მეცნიერებს სურთ, ვულკანი გაბურღონ და მაგმამდე ჩააღწიონ
მეცნიერები ისლანდიაში ვულკანის გვერდითა ნაწილის გაბურღვას აპირებენ, რაც ისტორიაში პირველი ასეთი შემთხვევა იქნება. მათი მიზანი მიწისქვეშ მაგმის დინების შესწავლა და ვულკანების ამოფრქვევის მაპროვოცირებელი ფაქტორების გამოკვლევაა. ასევე, სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ ამ გზით ენერგიის თითქმის ულევ სუფთა წყარომდეც მივლენ.
ორგანიზაციას, რომელსაც ეს გეგმა ეკუთვნის, Krafla Magma Testbed ეწოდება. მისი სახელი ისლანდიაში მდებარე კრაბლის კალდერადან, ანუ ვულკანური ღრმულიდან მომდინარეობს, სადაც ზემოხსენებული სამუშაოები უნდა ჩატარდეს.
ისინი თავიანთ იდეას ტელესკოპთა წყების, პოლარული სადგურის, ნაწილაკთა ამაჩქარებლისა და წყალქვეშა ობსერვატორიის მსგავსად მიიჩნევენ, რადგან ისიც ნაკლებად ცნობილი გარემოს შესწავლას ემსახურება.
ეს კვლევა წინა მცდელობას ეფუძნება, როცა გეოთერმულ ენერგიაზე დასაკვირვებლად მაგმის რეზერვუართან ახლოს გათხრა გადაწყვიტეს, მაგრამ შემთხვევით ზედმეტად ღრმად ჩავიდნენ. შედეგად, 450°C-მა სიცხემ ხვრელი გაანადგურა, სამაგიეროდ ცხადი გახდა, რომ მაგმამდე ჩაღწევა ვულკანის ამოფრქვევას არ იწვევს.
ახლა სპეციალისტებს ყველაფრის თავიდან ცდა სურთ, რათა ისეთი ექსპერიმენტები ჩაატარონ, რომელთა განხორციელების საშუალებაც აქამდე არ ჰქონდათ. მაგალითად, დედამიწის ქერქს გაბურღავენ, მაგმის ნიმუშს აიღებენ და იქაური გარემოს ტემპერატურას პირდაპირ გაზომავენ.
რა თქმა უნდა, დიდია გამოწვევებიც. მათ შორისაა სათანადო საბურღი მოწყობილობებისა და სენსორების შექმნა, რომლებიც მაღალ წნევას, ტემპერატურასა და მჟავიანობას გაუძლებს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, გაბურღვის პროცესი 2026 წლისთვის დაიწყება, მეორე ხვრელი კი 2028 წლიდან გაკეთდება, რათა ძალიან ცხელი წყლით ტურბინები აამუშაონ.
კომენტარები