NASA-ს მავალმა მარსზე დაზიანებული ვერტმფრენი Ingenuity გადაიღო
აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს მარსმავალმა Perseverance მასთან ერთად წითელ პლანეტაზე გაშვებული ვერტმფრენი Ingenuity გადაიღო. ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ, რომ ეს აპარატი ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზე ვეღარ იფრენს, რადგან მისი როტორები დაზიანდა.
მავალმა თავისი "მეწყვილე" მიმდინარე წლის 4 თებერვალს დააფიქსირა, ადგილობრივი დროით 01:05 საათზე, მომხდარი ინციდენტიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ.
ქვემოთ წარმოდგენილ გამოსახულებაზე Ingenuity მარსის დიუნებზე ეულად მოჩანს, ქვიანი არეალისგან მოშორებით, სადაც ის ბოლო პერიოდია, უძრავად დგას.
საქმე ისაა, რომ 18 იანვარს შესრულებული ბოლო, 72-ე, ფრენისას მისი სულ მცირე 1 როტორი დაზიანდა. სპეციალისტები ინციდენტს ჯერ კიდევ აანალიზებენ, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ეს იმ შედარებით მოსწორებულ არეალს უკავშირდება, სადაც ბოლო დროს აპარატი ფუნქციონირებდა.
ის სანავიგაციოდ კლდოვან წარმონაქმნებს იყენებდა, მათ გარეშე კი ჯერ კიდევ 6 იანვარს, ბოლოს წინა ფრენისას, მარსის ზედაპირზე დაშვება გაუჭირდა.
მსგავსი რამ უნდა მომხდარიყო 18 იანვარსაც, თუმცა ამჯერად წითელი პლანეტის ზედაპირზე ოდნავ გვერდულად დაჯდომისას მისი მინიმუმ ერთი როტორი გრუნტში გაიჭედა და ზედა ნაწილი მოტყდა.
ამაზე NASA-ს მიერ მოპოვებული კადრიც მოწმობს, რომელზეც Ingenuity-ის ამ დაზიანებული როტორის ჩრდილს ვხედავთ.
ამჟამად Ingenuity-ის მისია უკვე დასრულებულადაა გამოცხადებული.
"იმის გამო, რაც ჩვენმა პატარამ (Ingenuity-იმ) შეძლო, ამაზე ამაყი და ბედნიერი ვერ ვიქნებოდი. ეს ყველა ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანესი მისი იყო. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც ამ საქმეს უქმე დღეებს უთმობდა და ღამეებს ათენებდა: ყველა ინჟინერს, მეცნიერსა და ტექნიკოსს, რომლებმაც ამ აპარატის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს", — აცხადებს პროექტის მენეჯერი, ტედი ზანეტოსი.
სპეციალისტები ამბობენ, რომ Ingenuity-იმ გზა გაუკაფა სამომავლო მისიებს, რომელთა ფარგლებშიც მარსზე სხვა მფრინავ აპარატებსაც გავუშვებთ. მისი მეშვეობით ახალი ტექნოლოგიის დემონსტრირება შევძელით, რაც საინტერესო ციური სხეულების შესწავლაშიც გამოგვადგება. მაგალითად, NASA უკვე მუშაობს აპარატ Dragonfly-ზე, რომლითაც სატურნის თანამგზავრ ტიტანს გამოვიკვლევთ.
კომენტარები