ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ურანის გასაოცარი სურათები გადაიღო, რომლებზეც მისი მკრთალი რგოლები და ბუნებრივი თანამგზავრებიცაა აღბეჭდილი.

კერძოდ მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიის ობიექტივში ამ ციური სხეულის 27 თანამგზავრი მოხვდა და, როგორც კადრებში ჩანს, ზოგიერთი მათგანი თავად რგოლებშია მოქცეული. იქიდან გამომდინარე, რომ ვები კოსმოსურ ობიექტებს არა ხილულ, არამედ ინფრაწითელ სპექტრში აკვირდება, მის მიერ მოპოვებულ გამოსახულებებში ურანი უბრალო მოცისფრო სფეროს სახით არაა წარმოდგენილი.

ფოტო: NASA, ESA, CSA, STScI

ახალ ფოტოებში მის ისეთ ატმოსფერულ მახასიათებლებს ვხედავთ, როგორიც ჩრდილოეთ პოლუსის სეზონური ყინულოვანი რეგიონია. იქ ბევრად მეტი დეტალი ფიქსირდება, ვიდრე ვების მიერ გასულ წელს ურანისთვის გადაღებულ სხვა სურათში. მათ შორისაა რამდენიმე კაშკაშა შტორმი, რომლებიც ამ ყინულოვანი არეალის სამხრეთ კიდესთან შეინიშნება.

///

მათი რაოდენობა და მდებარეობა, სავარაუდოდ, სეზონურ და მეტეოროლოგიურ ფაქტორებზეა დამოკიდებული. პოლარული ყინულოვანი რეგიონი ყველაზე მეტად მაშინ იკვეთება, როცა ურანის ჩრდილოეთ პოლუსი მზისკენ ბრუნდება და მისგან მეტ სინათლეს იღებს. ურანის მომდევნო მზებუდობა 2028 წელს იქნება, რაზე დაკვირვებაც ასტრონომებს იქ მიმდინარე ატმოსფერული ცვლილებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობას მისცემს.

ფოტო: NASA, ESA, CSA, STScI

ურანის დახრილობა დაახლოებით 98 გრადუსია, ამიტომ ამ პლანეტაზე მთელი მზის სისტემის მასშტაბით ყველაზე ექსტრემალური სეზონები გვხდება. ურანისეული 1 წლის დაახლოებით მეოთხედის განმავლობაში მზე ერთი პოლუსის თავზე ანათებს, მეორე კი სიბნელეშია — ზამთარში, რომელიც 21 წელს გრძელდება.

ეს ციური სხეული მრავალმხრივაა საინტერესო, ვების მონაცემები კი შესაძლოა, მის შესასწავლად სამომავლო მისიების დაგეგმვაში დაგვეხმაროს. ეს ინფორმაცია იმავე ზომის ეგზოპლანეტების შესახებ მეტის გაგების საშუალებასაც მოგვცემს, რის შედეგადაც მზის სისტემას უფრო ფართო კონტექსტში განვიხილავთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.