ADHD-ის ნიშნები, შესაძლოა, შემგროვებლობის სასარგებლოდ განვითარებულიყო — კვლევა
ADHD-ის ნიშნების მქონე ადამიანებს, შესაძლოა, საკვების შემგროვებლობის კუთხით ევოლუციური უპირატესობა ჰქონდეთ. ADHD, ანუ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, დარღვევაა, რომელიც კონცენტრაციის სირთულეებს, მოუსვენრობასა და სხვა პრობლემებს იწვევს.
იხილეთ: რა უნდა იცოდეთ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) შესახებ
ახალი ექსპერიმენტის ფარგლებში ADHD-ის ნიშნების მქონე ადამიანებს, ნეიროტიპური თვისებების მქონე ხალხთან შედარებით, უკეთესი შემგროვებლური სტრატეგია აღმოაჩნდათ.
მიგნებების მიხედვით, სავარაუდოა, რომ ADHD თვითგადარჩენის სტრატეგიად ჩამოყალიბდა, რომელიც რესურსების მხოლოდ ერთი ადგილიდან მოპოვებას უშლიდა ხელს და ახალი ადგილების ათვისებას უწყობდა ხელს. ევოლუციური თვალსაზრისით, ეს ინდივიდს გარემოსთან ადაპტაციაში დაეხმარებოდა.
შესაძლოა, ასე აიხსნას, რატომაა დღესდღეობით ADHD ასეთი გავრცელებული — იგი მსოფლიოში ასობით მილიონ ადამიანს აწუხებს.
მკვლევართა ექსპერიმენტში 457 ადამიანი მონაწილეობდა. მათ ვირტუალური ბუჩქებიდან, კომპიუტერის ეკრანზე, მაქსიმალურად ბევრი კენკრის დაკრეფა სთხოვეს გარკვეული დროის განმავლობაში.
მონაწილეები ვირტუალური ბუჩქიდან კენკრას მასზე დაჭერით კრეფდნენ. შემდეგ ცდისპირებს ორი ვარიანტი ჰქონდათ: ან იმავე ადგილას უნდა დარჩენილიყვნენ და შედარებით ცოტა კენკრის შეგროვება გაეგრძელებინათ, ან ახალი ბუჩქისკენ უნდა წასულიყვნენ.
ზოგიერთ შემთხვევაში ახალი კენკრისაკენ გადაადგილებას ეკრანზე სულ ერთი წამი სჭირდებოდა, ზოგჯერ კი — 5 წამი.
ისინი, ვისაც ADHD-ს დიაგნოზი არ ჰქონდათ, როგორც წესი, ბუჩქთან უფრო დიდხანს რჩებოდნენ და კენკრას ბოლომდე კრეფდნენ. მეორე მხრივ, ADHD-ს ნიშნების მქონე ადამიანები ხშირად უფრო მალე ტოვებდნენ ადგილს და იშვიათად აცარიელებდნენ ერთ ბუჩქს. ექსპერიმენტის ბოლოს მათ ასე მეტი კენკრის შეგროვებაც მოახერხეს.
ეს პირველი შემთხვევა ნამდვილად არაა, როდესაც მეცნიერებმა ADHD-ს ნიშნების ფართო გავრცელების ახსნა სცადეს. ეს შემგროვებლობაში მიღებული სარგებლისთვის აქამდეც დაუკავშირებიათ.
ახალ მიგნებას წინა კვლევებიც ამყარებს, რომელთა მიხედვითაც, მომთაბარული ცხოვრების სტილი ADHD-სთან დაკავშირებულ გენეტიკურ მუტაციებთანაა გადაჯაჭვული. მეორე მხრივ, შემგროვებლური საზოგადოებების გარდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ADHD-ს ნიშნები რაიმე სარგებელს მოიტანს.
თანამედროვეობაში გადაწყვეტილებები, როგორც წესი, მაშინ მიიღება, როდესაც რესურსი დიდია და არ გამოილევა. ჯილდოს მოპოვებისაკენ მიმართული ქცევის გამო, შესაძლოა, ADHD-ის მქონე ადამიანი მუდმივად სხვადასხვა საქმეს შორის მონაცვლეობდეს და ვერცერთი შეასრულოს ბოლომდე.
მაშასადამე, ჯერჯერობით ზედაპირულია ის აზრი, რომ ADHD-ს ნიშნები ზოგიერთ გარემოში ადაპტაციურია. საკითხი უფრო საფუძვლიან შესწავლას საჭიროებს. მაგალითისთვის, ახალ კვლევაში ADHD-ის ისეთი ტექსტია გამოყენებული, რომელიც ამ დიაგნოზზე დაზუსტებით არ მიანიშნებს.
ნაშრომი ჟურნალში Proceedings of the Royal Society B გამოქვეყნდა.
კომენტარები