების მოპოვების შანსს მისცემს.
- ისრაელისთვის ორივე შედეგი მძიმე იქნება და სავარაუდოდ, ორივე უსიამოვნოდ დაასრულებს პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ხანგრძლივ პოლიტიკურ კარიერას. თუმცა, ეს შედეგები, შესაძლოა, მისაღები იყოს ჰამასისთვის.
ნეთანიაჰუ, ყოველ შემთხვევაში — საჯაროდ, უარყოფს ასეთი დილემის არსებობას. მან პირობა დადო, რომ გაანადგურებს ჰამასს და დააბრუნებს ყველა მძევალს, სამაშველო მისიების, ან — ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებების მეშვეობით.
- მისი თქმით, გამარჯვება, შესაძლოა, "რამდენიმე კვირაში" დადგეს.
- ამავდროულად, ჰამასი, როგორც ჩანს, არ ჩქარობს ცეცხლის დროებითი შეწყვეტის მიღწევას მუსლიმთა წმინდა თვის, რამადანის დადგომამდე, რომელიც მომდევნო კვირიდან იწყება.
- დაჯგუფება არც ისრაელის მიერ რაფაში დაგეგმილი ოპერაციის გადადებას ცდილობს, სამხრეთით მდებარე ამ ქალაქს ღაზის მოსახლეობის ნახევარი აფარებს თავს.
იაჰია სინვარის ფსონი
ჰამასის ლიდერს, იაჰია სინვარს, რომელიც ისრაელის წინააღმდეგ 7 ოქტომბრის თავდასხმის სავარაუდო ორგანიზატორია, აქვს საფუძველი იფიქროს, რომ მძევლების საშუალებით, ომის დასრულება საკუთარი პირობებით შეუძლია.
ისრაელის ციხეებში გატარებული ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, სინვარმა, გავრცელებული ინფორმაციით, ისწავლა ებრაული ენა, ივრითს ის თავისუფლად ფლობს.
მან კარგად შეისწავლა ისრაელელი საზოგადოებაც.
- სინვარმა იცის, რომ ისრაელი ვერ მოითმენს საკუთარი ხალხის — განსაკუთრებით, ჯარისკაცების ტყვეობაში ყოფნას და ყველაფერს იზამს მათ სახლში დასაბრუნებლად.
- თავად სინვარი იყო 1000-ზე მეტ პალესტინელ პატიმარს შორის, რომელიც გაათავისუფლეს ერთი ისრაელელი ტყვე ჯარისკაცის სანაცვლოდ, 2011 წელს.
სინვარი, 7 ოქტომბრის მასობრივ მკვლელობებს, შესაძლოა, განიხილავდეს, როგორც მთავარი ოპერაციის მძიმე "გვერდით ჩვენებას" — გადაეყვანათ მძევლების დიდი რაოდენობა ღაზაში, მიწისქვეშ, გვირაბების ლაბირინთში, სადაც ისრაელი ვერ შეძლებდა მათ გადარჩენას და მძევლები ჰამასის ლიდერებისთვის ცოცხალი ფარები იქნებოდნენ.
- როგორც კი ეს შესაძლებელი გახდა, მას მიეცა მძლავრი ბერკეტი, ევაჭრა ისრაელის მთავრობასთან დიდი რაოდენობით პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებისთვის, მათ შორის – დაჯგუფების ლიდერებისთვის, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი.
ისრაელის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ გვირაბები ასობით კილომეტრზეა გადაჭიმული და ზოგიერთი, მიწის ქვეშ, რამდენიმესართულიან კომპლექსს წარმოადგენს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისრაელი მიაგნებს ჰამასის ლიდერებს, ნებისმიერი ოპერაცია, დიდი ალბათობით, გამოიწვევს ისრაელელი მძევლების დაღუპვას, რომლებიც, სავარაუდოდ, მუდმივად თან ჰყავთ.
- "მიზნები საკმაოდ წინააღმდეგობრივია”, — თქვა ისრაელური გაზეთის Haaretz სამხედრო კორესპონდენტმა, ამოს ჰარელმა. "რა თქმა უნდა, შეიძლება თქმა, რომ ჰამასის დამარცხებას 1 წელი დასჭირდება და ჩვენ ამ გზაზე წინ მივიწევთ, მაგრამ ვერავინ იტყვის დარწმუნებით, რომ მძევლები ცოცხლები გადარჩებიან".
- მან, ასევე, აღნიშნა, რომ მაშინაც კი, თუ ისრაელი შეძლებს სინვარის და სხვა ლიდერების მოკვლას, დაჯგუფება მათ სხვებით ჩაანაცვლებს, როგორც წარსულში უკვე მოხდა.
მსგავსი: ღაზაში ბავშვები შიმშილით იხოცებიან — ჯანმოს ხელმძღვანელი
ამ დრომდე, ისრაელმა წარმატებით შეძლო სამი მძევლის გათავისუფლება — სამივე მიწის ზემოთ იყო.
- ისრაელელმა ჯარისკაცებმა, ასევე, შეცდომით მოკლეს სამი მძევალი, ჰამასის თქმით, ავიადარტყმების შედეგად კიდევ რამდენიმე დაიღუპა.
- 100-ზე მეტი მძევალი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში გათავისუფლდა — მათ სანაცვლოდ ისრაელმა პალესტინელი პატიმრების ნაწილი ციხეებიდან გამოუშვა.
ნეთანიაჰუს თქმით, სამხედრო ზეწოლის შედეგი, საბოლოოდ, იქნება დარჩენილი 100-ზე მეტი მძევლის გათავისუფლება.
- ძნელად წარმოსადგენია, რომ ჰამასი გაათავისუფლებს მისთვის ყველაზე ძვირფას ცოცხალ ფარებს, ცეცხლის დროებით შეწყვეტის ფასად, რათა შემდეგ ისრაელმა კვლავ გააგრძელოს ჯგუფის განადგურების მცდელობა.
- ასევე, ჰამასმა თქვა, რომ ლიდერები დანებებას და პალესტინიდან გაქცევას არ გეგმავენ.
სინვარი ამჯობინებს, დარჩეს მიწისქვეშეთში და დაელოდოს, იქნება თუ არა მომგებიანი მისი ფსონი.
ასევე, ნახეთ: რა მოხდება ღაზაში, როდესაც ომი დასრულდება
ბოლო ხაზი: ომი ღაზაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰამასმა, ისრაელის ტერიტორიაზე, 1400 ადამიანი მოკლა, 200-ზე მეტი კი ტყვედ აიყვანა.
- ომს 30 ათასზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.
კომენტარები