ნახეთ: კოსმოსიდან გადაღებულ ახალ სურათზე დედამიწის ატმოსფერო ოქროსფრად ანათებს
დედამიწის გარშემო არსებულ ორბიტაზე მოძრავი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გასაოცარი სურათი გადაიღეს, რომელზეც ჩვენი პლანეტის ატმოსფეროს ოქროსფერი ელვარებაა აღბეჭდილი.
კოსმოსიდან დაფიქსირებულ ამ შთამბეჭდავ მოვლენას ატმოსფერული ნათება ეწოდება. ის მაშინ იჩენს თავს, როცა მზისგან წამოსული სხივები დედამიწის აირად გარსში ატომებთან და მოლეკულებთან შედის ურთიერთქმედებაში. სწორედ ამის შედეგია ნაჩვენები NASA-ს მიერ 21 იანვარს გამოქვეყნებულ გამოსახულებაზე.
კადრში პლანეტის ატმოსფერულ ჰორიზონტზე ოქროსფერი ნათების გარდა მოწითალო შეფერილობის კაშკაშა სარტყელიც ჩანს. ის ვარსკვლავიანი ცის ფონზე იკვეთება და თვალწარმტაც სანახაობას ქმნის.
NASA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს სურათი 415 კილომეტრი სიმაღლიდანაა გადაღებული. საერთაშორისო კოსმოსური სადგური ამ დროს პაპუა ახალი გვინეის ჩრდილო-აღმოსავლეთით, წყნარი ოკეანის თავზე გადაადგილდებოდა.
ამგვარი ელვარება ატმოსფეროს ზედა ფენაში ჩნდება, როცა ჟანგბადის, ოზონის, აზოტისა და ნატრიუმის მოლეკულებს მზის ულტრაიისფერი რადიაცია ააქტიურებს. შედეგად, ისინი ერთმანეთთან შეჯახებისას ენერგიას სინათლის სახით გამოყოფს, რომელიც ყველაზე კარგად ღამით ჩანს.
მის დასაფიქსირებლად საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე დამონტაჟებულ კამერაში საკმარისი სინათლე უნდა მოხვედრილიყო, რათა ოქროსფერი სარტყელიცა და ვარსკვლავიანი ცაც აღებეჭდა. ეს კოსმოსური ლაბორატორია წამში 8 კილომეტრს ფარავს და დედამიწას წრეს 90 წუთში ერთხელ არტყამს. შესაბამისად, ის "დღის შუქზე" დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში ხვდება, მეორე 45 წუთი კი სიბნელეშია.
აღსანიშნავია, რომ ამ კამერის მიერ გადაღებულ გამოსახულებაზე ღრუბლებს და თავად სადგურის ნაწილსაც ვხედავთ. ეს რუსული მოდულები Prichal და Nauka-ა, რომლებზეც ხომალდების მისაერთებლად 5 ადგილია გამოყოფილი. ისინი საერთაშორისო კოსმოსურ ლაბორატორიას 2021 წლის ივლისსა და ნოემბერში მიუერთდა.
კომენტარები