ნახეთ: ვეშაპებმა წყლის ბუშტუკებით ფიბონაჩის სპირალი გამოსახეს
ოქროს კვეთაზე, ალბათ, ყველას სმენია. სწორედ მასზეა დაფუძნებული ოქროს სპირალი, რომლის ერთ-ერთი მიახლოებითი ვარიანტიც ფიბონაჩის სპირალია. ძნელი მისახვედრი არაა, რომ ეს სტრუქტურა ამ იტალიელი მათემატიკოსის მიერ შემუშავებულ მიმდევრობას ექვემდებარება, სადაც ყოველი მომდევნო რიცხვი წინა ორის ჯამია (0, 1, 1, 2, 3, 5, 8, 13, 21, 34, 55, 89, 144..).
ფიბონაჩის სპირალის მოხაზულობა კვადრატებად გაყოფილ მართკუთხედზეა გადანაწილებული და სპირალის ყოველი ბრუნისას გრძელ მხარეს ახალი კვადრატი ემატება.
ასეთი მათემატიკური თანაფარდობის მქონე ფორმები ბუნებაშიც გვხვდება (მათ შორის ცხოველებშიც და მცენარეებშიც), რისი მაგალითიც შთამბეჭდავი კადრებია, რომლებიც ფოტოგრაფმა პიტ ვან დე ბენდმა დრონის მეშვეობით გადაიღო. ის ანტარქტიდაზე გასაოცარი სანახაობის მომსწრე გახდა: ორმა კუზა ვეშაპმა საკვების მოპოვებისას წყლის ზედაპირზე ბუშტუკებით სწორედ ფიბონაჩის სპირალი გამოსახა.
თევზების მოხელთების ეს მეთოდი ძალიან საინტერესოა. ვეშაპები ამ დროს პოტენციური მსხვერპლის ქვემოთ ექცევიან და ბუშტუკებს უშვებენ, რათა ისინი წყლის ზედაპირთან ახლოს მოიმწყვდიონ, შემდეგ კი შეჭამონ.
აღნიშნული ქცევა საკმაოდ რთული მექანიზმის მქონეა და ვეშაპების მიერ ზუსტი დროის შერჩევას, კოორდინაციასა და კომუნიკაციას მოითხოვს. მსგავსი უნარი ცხადყოფს, როგორი გონიერი ცხოველები არიან ისინი, თანაც საკვების მოპოვების ეს ხერხი დასწავლადია, ანუ ვეშაპების ყველა პოპულაციაში არ ვლინდება.
ზემოხსენებულ პროცესს ვხედავთ დრონის მიერ აღბეჭდილ კადრებში:
ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ვეშაპების მიერ წარმოქმნილი ბუშტუკები ფიბონაჩის სპირალის სტრუქტურას ქმნის.
"ფიბონაჩის სპირალის ფორმის იდეალურად გამეორებამ ეს გასაოცარი გახადა. ამ მომენტს არასდროს დავივიწყებ", — აცხადებს პიტ ვან დე ბენდი.
კომენტარები