კოსმოსურმა აპარატმა ოდისევსმა მთვარიდან სურათები გამოგზავნა
23 თებერვალს კომპანია Intuitive Machines-ის მიერ შექმნილი კერძო აპარატი ოდისევსი მთვარის ზედაპირზე წარმატებით დაეშვა, რაც აშშ-ისთვის ისტორიული მომენტი იყო. ამ ქვეყანას იქ აქამდე კერძო ზონდი არ დაუსვამს, თანაც მათი ხომალდი ბოლოს მთვარეზე 1972 წელს იყო.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ეს დასაშვები მოდული დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირზე დაჯდომისას გვერდით გადაყირავდა. ამის მიუხედავად, მან იქიდან სურათების გამოგზავნა მაინც შეძლო.
ერთ-ერთი კადრი ოდისევსმა ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზე Malapert A-ს სახელით ცნობილ კრატერთან მიახლოებისას აღბეჭდა, რომელიც მთვარის სამხრეთ პოლუსიდან 300 კილომეტრითაა დაშორებული. რაც შეეხება მეორე გამოსახულებას, მასზე უკვე უშუალოდ მთვარის ზედაპირის ახლო ხედს ვხედავთ. ეს სურათები იქამდეა გადაღებული, სანამ აპარატი გვერდულად დაეცემოდა.
აი, ისინიც:
უნდა ითქვას, რომ ოდისევსმა დასაშვებად მოძრაობის სიჩქარე 1.8 კმ/წმ-დან მალევე იმ დონემდე შეანელა, რომ წინასწარ განსაზღვრულ არეალში დამჯდარიყო. ეს მან წარმატებით მოახერხა, მაგრამ ამ მომენტში დედამიწიდან არავინ მართავდა, ამიტომ ის სრულად ავტონომიურად ფუნქციონირებდა.
რამდენიმე საათით ადრე აღმოჩნდა, რომ ხომალდზე დამონტაჟებული ლაზერული მანძილსაზომები აღარ ფუნქციონირებდა. სპეციალისტებს მოუწიათ, ერთგვარი კომპასის ფუნქციით ერთ-ერთი სხვა ხელსაწყო გამოეყენებინათ. ეს მართლაც მოხერხდა და საბოლოოდ ოდისევსისგან სიგნალი მივიღეთ. გავიგეთ ისიც, რომ ის სწორ ვერტიკალურ მდგომარეობაში არაა.
ასევე, აპარატის კამერამ EagleCam დაშვების პროცესის გადაღება ვერ შეძლო, რადგან ის დედამიწიდან გამორთეს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მონაცემებს იქამდე შეაგროვებენ, სანამ დასაშვები მოდულის მზის პანელები ენერგიის გამომუშავებას შეძლებს. ამის შემდეგ მთვარეზე 2-კვირიანი ღამე დაიწყება, რომელსაც ხომალდების დიდი ნაწილი ვერ უძლებს.
Intuitive Machines-ში ამბობენ, რომ ოდისევსმა მთვარის ზედაპირზე დაჯდომა და დედამიწასთან კავშირზე გამოსვლა ყველაზე სამხრეთით მდებარე არეალიდან შეძლო, სადაც კი ოდესმე სხვა ხომალდები გაგვიშვია.
კომენტარები