დადგინდა, რა ყოფილა მექსიკის კონგრესზე წარდგენილი "უცხოპლანეტელები"
"მთლიანად შეთხზული ამბავია".
ორი "უცხოპლანეტელი მუმია", რომლებიც რამდენიმე თვის წინ მექსიკის კონგრესზე წარადგინეს, მთლიანად დედამიწური წარმოშობისა აღმოჩნდა. ეს ნიმუშების რენტგენული კვლევითა და სამეცნიერო ანალიზით დადგინდა. მკვლევრებმა ამის შესახებ ლიმაში, პერუს დედაქალაქში, გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
გასული წლის სექტემბერში ჯეიმი მაუსანი, მექსიკელი ჟურნალისტი და უცხოპლანეტელთა მაძიებელი, ამტკიცებდა, რომ ნიმუშები — ორი პატარა სხეული წაგრძელებული თავითა და სამთითა ხელებით — უცხოპლანეტური წარმოშობისა იყო. იგი მექსიკის კონგრესზე მოხსენებით წარსდგა და სხეულები წარადგინა. ბევრი ამას სკეპტიკურად მიუდგა, თუმცა მტკიცება ამჯერად უკვე საბოლოოდ გაქარწყლა.
ლიმაში გამართულ პრესკონფერენციაზე ნიმუშებს ექსპერტებმა ჰუმანოიდი თოჯინები, ანუ ადამიანის მსგავსი თოჯინები, უწოდეს. ისინი ცხოველის ნაწილებისგან აღმოჩნდა დამზადებული. შეისწავლეს ნიმუშის სამთითა ხელიც, რომელიც ნასკას რეგიონიდან უნდა იყოს. მკვლევრებმა უცხოპლანეტურ სიცოცხლესთან ყოველგვარი კავშირი გამორიცხეს.
"ისინი უცხო პლანეტიდან მოსული არსებები არ არიან. ისინი თოჯინებია, რომელთა დასამზადებლადაც ამ პლანეტაზე მცხოვრები ცხოველების ძვლები შეაერთეს თანამედროვე სინთეზური წებოთი", — განაცხადა ფლავიო ესტრადამ, პერუს სასამართლო მედიცინისა და სასამართლო მეცნიერებების ინსტიტუტის არქეოლოგმა — "მთლიანად შეთხზული ამბავია".
სექტემბერში მაუსანი ამტკიცებდა, რომ ესენი უცხოპლანეტელების ნიმუშები იყო და მათ დედამიწაზე არსებულ სიცოცხლესთან კავშირი არ ჰქონია. მან ისიც აღნიშნა, რომ სხეულები პერუში აღმოაჩინეს 2017 წელს და ისინი დაახლოებით 1 000 წლისაა.
///
მაუსანის მტკიცება მედიაში აქტიურად გაშუქდა. ექსპერტთა უმრავლესობამ იგი თაღლითობად მიიჩნია. ვარაუდობდნენ, რომ შეიძლებოდა, ნიმუშები ადამიანთა ძველი მუმიების გადაკეთებითა და ცხოველთა ნაწილების დამატებით შეექმნათ. ამჯერად უკვე სიმართლე გამოაშკარავებულია.
"ჩვენმა წარსულის კულტურებმა შექმნეს მაჩუ-პიქჩუ, ჩვენმა წარსულის კულტურებმა შექმნეს ნასკას ხაზები, ამისათვის არანაირი უცხოპლანეტელების დახმარება არ დასჭირვებიათ. ვინც ამას უჭერდა მხარს, ეკონომიკური ანდა რაიმე სხვა სახის ინტერესი ამოძრავებს", — განაცხადა ესტრადამ — "მეცნიერება წარმოვადგინეთ აქ და არა ფსევდომეცნიერება".
ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა სულაც არაა, როდესაც ჯეიმი მაუსანის მტკიცება გაქარწყლდა. მსგავსი განცხადებები მას 2017 წელსაც გაუკეთებია.
კომენტარები