მექსიკის კონგრესი UFO მოსმენას "უცხოპლანეტელების" სავარაუდო ნეშტების თანხლებით ატარებს — რა ხდება
შესაძლოა, მექსიკა პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც უცხოპლანეტელების არსებობას აღიარებს
მექსიკაში მოვლენები ძალიან საინტერესოდ ვითარდება და ეს განსაკუთრებით მათთვის, ვისაც უცხოპლანეტელების თემა აინტერესებს.
მექსიკელი კანონმდებლები მოხსენების მომსწრენი გახდნენ, რის მიხედვითაც "ჩვენ მარტონი არ ვართ". როგორც ეს წარმდგენებმა აღნიშნეს, საქმე "არამიწიერ ნარჩენებს" ეხება. ეს მექსიკაში კონგრესის პირველი ღონისძიება იყო, რომელზეც უცხოპლანეტელების შესახებ ისაუბრეს.
მოსმენაზე პოლიტიკოსებს ორი "არტეფაქტი" უჩვენეს. მექსიკელი ჟურნალისტისა და უცხოპლანეტელების დიდი ხნის მაძიებლის, ჯეიმე მაუსანის თქმით, ეს უცხოპლანეტელების ნიმუშებია.
მაუსანის თქმით, ეგზემპლარები დედამიწაზე არსებულ სიცოცხლესთან კავშირში არაა.
ორი პატარა "სხეული" ყუთებში იყო მოთავსებული. საინტერესოა, რომ სხეულს 3 თითი და წაგრძელებული თავი აქვს. მაუსანმა აღნიშნა, რომ სხეულები პერუში, 2017 წელს აღმოაჩინეს. მისი თქმით, ისინი დაახლოებით 1 000 წლისაა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ნარჩენები ადრეც "აღმოუჩენიათ", თუმცა მაშინ გაირკვა რომ საქმე მუმიფიცირებული ბავშვების სხეულთან გვქონდა.
მიუხედავად ამისა, მაუსანის თქმით, ასეთი სერიოზული მტკიცებულება გასაჯაროებული აქამდე არ ყოფილა.
"ეს აშკარა მტკიცებულებაა იმისა, რომ საქმე არაადამიანურ ინტელექტთან გვაქვს. ნარჩენები არამიწიერია და არ არის დედამიწის სიცოცხლესთან დაკავშირებული. ჩვენ ყველასთვის ღია ვართ. მეცნიერებს ნაშთების გამოკვლევა შეუძლიათ", — თქვა მაუსანმა.
ხოსე დე ჟესუს ზალჩე ბენიტესმა, მექსიკის ფლოტის სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორმა თქვა, რომ სხეულები კომპლექსურად გამოიკვლიეს.
"მე შემიძლია დავადასტურო, რომ ეს ორი სხეული ადამიანის არ არის", — აღნიშნა მან.
კონგრესმენმა, სერხიო გუტიერესმა, პრეზიდენტ ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორის პარტიიდან, თქვა, რომ ის ამ ყველაფერს სერიოზულად უყურებს.
ბოლო დროს მსგავსი თემატიკა სულ უფრო აქტუალური გახდა. 28 ივლისს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების, საზღვრისა და საგარეო საქმეთა პალატის ზედამხედველობის ქვეკომიტეტმა UFO-ს საკითხი სერიოზულად განიხილა. მოხსენებაზე სამი მოწმე დაკითხეს.
საჰაერო ძალების ყოფილმა მაიორმა, დევიდ გრუშმა თქვა, რომ აშშ-ის სამხედროებს დიდი ხანია ჩამოვარდნილი UAP-ის ნაშთები აქვთ. მეტიც, გრუშს მიაჩნია, რომ მთავრობა არამიწიერ სიცოცხლეზე ინფორმაციას 1930-იანი წლებიდან ფლობს.
ასევე: კონგრესი UFO-ზე — რა ვიცით და რა არ ვიცით
ამასთან, თვის დასაწყისში გავიგეთ, რომ პენტაგონმა UFO-სთან დაკავშირებით ახალი ვებსაიტი შექმნა. ის უშუალოდ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების (UFO) შესახებ იქნება. ვებსაიტის მიზანი UFO-ს შესახებ საზოგადოების მეტად ინფორმირებაა.
ასევე: პენტაგონმა UFO-სთან დაკავშირებით ახალი ვებსაიტი შექმნა
და რაც ასევე მნიშვნელოვანია, დღეს NASA ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ მიგნებებს გაგვიზიარებს.
კომენტარები