სატურნის თანამგზავრის ზედაპირზე ორგანული მოლეკულები იფრქვევა
სატურნის თანამგზავრი ენცელადი ასტრონომებისთვის ძალიან საინტერესო ობიექტია, რადგან მისი ყინულოვანი ზედაპირის ქვეშ უზარმაზარი ოკეანეა. ახალი კვლევის მიხედვით, ამ ციურ სხეულზე ორგანული მოლეკულები იმაზე უხვად გვხვდება, ვიდრე აქამდე ვვარაუდობდით.
ეს მეცნიერებმა ზონდ Cassini-ს მიერ მოპოვებული მონაცემების გაანალიზების შედეგად დაასკვნეს. მათ დაადგინეს, რომ ენცელადზე არსებული გეიზერებიდან სიღრმიდან ამომავალი მეთანოლი, ეთანი და მოლეკულური ჟანგბადი იფრქვევა. ეს მიანიშნებს, რომ მის ყინულქვეშა ოკეანეში შესაძლოა, ბიოქიმიური პროცესები მიმდინარეობდეს, რაც, პოტენციურად, მიკროორგანიზმებსაც მოიაზრებს.
///
"ქიმიური ფორმები, რომლებიც ამ კვლევით გამოვლინდა, მიუთითებს, რომ ეს ოკეანე, შესაძლოა, სიცოცხლის წარმოსაქმნელად საჭირო ნაერთების სინთეზირებისთვის აუცილებელ საშენ მასალას შეიცავდეს", — აცხადებენ სპეციალისტები.
Cassini-მ სატურნი და მისი თანამგზავრები 2004-2017 წლებში გამოიკვლია. ენცელადის შესახებ ჩვენს ხელთ არსებული მონაცემების უმეტესობა სწორედ ამ მისიის წყალობით მოგვეპოვება. მისმა მას-სპექტრომეტრმა ციური სხეულის ზედაპირზე ამოტყორცნილ ნაკადებში წყალი, ნახშირორჟანგი, მეთანი, ამიაკი და მოლეკულური წყალბადი აღმოაჩინა, მაგრამ ხელსაწყოს ზღვრული შესაძლებლობების გამო სხვა, ნაკლებად გავრცელებული, კომპონენტების სრული სურათი აქამდე არ გვქონდა.
ამ დაბრკოლების გადასალახად მეცნიერებმა სტატისტიკური მოდელი გამოიყენეს, რათა Cassini-ს სპექტრულ მონაცემებში არსებული სხვა ნაერთები გამოევლინათ. შედეგად, პირვანდელი ინფორმაცია დადასტურდა და ახალი ორგანული მოლეკულების იდენტიფიცირებაც მოხერხდა. მათ შორისაა ციანიტ-წყალბადის მჟავა, აცეტილენი და პროპილენი — ესაა პრებიოტული ნაერთები, რომლებიც სიცოცხლის ფორმირებას უწყობს ხელს.
რაც შეეხება ენცელადის ყინულქვეშა ოკეანეს, იქ თხევადი წყალი შიდა სითბოს მეშვეობით ნარჩუნდება, რომელიც სატურნთან გრავიტაციული ურთიერთქმედებისას წარმოიქმნება. მსგავსი ენერგია ფსკერზე არსებული ჰიდროთერმული არხებიდან თავისუფლდება და სიცოცხლისთვის თავსებად გარემოს აყალიბებს. მსგავსი რამ დედამიწაზეც ხდება.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ჯერჯერობით დანამდვილებით მაინც ვერ ვიტყვით, არის თუ არა სიცოცხლე ენცელადზე. ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.
კომენტარები