ამბორი მატრონა მოსკოველსა და სტალინს — ფოტორეპორტაჟი
დღეს, 2024 წლის 13 იანვარს, პრორუსი, ძალადობრივი და ჰომოფობიური კონსერვატიული მოძრაობის მიერ ორგანიზებული შეკრება გაიმართა საქართველოს პარლამენტის წინ.
- პრორუსი ლიდერებისგან ისმოდა მუქარა აქტივისტის, ნატა ფერაძის მიმართ, რომ "თუ სახელმწიფო არ მიხედავს, თავად მიხედავენ."
- ასევე, მოუწოდებდნენ ხელისუფლებას მისი სამართლებრივი პასუხისგებისკენ, რადგან აქტივისტმა საღებავი შეასხა სამებაში ხატს, რომელზეც სტალინი და მატრონა მოსკოველია გამოსახული.
- ძალადობრივი კონსერვატიული პარტიის ლიდერებთან ერთად, შეკრებილებს მიმართა პრორუსმა პოლიტიკოსმა, ირმა ინაშვილმა. იქ იყვნენ მისი პარტიის, პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერებიც.
- შეკრებას ასევე ესწრებოდნენ სასულიერო პირები
- და რეგიონებიდან მობილიზებული მხარდამჭერები.
შეკრებილთაგან ზოგს თან ჰქონდა ხატები.
მარშრუტი: პარლამენტი — პოლიციის სამმართველო — საპატრიარქო — სამება
აქცია დაიწყო 15:00-ზე.
პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საპოლიციო ძალები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
თვალშისაცემი იყო პოლიციის კორდონი უშუალოდ პარლამენტის შენობის წინ, სადაც მას შემდეგ, რაც 2023 წლის 14 დეკემბერს საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გახდა, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებია აღმართული.
სტრიქონებს შორის: შესაძლოა, შენობის წინ პოლიციის კორდონი უკავშირდებოდეს აქციის ორგანიზატორებისა და ზოგიერთი მხარდამჭერის გახშირებულ ქცევას, დაწვას, ან დააზიანოს ევროკავშირის დროშა: ასე მოიქცა ძალადობრივი კონსერვატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ზურა მახარაძე 2023 წლის 14 მარტს, როდესაც პარლამენტის შენობასთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნა და დაწვა მას შემდეგ, რაც მასობრივი პროდასავლური პროტესტი მმართველმა პარტია ქართულმა ოცნებამ ჯერ ორჯერ ძალის გამოყენებით დაარბია, შემდეგ კი რუსული კანონის მიღება ჩააგდო. ასევე, ზურა მახარაძემ და ირაკლი მარტინენკომ თბილისის მერიის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს 2023 წლის დეკემბერში.
პარლამენტთან პრორუსული ძალების ლიდერების სიტყვით გამოსვლის შემდეგ, შეკრებამ რუსთაველის გამზირზე პოლიციის სამმართველოსკენ გადაინაცვლა, სადაც ოფიციალურად შეიტანეს საჩივარი აქტივისტის, ნატა ფერაძის წინააღმდეგ.
სამმართველოდან ისინი წავიდნენ საქართველოს საპატრიარქოს შენობასთან.
მიულოცეს ახალი წელი მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს და სინანულით აღნიშნავდნენ, რომ "მატრონა მოსკოველის ხატის ინციდენტისა და სხვა მსგავსი მაგალითებით, სიბერეს უმწარებენ პატრიარქს".
პრორუსების მიერ ორგანიზებული შეკრების საბოლოო დანიშნულების ადგილი სამების საკათედრო ტაძარი იყო. ჯერ კიდევ პარლამენტთან ყოფნისას განაცხადეს, რომ იქ მივიდოდნენ, რათა "თაყვანი ეცათ" მატრონა მოსკოველის ხატისთვის, რომელზეც იოსებ სტალინიც არის გამოსახული.
ტაძარში, ხატზე მთხვეველთა მსურველების სიმრავლის გამო, რიგი დადგა.
ფოტო: მარიამ მერლანი / On.ge
ფოტო: მარიამ მერლანი / On.ge
როგორ იქცეოდნენ ძალადობრივი ჯგუფები მედიასთან
სწორედ ამ შეკრების ორგანიზატორების დაგეგმილია 2021 წლის 5 ივლისის ძალადობა მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენლის მიმართ. ნაცემთაგან ერთ-ერთი, ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, შემთხვევიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ხელისუფლებას დღემდე არ დაუსჯია 2021 წლის ამ აქციის ორგანიზატორები.
დღევანდელი აქციისას სატელევიზიო გადამღებ ჯგუფებს პოლიცია იცავდა, თუმცა, ტვ პირველის ჟურნალისტმა, ნანუკა ქაჯაიამ, გვითხრა, რომ შეკრების მონაწილეები აგრესიული რეპლიკებით მიმართავდნენ. დღევანდელ აქციაზე არ დაშავებულა მედიის არცერთი წარმომადგენელი.
კომენტარები