მეცნიერებმა შექმნეს მასალა, რომელიც სიმტკიცით ალმასს არ ჩამოუვარდება
ამ მასალის შექმნას მეცნიერები ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში წარუმატებლად ცდილობდნენ, თუმცა ამჯერად მისია შესრულებულია.
მეცნიერებმა მასალა შექმნეს, რომელიც სიმტკიცით არ ჩამოუვარდება ალმასს, დედამიწაზე ყველაზე მტკიცე ბუნებრივ მასალას. პრაქტიკაში ნივთიერება უამრავი მიზნით შეიძლება გამოვიყენოთ, კოსმოსური ხომალდების დაცვა იქნება ეს თუ მასალების ჭრა. კვლევის მიგნებები ჟურნალში Advanced Materials გამოქვეყნდა.
მკვლევრებმა ნახშირბადის ნიტრიდის, ნახშირბადისა და აზოტის შემცველი ორგანული ნახევარგამტარის, კონკრეტული ვარიაცია შექმნეს. იგი კუბურ ბორის ნიტრიდზე მტკიცეა — კრისტალურ ნაერთზე, რომელიც სიმტკიცის კუთხით მეორეა ალმასის შემდეგ.
ნახშირბადის ნიტრიდის ამ ვარიაციაში საინტერესოა ისიც, რომ თეორიული ფიზიკის მიმდევრებმა ჯერ კიდევ 1989 წელს ივარაუდეს, რომ ასეთი ნივთიერების არსებობა შესაძლებელი იყო და იგი სიმტკიცის კუთხით ალმასსაც გაუწევდა კონკურენციას. ამ მასალის შექმნას მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში წარუმატებლად ცდილობდნენ, თუმცა ამჯერად მისია შესრულებულია.
"როცა ნახშირბადის ნიტრიდის პირველი ეს ახალი მასალები აღმოვაჩინეთ, ვერ ვიჯერებდით, რომ ისეთი მასალები დავამზადეთ, რომელთა შექმნასაც მეცნიერები ბოლო სამი ათწლეული ცდილობდნენ", — განაცხადა დომინიკ ლანიელმა, ედინბურგის უნივერსიტეტის ფიზიკოსმა და კვლევის მთავარმა ავტორმა —"ეს მასალები იმის დიდ სტიმულს იძლევა, რომ მაღალი წნევით მასალების სინთეზი და მრეწველობაში პრაქტიკული გამოყენება ერთმანეთს დავუკავშიროთ".
როგორც ბრილიანტების შემთხვევაში ხდება ხოლმე, მეცნიერებმა ნახშირბადის ნიტრიდიც უაღრესად დიდი წნევისა და ტემპერატურის გამოყენებით დაამზადეს. ნორმალურ ატმოსფერულ წნევასა და ოთახის ტემპერატურაზე მასალამ ჩვეულებრივად შეინარჩუნა ექსტრემალური გამძლეობა.
///
მკვლევრების აზრით, შესაძლებელია, რომ ამ ტიპის ნახშირბადის ნიტრიდი მასშტაბურად ვაწარმოოთ. მასალა შეიძლება გამოვიყენოთ როგორც საჭრელი თუ ბურღვისათვის განკუთვნილი ინსტრუმენტებისთვის, ასევე კოსმოსური ხომალდებისა და სხვადასხვა ავტოსატრანსპორტო საშუალების დასაცავად.
ასევე იხილეთ: მეცნიერებმა უმტკიცესი შუშისებრი მასალა შექმნეს, რომელიც გამძლეობით ალმასს არ ჩამოუვარდება
ალმასებსა თუ ბრილიანტებს უამრავ სფეროში იყენებენ აქტიურად, მასალების ჭრა იქნება ეს თუ საიუველირო ნაკეთობების დამზადება. მიუხედავად ამისა, მეცნიერები რახანია ცდილობენ უფრო მტკიცე მასალის შექმნას/აღმოჩენას. ეს ქიმიის დარგში საკმაოდ დიდი გამოწვევაა, რომლის დაძლევაც არაერთ ახალ შესაძლებლობას მოიტანს.
კომენტარები