მართალია თუ არა, რომ ბრინჯში მოთავსება სველ ტელეფონს აშრობს?
ალბათ, თქვენც გაგიგიათ, რომ ტელეფონის დასველებისას იგი გასაშრობად ბრინჯში უნდა მოათავსოთ. ამას ინტერნეტში არაერთი წყარო გირჩევთ, თუმცა მეთოდის ეფექტიანობა საკმაოდ სადავო საკითხია.
ამას Apple-ის ტექნიკური მხარდაჭერის დოკუმენტებიც ადასტურებს. აიფონის მწარმოებელი კომპანია მომხმარებლებს მკაფიოდ მოუწოდებს, რომ სველი მობილური ბრინჯში არ მოათავსონ.
"არ ჩადოთ აიფონი ბრინჯში. ასე, შესაძლოა, ბრინჯის პაწაწინა ნაწილაკებმა თქვენი აიფონი დააზიანოს", — წერია Apple-ის ფაილებში.
აღნიშნული დოკუმენტები იმას ეხება, თუ რა უნდა მოვიმოქმედოთ, როდესაც აიფონზე სისველესთან დაკავშირებული გაფრთხილება ჩნდება, ანუ Apple-ს მაინცდამაინც მითის გაქარწყლება არ უცდია.
კომპანია გვირჩევს, რომ სითხის გამოსადევნად არ გამოვიყენოთ სითბოს გარე წყაროები, მაგალითად თმის საშრობი ანდა მიკროტალღური ღუმელი. არ უნდა ვცადოთ დამტენის პორტში ბამბის ანდა ქაღალდის ჩატენაც.
ნაცვლად ამისა, Apple გვირჩევს, რომ სმარტფონი დამტენის პორტის მხრიდან დავაყირაოთ და ხელზე დავიბერტყოთ — დაახლოებით ისე, როგორც ყურიდან ვცდილობთ ხოლმე წყლის მოშორებას. შემდეგ იგი ისეთ ადგილას უნდა დავტოვოთ, რომელიც კარგად ნიავდება, და მინიმუმ 30 წუთი მოვიცადოთ დატენამდე.
თუკი სისველის გაფრთხილება მაინც არ გაქრება, აიფონი მეტხანს უნდა გავაჩეროთ ასე და უბრალოდ მოვიცადოთ — შესაძლოა, ამას 24 საათიც კი დასჭირდეს. თუ მობილური გაშრა, მაგრამ მაინც არ იტენება, შეგვიძლია კაბელის გამოძრობა და ხელახლა შეერთება ვცადოთ.
ასევე იხილეთ: რატომაა მოწყობილობის გამორთვა და ხელახლა ჩართვა ამდენი პრობლემის "წამალი"?
უკვე მრავალი წელია, რაც ტექნიკის დასველებისას ბრინჯს აქტიურად მიმართავენ ხოლმე. ამის არგუმენტი ისაა, რომ ეს მარცვლეული წყალს კარგად იწოვს. მეორე მხრივ, მეთოდის ეფექტიანობას ბევრი არაფერი ადასტურებს.
დოქტორ სემ ვესტრაიხის თქმით, ბრინჯი ცოტა წყალს ნამდვილად შეიწოვს, თუმცა იმდენს ნამდვილად არა, რამდენიც გვგონია. მეტიც, შესაძლოა, ამ მხრივ სხვა მარცვლეული უფრო გამოსადეგი იყოს, თუნდაც შვრია ანდა კუსკუსი. გარდა ამისა, ბრინჯი არც ისე სუფთაა. შესაძლოა, მის გამო ტექნიკაში ჭუჭყი ან მტვერი მოხვდეს, რაც დამატებით პრობლემებს გამოიწვევს.
მაშასადამე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბრინჯი იმაზე ეფექტიანად სულაც არ აშრობს მობილურს, ვიდრე უბრალოდ დება და მოცდა. სავარაუდოდ, ეს მეთოდი ეფექტიანი იმიტომ გვგონია, რომ ტელეფონს ბრინჯში დიდხანს ვაჩერებთ, პარალელურად კი ჩართვის ცდუნებასაც უკეთ ვებრძვით.
კომენტარები