შესაძლოა, იუპიტერის მსგავსი პლანეტები ფორმირებისას შედარებით ბრტყელი იყოს
მეცნიერთა ახალი სიმულაციების თანახმად, აირისგან შედგენილი პლანეტები, რომლებიც ვარსკვლავებისგან მოშორებით ჩნდება, ფორმირების ადრეულ ეტაპზე უფრო ბრტყელია, ვიდრე იდეალურად მრგვალი, რასაც შეზნექილი სფეროიდი ეწოდება. ასეთი ციური სხეულები მატერიის მიზიდვისას სტანდარტული სფეროს ფორმას ნელ-ნელა უნდა იღებდეს.
"პლანეტების ფორმაციას დიდი ხანია, შევისწავლით, მაგრამ აქამდე არ გვიფიქრია, რომ წარმოქმნისას მათი ფორმა სიმულაციებით გაგვეანალიზებინა. ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ისინი თავიდანვე სფერული იყო", — ამბობენ სპეციალისტები.
ვარსკვლავები მტვრისა და აირის მკვრივ ღრუბელში ჩნდება, როცა კონკრეტული არეალი გრავიტაციულ კოლაფსს განიცდის. მის გარშემო შემდეგ მატერიის დისკო წარმოიქმნება და მანათობელ ობიექტში ჩადინება, მაგრამ არა სრულად. იქ ციური სხეულები იბადება, რაც დედამიწის მსგავსი მყარი პლანეტების შემთხვევაში ფრაგმენტების მიზიდვის, აკრეციის, პროცესს გულისხმობს.
მიიჩნევა, რომ აირის გიგანტები სხვაგვარად წარმოიქმნება, კერძოდ დისკოს არასტაბილურობის შედეგად, როცა აირისა და მტვრის გროვები ცალკევდება. სწორედ ამ მოვლენის სიმულაციები შექმნეს ასტრონომებმა და სხვადასხვა ასპექტს დააკვირდნენ, როგორიცაა აირის სიმკვრივე, ტემპერატურა და დისკოს ბრუნვის სიჩქარე. ამისთვის მათ ბრიტანეთის სუპერკომპიუტერული დაწესებულება DiRAC გამოიყენეს.
სიმულაციების მიხედვით, აიროვანი პროტოპლანეტები თავდაპირველად შედარებით ბრტყელი ფორმისაა, რასაც ცენტრიდანული ძალა და მატერიის ფრაგმენტული სტრუქტურა ხსნის. ასევე, აირი და მტვერი იქ პოლუსების მიმდებარედ უფრო მიიზიდება, ვიდრე ეკვატორისკენ. განსხვავებას ქმნის ისიც, თუ როგორი პერსპექტივიდან ვუმზერთ ობიექტს, რადგან გვერდიდან ის ბრტყელი გამოჩნდება, ზემოდან კი მრგვალი. ეს ეგზოპლანეტების შესწავლისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციაა.
ავტორთა ნაშრომი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი და მალე გამოცემაში Astronomy & Astrophysics Letters გამოქვეყნდება.
კომენტარები