ახლომდებარე ეგზოპლანეტა შესაძლოა, წყლით მდიდარი იყოს
დედამიწისგან სულ რაღაც 50 სინათლის წლის მანძილზე მყარი ეგზოპლანეტა მდებარეობს, რომელიც პატარა ვარსკვლავის გარშემო სასიცოცხლო ზონაში გადაადგილდება. ახალი კვლევის თანახმად, შესაძლოა, იქ დიდი რაოდენობით თხევადი წყალი იყოს.
ეს ციური სხეული LHS 1140b-ა, რომელიც 2017 წელს აღმოაჩინეს. სპეციალისტთა მიერ ჩატარებულმა უკანასკნელი ანალიზის მიხედვით, აღნიშნული ობიექტი საკმარისად მკვრივი არაა, რომ მხოლოდ კლდოვანი მატერიისგან შედგებოდეს. ეს ნიშნავს, რომ მას ან მსუბუქი ელემენტებისგან (წყალბადი და ჰელიუმი) შემდგარი სქელი ატმოსფერო აქვს, ან დედამიწაზე მეტ წყალს შეიცავს. ამის გაგებაში, სავარაუდოდ, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი დაგვეხმარება.
მეცნიერები ამბობენ, რომ LHS 1140b საკვლევად საინტერესო ეგზოპლანეტაა, რადგან მნათობის ირგვლივ სიცოცხლისთვის თავსებად რეგიონში გადაადგილდება. თუ იქ წყალი მართლაც არის, ის, დიდი ალბათობით, თხევად მდგომარეობაში იქნება წარმოდგენილი, რაც თუნდაც მიკროორგანიზმების გასაჩენად ხელსაყრელ პირობებს ქმნის.
///
უნდა ითქვას, რომ აქამდე მზის სისტემის მიღმა 5500-ზე მეტი ეგზოპლანეტაა აღმოჩენილი, მაგრამ პოტენციურად სასიცოცხლო გარემოს მქონედ მათი ძალიან მცირე ნაწილი მიიჩნევა. ეს მახასიათებელი დიდწილად მათ ვარსკვლავზეა დამოკიდებული, რადგან ზოგიერთი მნათობი მზეზე პატარაა, მაგრამ ძალიან აქტიურია და სათანადო ზონაში არსებულ ციურ სხეულებსაც კი სიცოცხლისთვის არახელსაყრელ პირობებს უქმნის.
ამის შესაძლო მაგალითი მეცნიერებისთვის განსაკუთრებით საინტერესო სისტემა TRAPPIST-1-ა, რომელიც 7 მყარ პლანეტას შეიცავს და ჩვენთან უფრო ახლოსაა, ვიდრე LHS 1140. ვების ტელესკოპის მონაცემებით დადგინდა, რომ მათ შესაძლოა, ვარსკვლავის ხშირი და ძლიერი ამოფრქვევების გავლენით ატმოსფერო ან წყლის რესურსი საერთოდ არ ჰქონდეს.
ამ მხრივ LHS 1140 ნაკლებად აქტიურია. ის მზეს ზომითა და მასით დაახლოებით 20%-ით ჩამოუვარდება, მაგრამ ახლომდებარე სივრცეში საკმარის სითბოს გამოყოფს, რათა იქ წყალი თხევადი სახით შენარჩუნდეს. LHS 1140b საკუთარ ვარსკვლავთან დაახლოებით 4-ჯერ უფრო ახლოს მოძრაობს, ვიდრე მერკური მზესთან, მაგრამ დედამიწაზე ოდნავ ცივია.
სპეციალისტები ამბობენ, რომ TRAPPIST-1-ის შემდეგ LHS 1140 სიცოცხლის საძიებლად ყველაზე საინტერესო სისტემაა. მათ მიაჩნიათ, რომ ის ვების მსგავსი მძლავრი ტელესკოპებით დეტალურად უნდა შევისწავლოთ და კლიმატური მოდელების დახმარებით დავადგინოთ მის ნაკლებ სიმკვრივეზე ატმოსფეროა პასუხისმგებელი თუ წყალი.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები