აღმოაჩინეს დედამიწის ზომის ეგზოპლანეტა, რომლის ერთი მხარეც ლავითაა დაფარული
NASA-ს ტელესკოპმა TESS უჩვეულო ეგზოპლანეტა აღმოაჩინა, რომელიც თითქმის დედამიწის ზომისაა, მაგრამ მასზე ბევრად ახალგაზრდაა. ამ ციურ სხეულს ის გამოარჩევს, რომ მის ცალ ნახევარსფეროზე ლავა მიედინება.
HD 63433 d-ის სახელით ცნობილი ეს ობიექტი, რომელიც ჩვენგან 73 სინათლის წლითაა დაშორებული, საკუთარი ვარსკვლავის გარშემო მოძრაობას მხოლოდ 4.2 დღეს ანდომებს. ის მნათობთან ძალიან ახლოs გადაადგილდება და ერთი მხარე ყოველთვის მისკენ აქვს მიბრუნებული, როგორც მთვარეს — დედამიწისკენ.
აღნიშნულ ნახევარსფეროში სულ დღეა და ის ვარსკვლავისგან დიდძალ რადიაციას იღებს. შედეგად, იქ ზედაპირის ტემპერატურა 1260 გრადუს ცელსიუსს უტოლდება, ეგზოპლანეტის მეორე მხარე კი ნაკლებად ცხელია. სწორედ ასეთი ტემპერატურა მიანიშნებს, რომ მნათობისკენ მიბრუნებულ რეგიონში ლავა უნდა დომინირებდეს.
///
HD 63433 d კიდევ ერთი მახასიათებლის გამოა განსაკუთრებული: ის ჩვენთვის ცნობილი ყველაზე მცირე ზომის ეგზოპლანეტაა, რომლის ასაკიც 500 მილიონ წელზე ნაკლებია. შედარებისთვის, მზის სისტემა და აქ არსებული პლანეტები, მათ შორის დედამიწა, დაახლოებით 4.5 მილიარდი წლის წინ გაჩნდა.
TESS-მა HD 63433 d მაშინ დააფიქსირა, როცა ამ ობიექტმა ვარსკვლავის წინ ჩაიარა, რასაც ტრანზიტი ეწოდება. ამ პროცესზე დაკვირვების შედეგად აღნიშნულმა ტელესკოპმა დღემდე 4000-ზე მეტი ეგზოპლანეტა აღმოაჩინა, რომელთაგანაც რამდენიმე ასეულის არსებობა დადასტურდა.
საინტერესოა, რომ ვარსკვლავ HD 63433-ის გარშემო კიდევ ორი ეგზოპლანეტა მოძრაობს: HD 63433 b და HD 63433 c.
მათგან პირველი თითქმის ნეპტუნის ზომისაა, დედამიწაზე დაახლოებით 2.1-ჯერ განიერია და 5-ჯერ მასიური. მისი ორბიტული პერიოდი 7.1 დღეა. რაც შეეხება HD 63433 c-ს ის უფრო დიდია, დედამიწას მასით 7-ჯერ აღემატება და მნათობის გარშემო მოძრაობას 20.5 დღეს ანდომებს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში The Astronomical Journal გამოქვეყნდა.
კომენტარები